ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა საფრთხეს უქმნის პანდემია დემოკრატიას?


კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს გარშემო ბევრ მთავრობას მისცა შესაძლებლობა ჯანდაცვის კრიზისი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, იქნება ეს ოპონენტების წინააღმდეგ გალაშქრება თუ კრიტიკული მედიის შევიწროვება. კორონავირუსი ბევრი ლიდერისთვის გახდა ცენზურის გაზრდის თუ არჩევნების გადადების საბაბი.

ცოტა ხნის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც განუსაზღვრელი ვადით დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საკუთარ თავს კანონების მიღების და გაუქმების უფლება მისცა. ორბანმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ შემთხვევაში პატიმრობას ითვალისწინებს.

“[უნგრეთის] მთავრობა ამბობს, რომ მისი მიზანი კორონავირუსთან ბრძოლაა, თუმცა უკვე ვიხილეთ მოწოდებები, რომელიც მიუთითებს ამ კრიზისული ზომების ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნისთვის გამოყენებაზე... ფაქტი, რომ მთავრობას შეუძლია ახლა უკვე ბრძანებით, საპარლამენტო პროცესის გვერდის ავლით მართოს ქვეყანა, თავისთავად გასაოცარია“, - ამბობს დელიბორ როჰაკი, „ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტიდან“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი არაა, ვინც საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა.

„პრობლემა უნგრეთს სცდება. პოლონეთში, რომელიც უკვე დიდი ხანია, [უნგრეთის] ტრაექტორიას ადგას, ვხედავთ, რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მაინც გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება არ აქვთ. ეს კი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევს ხელს“, - ამბობს როჰაკი.

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის მსგავსად, მეტი ძალაუფლების მოპოვების სურვილიც გადამდებია. აზერბაიჯანმა, პანდემიის დასაწყისში ოპოზიციის ოფისები დახურა. საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვამ კი ბევრ მმართველს საპროტესტო ტალღის შეჩერების საშუალება მისცა.

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ მთავრობებს მოუწოდებს, პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, დაიცვან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

„მთავრობის პასუხი ბევრ ქვეყანაში პრობლემურია. ისინი თავდაცვით პოზიციაში არიან. ნებისმიერი კრიტიკა იმაზე, რომ არ არის საკმარისი აღჭურვილობა ან რომ კარანტინის ზომები სწორად არ ტარდება და სხვა მსგავს საკითხებზე, საფრთხედ აღიქმება. მათ სურთ დისკურსი და დებატები აკონტროლონ. ვხედავთ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ახალ კანონებს, რასაც კრიტიკის ცენზურისთვის იყენებენ“, - ამბობს მარკ ბერენტი, „ფრიდომ ჰაუსის“ ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი.

ნებისმიერი კრიტიკა, რომ არ არის საკმარისი აღჭურვილობა ან რომ კარანტინის ზომები სწორად არ ტარდება, საფრთხედ აღიქმება.
მარკ ბერენტი

ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი თუ სერბეთი მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებულმა ზომებმა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების გარშემო ბევრი შეაშფოთა.

„ბევრგან ვხედავთ, მთავრობების მიერ კრიტიკოსების გასაჩუმებლად, სიტუაციის გამოყენებას. ეს მთავრობები, ვსაუბრობ ავტორიტარულ ან ნახევრად თავისუფალ ქვეყნებზე, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანი ცდილობენ საჯარო შეკრების შეზღუდვას და ახლა მათ გამამართლებელი მიზეზი აქვთ. ჩვენ გვესმის, რომ ხალხის ერთად თავშეყრის და შეხვედრების შეზღუდვა საზოგადოებრივ ინტერესშია, თუმცა „ფრიდომ ჰაუსის“ პრინციპების მიხედვით, ეს ზომები უნდა იყოს რაციონალური, შეზღუდული და ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“, - თქვა ბერენტმა.

კოვიდ-19-ის პირობებში, კრიტიკული შეკითხვების ან გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გამო, განსაკუთრებული თავდასხმის ქვეშ ჟურნალისტები მოექცნენ.

„დამოუკიდებელი დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტური ასოციაციები საუბრობენ იმაზე, რომ პრესის თავისუფლება იზღუდება“ - ამბობს „ამერიკის ხმის“ სერბეთის ბიუროს ჟურნალისტი იოვანა ჯუროვიჩი. „[სერბეთში] ერთი ჟურნალისტი დააკავეს. მას პანიკის და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სდებდნენ ბრალად. ის მეორე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა ეს იყო მინიშნება ყველა ჟურნალისტისთვის, რომ შეიძლება ციხეში მოხვდე თუ რაიმე კრიტიკულს დაწერ“, - ამბობს ის.

სერბეთის გარდა, მსგავს სვლებს ვხვდებით სხვა ქვეყნებშიც. რუსეთში რამდენიმე გამოცემას მოუწია მოეხსნა ცნობები, რომ პანდემიის მასშტაბი უფრო დიდია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა ამბობს. რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ექიმი, რომელიც პანდემიის წინააღდეგ მთავრობის პასუხს აკრიტიკებდა. სომხეთში, ჟურნალისტები და აქტივისტები გამოთქვამენ პროტესტს იმის გამო, რომ პოლიცია მათგან სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტების თუ სტატიების აღებას ითხოვს.

იდეა, რომ ჟურნალისტის მოვალეობა, მთავრობის ოფიციალური პირების კარგი საქმეების გაშუქებაა, დემოკრატიულ სახელმწიფოში ჟურნალისტის როლისგან შორსაა. კრიტიკა ახლა განსაკუთრებით საჭიროა.
მარკ ბერენტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უფრო მკაცრად აკონტროლებენ ასევე მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც პრესის თავისუფლება პანდემიამდეც შეზღუდული იყო. ბელორუსში, კორონავირუსზე მთავრობის პასუხის კრიტიკის გამო, ერთ-ერთი გამოცემის მთავარი რედაქტორი დააკავეს. მთავრობის ტაქტიკა მსგავსია ასევე თურქეთშიც. ანკარამ 140 ადამიანი დააკავა „პროვოკაციული“ პოსტების გამო.

„მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანი, მათ შორის საქართველოშიც, შესანიშნავ საქმეებს აკეთებს. ისინი საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებენ და რა თქმა უნდა, არსებობს სურვილი, რომ ჟურნალისტებმა ეს აღნიშნონ... თუმცა ამავდროულად ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა იყვნენ კრიტიკულები. იდეა, რომ ჟურნალისტის მოვალეობა მთავრობის ოფიციალური პირების კარგი საქმეები გაშუქებაა, დემოკრატიულ სახელმწიფოში ჟურნალისტის როლისგან შორსაა. კრიტიკა ახლა განსაკუთრებით საჭიროა. საგანგებო მდგომარეობაში ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი როლი უნდა ითამაშონ, რომელიც გულისხმობს იყო კრიტიკული და მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია, რათა მათ გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

თუ გსურს, რომ ხალხი სოციალური იზოლაციის განსაკუთრებული ზომების დაცვაზე დაიყოლიო, საჭიროა დამაჯერებელი იყო, ძლიერი არგუმენტები და ნდობა გქონდეს“, - ამბობს ბერენტი.

სხვა კრიზისების, ომების თუ კონფლიქტების მსგავსად, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში ბევრი ლიდერის რეიტინგის ზრდა და მოსახლეობის დროშის გარშემო გაერთიანება მოჰყვა. თუმცა მიმომხილველები ამბობენ, რომ ცალკეული ლიდერების პოპულარობის მომენტი შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს, განსაკუთრებით, მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG