ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იქნება მოსკოვის შემდეგი პროვოკაცია?


ამერიკელი ექსპერტები საქართველოს მხრიდან სოჭის ოლიმპიადის სავარაუდო ბოიკოტირების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ

საქართველოში სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე მსჯელობა გრძელდება. რამდენიმე სხვა, შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მოსკოვმა ოლიმპიური ცეცხლის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის გმირი მფრინავი, ივან ნეჩაევი შეარჩია. ამ ფაქტმა საქართველოს ახალი მთავრობაც კი აიძულა საგანგებო განცხადება გაეკეთებინა, მთავრობა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს პროვოკაციებზე არ წამოეგოს და მეზობელ ქვეყანასთან უაღრესად გართულებული ურთიერთობი ოდნავ მაინც დაარეგულიროს. თბილისმა განაცხადა, რომ თუკი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას „პოლიტიკური მიზნებისთვის“ იყენებს, მაშინ გადაწყვეტილებაც „შესაბამისი“ იქნება.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:57 0:00
ბმული
„ეს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არ ვთვლი, რომ გადაწყვეტილების მიღება იოლი საქმე იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ცივი ომის პერიოდში უკვე გამოვლილი აქვს, როცა ავღანეთის ანექსიის გამო, ამერიკამ მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. ამას 1984 წელს რუსეთის მხრიდანაც საპასუხო ბოიკოტი მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება დღემდე წინააღმდეგობრივად ითვლება“ - ამბობს რიჩარდ ვეითზი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი.

ჯოშუა უოკერი, „აპკოს“ გლობალური პროგრამების დირექტორი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი იყო, აღნიშნავს, რომ მართალია, განსხვავებული მიზეზით -გეების უფლებების დაცვის საკითხის გამო, მაგრამ ამერიკის მონაწილეობაც სოჭის ოლიმპიადაში, დღეს დებატების საგანს წარმოადგენს. თუმცა, უოკერის თქმით, ის ყოველთვის უფრო მეტი ჩართულობის მომხრეა და პრეზიდენტ კარტერის გადაწყვეტილებას 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ არასწორად მიიჩნევს.

„დიახ, არასასიამოვნო იქნება ის, რომ რუსები სოჭის ოლიმპიადას საკუთარი იმპერიული სიდიადის წარმოსაჩენად გამოიყენებენ, რომელშიც ის სამწუხაროდ, საქართველოს და ზოგიერთ სხვა მეზობელ ქვეყანასაც მოიაზრებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოიკოტი მაინც არ მიმაჩნია სწორ სტრატეგიად. ის ხელიდან აცლის საქართველოს შანსს იყოს იქ, წარმოაჩინოს საკუთარი სპორტსმენები, როგორც ამაყი ქვეყნის შვილები, შეახსენოს მთელ მსოფლიოს, რომ ის არსებობს. საქართველოს, როგორც ძალიან პატარა ქვეყანას ხშირად არ ეძლევა შანსი, საკუთარი ხმა მიაწვდინოს სამყაროს“ - ამბობს ჯოშუა უოკერი.

მის აზრს იზიარებს მაიკლ რუბინიც, ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი. სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ისიც არასწორ გადაწყვეტილებად თვლის და კიდევ უფრო რადიკალური ქმედების მომხრეა:

ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია რუსეთის პირისპირ, თავისივე ტერიტორიაზე საკუთარი გზავნილი ყველას უკეთ გაგებინოს და გაცილებით ეფექტური იყოს. პირიქით, იქ ტრიბუნა უნდა გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ ყველამ უკეთ გაიგოს, თუ რა ხდება საქართველოში და არ მიეცეს რუსულ პროპაგანდას იმის საშუალება, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება გააგრძელოს“.

საპირისპირო აზრისაა გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი. მისი თქმით, უდაოდ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა, მაგრამ რუსეთის საპასუხო რეაქციაა დამამცირებელი. მოსკოვი ცდილობს სპორტული ასპარეზობაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების და ამბიციების დემონსტრირებისთვის გამოიყენოს. ამიტომ გლენ ჰოვარდი უფრო ოლიმპიადის ბოიკოტირების გადაწყვეტილებისკენ იხრება.

