ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუსჯელობა, პოლიტიკური მოტივაცია, სასამართლო რეფორმა - პრობლემები "საერთაშორისო ამნისტიის" ანგარიშში


ირაკლი გედენიძის ფოტო, "როიტერი"

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემა გაუარესდა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები კი ამ ტენდენციის მხრივ გამონაკლისი განმდვილად არ ყოფილა. ბევრ ქვეყანაში გამოხატვის, თავისუფალი დ ამშვიდობიანი შეკრების უფლებები გამუდმებით იზღუდებოდა, ეკონომიკური და სოციალური უფლებები უგულვებელყოფილი იყო და ა.შ.

საქართველოს ნაწილში 2019 წლის ივნისში და ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. ასევე - დაუსრულებელ და უშედეგო გამოძიებებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შესაძლო დარღვევების ფაქტებზე მაშინ, როდესაც არსებობს შეშფოთება პოლიტიკური დევნის შესახებ:

„სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა დაღვევების შესაძლო ჩადენის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებები შედეგის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც საპროკურორო და საგამოძიებო ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო შემცირდა. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ შიშები გამოითქვა. დემონსტრაციის დაშლისას დედაქალაქ თბილისში პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც დემონსტრანტთა ნაწილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ხელისუფლებამ საქართველოში დაგეგმილ პირველ პრაიდს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. რუსეთმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ტერიტორიებმა გააგრძელეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დანარჩენ საქართველოსთან, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე უარყოფითად აისახა“, - ვკითხულობთ საქართველოში გასულ წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიშში საუბარია ივნისში ე.წ. „გავრილოვის ღამის“, ხელისუფლების მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების, მერე კი ამ დაპირების შეუსრულებლობის, ჩაშლილი რეფორმის და ამით დამატებით გამოწვეული ანტისამთავრობო პროტესტის შესახებ. ამასთან ხაზგასმულია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემები და ის, რომ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლეთა „ძველმა გვარდიამ“ მათი მხარდამჭერების მოსამართლეებად დანიშვნითა და დამოუკიდებელი მოსამართლეებისათვის სასამართლოში საქმიანობის გაგრძელების ხელის შეშლით რეფორმირებული სასამართლო სისტემა ხელში ჩაიგდო.“

საერთაშორისო ორგანიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასული წლის განმალობაში (EUMM) აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შესვლის აკრძალვას აგძელებდნენ. ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ EUMM-ის დამკვირვებლები, როდესაც ისინი გამყოფ ხაზზე პარტულირებდნენ, მოკლე დროით დააკავა.

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებსა და ამ შემთხვევების არასათანადო გამოძიებასა და დაუსჯელობას. აღნიშნულია, რომ იმ ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის - კონტროლი, რომელსაც სახელმწიფო ორგანოთა თანამშრომლების მიერ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულების, მათ შორის წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძება ევალება, კვლავ პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშაა.

ასევე აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიების დაუსრულებლობა, ოჯახისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების გარეშე მიმდინარე პროცესი, მასალებზე შეზღუდული წვდომა, დავით სარალიძის საქმე და საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა.

„წუხილები მედიის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით საქმეებზე რომლებიც საზოგადოების, მათ შორის ოპოზიციური მედიის მიერ, მთავრობის კრიტიკოსთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აღიქმებოდა, შენარჩუნდა", - ვკითხულობთ მედიის თავისუფლების ნაწილში, სადაც საუბარია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის და სხვა ბრალდებების თაობაზე, ასევე მამუკა ხაზარაძისა და "ტელეკომპანია პირველის" საქმეებზე.

20 ივნისის ღამის მოვლენების შეფასებისას ნათქვამია, რომ პოლიციამ "არაპროპორციული და განურჩეველი ძალა იხმარა... ვიდეო ჩანაწერებმა და თვითმხილველთა ჩვენებებმა აჩვენა, რომ პოლიცია განურჩევლად ესროდა დემონსტრანტთა მასას და მცირე ძალადობრივ დემონსტრანტებს დანარჩენი მშვიდობიანი უმრავლესობისგან არ ანსხვავებდა. დაშლისას დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი ფიზიკურად დაზიანდა. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის და საჯარო წესრიგის დარღვევისთვის 100 მონაწილეზე მეტი დააკავეს. ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება დაიწყო და 17 დემონსტრანტს, მათ შორის პარლამენტის წევრს ოპოზიციიდან, არეულობის ორგანიზებასა ან მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. ამას გარდა ოთხ პოლიციელს ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის ბრალი წაეყენა".

ანგარიშში ასევე არის ნათქვამი, რომ ხელისუფლება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებებს სათანადოდ არ იცავდა.

"სახელმწიფომ უარი თქვა, დაეცვა პირველი "პრაიდი" საქართველოში, რომელიც თბილისში ივნისში იგეგმებოდა და პრაიდის ხელმძღვანელებს მსვლელობის გაუქმებისკენ მოუწოდა, იმ მიზეზით, რომ პოლიცია მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. "

"საერთაშორისო ამნისტია" ქვეყანაში შრომითი პირობების დარღვევის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამ პირობების არასაკმარისი მონიტორინგისა და შესაბამისი სტანდარტების აღსრულების პრობლემაზე საუბრობს მაშინ, როდესაც გასულ წელს, სამსახურეობრივი სიკვდილიანობის ათზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით მაღაროებსა და სამშენებლო ინდუსტრიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG