ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური მავთულხლართები


არის თუ არა ღირსების საკითხი საქართველოს მონაწილეობა სოჭში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში? გამიჯნულია თუ არა სპორტი პოლიტიკისგან?

პეტიციას, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა, უკვე ცხრა ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ლევან ყიფიანს და სთხოვენ შეცვალონ გადაწყვეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების თაობაზე. https://docs.google.com/forms/d/1XfLMbXFLkJpwqpmBL8CX9tkqOVO6mj1WG38g0DNWKgg/viewform

მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას. ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო შეურაცხყოფას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომის .. გმირი აანთებს ოლიმპიურ ჩირაღდანს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე,“- ნათქვამია პეტიციაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მხრიდან ამ დროისთვის ოთხი სპორტსმენი ემზადება, მათ შორისაა მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ჩვენთან საუბრისას არ დაადასტურა ინფორმაცია ოლიმპიადაში მონაწილეობაზე მისი უარის თაობაზე და დასძინა, რომ ამ ოთხეულს, შესაძლოა კიდევ ორი სპორტსმენიც დაემატოს. ყველა მათგანი ამჟამად მომზადების კურსს საზღვარგარეთ გადის იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადაზე სპორტის ზამთრის სახეობებია წარმოდგენილი.
ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე საზოგადოების პროტესტი გაზარდა იმ ფაქტორმაც, რომ ოლიმპიური კომიტეტის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, როგორც მონაწილე ქვეყნების თაობაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანას ოლიმპიური კომიტეტის წევრის სტატუსი უნდა გააჩნდეს, რასაც ზემოთხსენებულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს გაუგებრობაა, რის თაობაზეც ოლიმპიური კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკუთარი ინიციატივით დარეკა თბილისში.

„წერილები გავგზავნეთ, ასევე განცხადებით მივმართეთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ამ დღეებში გარკვეული შედეგები გვექნება, რასაც ყველა ერთად გავიგებთ. ამ დრომდე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილები არიან ერთიან სისტემაში, ელექტრონულ ბაზაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი თომას ბახი უახლოეს დღეებში პირადად დაუკავშირდება სოჭის საორგანიზაციო კომიტეტს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგეს და ქარტიის და საერთაშორისო ოლიმპიური წესების ნორმებს დაუბრუნდეს“,- ამბობს ელგუჯა ბერიშვილი.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება-არ მიღების საკითხის შესახებ ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციებს ემხრობიან ხელისუფლება და ოპოზიცია. უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ხელისუფლება არამართებულად ციტირებს დასავლელი პარტნიორების მოსაზრებებს ამ საკითხზე.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოლიმპიადის გამართვამდე ჯერ ოთხი თვეა, რა დროშიც შესაძლოა გადაწყვეტილებებმა სახე იცვალოს. ოლიმპიადა სოჭში 2014 წლის 7 თებერვალს აიღებს სტარტს.
XS
SM
MD
LG