„რუსეთი და პუტინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადის საშუალებით ყველას, მთელ მსოფლიოს შეურაცხყოფა მიაყენონ, გეების საკითხი იქნება ეს, საქართველოს პრობლემები თუ სხვა. ასეთ ოლიმპიადას არასოდეს მოვსწრებივარ“ - ამბობს გლენ ჰოვარდი. მისი თქმით, თბილისის მხრიდან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული არცერთი ნაბიჯი საპასუხო ინიციატივით არ დასრულებულა. „ეს ძალიან დამამცირებელია. ქართველი არ ვარ, მაგრამ მაინც, ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ამ ფაქტს“- ამბობს ჰოვარდი.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თავს როგორც ჩანს, მართლაც შეურაცხყოფილად გრძნობს. ინტერნეტით გავრცელებულ ბოიკოტირების პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს მოქალაქეთა მიმართვა მთავრობას და ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. „მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში“ - ნათქვამია პეტიციაში, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ბოიკოტირება იქნება საქართველოს მხრიდან გზავნილი, რომ ქვეყნის მთავრობა არასოდეს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას. ინტერნეტზე გავრცელებულ პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობა დღეისათვის თითქმის 10 ათასს აღწევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ბოლო ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართულ მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ამ საქმეში აჩქარებას მიზანშეწონილად არ თვლის. „არაფერს შეურაცხმყოფელს ჩვენს ქვეყანას არ ვაკადრებთ და ჩვენ მოვიქცევით ღირსეულად“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. თან დასძენს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იმპულსურ ქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევს და თუ საჭირო გახდა და გაჩნდა იმის განცდა, რომ ქვეყნის მონაწილეობა შეურაცხმყოფელი იქნება, საქართველო უარს იტყვის ოლიმპიადაში ასპარეზობაზე. უარის თქმაზე მარტივი არაფერია, აცხადებს ქვეყნის პრემიერი.

კარგია, რომ საქართველოს მთავრობა შეყოვნდა, ცოტა უკან დაიხია და ამბობს, რომ ჯერ კიდევ შეხედავს და დააკვირდება მოვლენების განვითარებას, ამბობს გლენ ჰოვარდი. ვინაიდან, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისთვის გარკვეული რისკების შემცველი იქნება. თუკი მთავრობა ბოიკოტზე წავა, რუსეთი საქართველოს სპორტული ასპარეზობის პოლიტიზირებას დასწამებს. თუ ქართველი სპორტსმენები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და ოლიმპიური სიმბოლოებით და ჰიმნით გავლენ შეჯიბრებაზე, ამასაც რუსეთი საქართველოს დასაცინად გამოიყენებს და თავის მძლავრ პროპაგანდისტულ მანქანას აამუშავებს. ჰოვარდის თქმით, თუკი საქართველოს მთავრობა მიყვება პირვანდელ გადაწყვეტილებას, არ მოახდენს სოჭის ოლიმპიადის პოლიტიზირებას და ყველაფრის მიუხედავად, მონაწილეობას მიიღებს ასპარეზობაში, მაშინ უნდა დავფიქრდეთ შემდეგზე: რუსეთის საპასუხო ქმედებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი რუსი სამხედრო პილოტისთვის საპატიო ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ფაქტის ფონზე, რა იქნება შემდეგი პროვოკაცია?

„საფიქრებელია, რას უმზადებს მოსკოვი საქართველოს, თუკი ისევ შეეცდება მის პროვოცირებას? აიძულებს თუ არა რუსეთი ქართველებს აფხაზების, ან სამხრეთ ოსეთის უკან მარშირებას? შეეცდებიან თუ არა იქაც დასცინონ ქართველ ერს? მოამზადებენ თუ არა რაიმე სხვა ხასიათის პუბლიკაციას, რომ ქართველი სპორტსმენების პროვოცირება მოხდეს? - კითხულობს ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი.

რიჩარდ ვეითზს კი მიაჩნია, რომ საქართველომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც უფრო შორეულ პერსპექტივაზე გათვლით უნდა მიიღოს და მთავარი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი უნდა გახდეს.

„იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვირჩევნია რუსეთს და საქართველოს შორის შერიგება მოხდეს. რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას გულისხმობს. ქართველი პოლიტიკოსი რომ ვიყო, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უწევს, პირველ რიგში დავფიქრდებოდი იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანდა ჩემი გადაწყვეტილება: ოლიმპიური თამაშების გაცდენის შემთხვევაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში მეტი პროგრესი მექნებოდა, თუ ნაკლები?“ - ამბობს მკვლევარი.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG