ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს


ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

ახალმა ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა შორის მართლაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს.

დავუბრუნდეთ მოვლენებს წლის დასაწყისში. კაიროში თაჰრირის მოედანზე შეკრებულმა ეგვიპტელებმა დემოკრატიული გარდაქმნების მოთხოვნა ხმამაღლა გამოხატეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგად ავტოკრატი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის, თითქმის 30 წლიანი მმართველობის ხანას ბოლო მოეღო.

„ ამერიკის ხმა“ ფილიპ ლუთერს ესაუბრა, ის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია ორგანიზაციაში „საერთაშორისო ამნისტია“ . ბატონი ლუთერი ამბობს, რომ ეგვიპტის და ტუნისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა სამყაროს თუ რა ძალა აქვს სახელმწიფოს უბრალო მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, თუკი ისინი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდებიან.

„დემონსტრანტები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, საზოგადოების სრულიად განსხვავებულ კლასებს წარმოადგენდნენ. მათ შორის ძალიან ბევრი ყველაზე შევიწროებული, დაბალი სოციალური ფენიდან იყო. უამრავი ქალი გამოვიდა ქუჩაში, ხალხი იქ თითქმის ყველა უმცირესობათა ჯგუფს თუ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა“ - აღნიშნა მან.

ეგვიპტის და ტუნისის ამბოხებებმა კატალიზატორის როლი ითამაშა და რეგიონის მრავალ ქვეყანაში მსგავსი მოვლენების განვითარების პროვოცირება გამოიწვია. თუმცა შედეგი ყველგან ერთნაირი არ გახლდათ. ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი ძალაუფლებას თავისი ქვეყნის მოქალაქეების სისხლის ფასად ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მსოფლიო საზოგადოებრიობის უშუალო ჩართვის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევების მიუხედავად, კადაფი ბრძოლას აგრძელებს.

ჩინეთში ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა ხელისუფლების მხრიდან დასაწყისშივე იხშობა.

თავანდა ჰონდორა ორგანიზაციიდან „საერთაშორისო ამნისტია“ ამბობს, რომ მსგავსი სიტუაციაა აფრიკის კიდევ მრავალ ქვეყანაში.

„შეხედეთ სიტუაციას უგანდაში. ოპოზიცია იქაც პრო-დემოკრატიულ დემონსტრაციებს აწყობს, მაგრამ - უშედეგოდ. პრეზიდენტმა მუსევანმა მაინც გაიმარჯვა და ქვეყანას უკვე მესამე ათეული წელიწადია მართავს. იგივე ხდება ზიმბაბვეში და სვაზილენდში. იქაც დემონსტრანტებმა ხელისუფლებასთან ვერაფერი გააწყვეს“ - აღნიშნავს ბატონი ჰონდორა.

გასული წლის ნოემბერში სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სერიოზულ ძალადობას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძალიან უხეში შეცდომები დაუშვეს. ნიგერიაში კი არჩევნებზე ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირებების გამო სულ რაღაც ერთი თვის წინ 500-მდე ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ გასული წლის წარმატებებს შორის აუნგ სან სუ ჩი-ს გათავისუფლებასაც მოიხსენიებს. ნობელის პრემიის ლაურიატმა ბოლო 15 წელიწადი ბირმაში შინაპატიმრობაში გაატარა. თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი იხდის სასჯელს. ფილიპ ლუთერის თქმით, გამოსავალი ისევ და ისევ სიტყვის თავისუფლებაშია.

„ამაზე სწორი სიგნალი, რაც წელს ახლო აღმოსავლეთმა და ჩრდილო აფრიკამ მოგვცა, არ არსებობს. ხალხის მთავარი მოთხოვნა ხომ სიტყვის თავისუფლება იყო. გამოხატვის თავისუფლება ის ქვაკუთხედია, რომელშიც ყველა სხვა თავისუფლება იყრის თავს და რომლის არსებობის შემთხვევაში ადამიანს ეძლევა საშუალება ყველა სხვა დანარჩენი თავისუფლება ხმამაღლა მოითხოვოს“, აღნიშნავს ის.

იქ, სადაც სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემენ, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებიც ხორციელდება და პოლიტიკური რევოლუციებიც რეალურია.

XS
SM
MD
LG