ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი: ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის შესაძლო პასუხია


გუგუტიანთკარი კიდევ ერთი ქართული სოფელია, სადაც უკვე ორ კვირაზე მეტია მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღა დაიწყო. რუსეთის საოკუპაციო ძალების წამომადგენლებმა ე.წ საზღვრის გაყვანა 7 აგვისტოდან დაიწყეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები.

ბორდერიზაციის პროცესი უკვე 10 წელია მიმდინარეობს, რაც იმას გულისხმობს, რომ რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე ბოძებს არჭობენ და ღობეებს, მავთულხლართებს ან სხვა სახის ბარიერებს აგებენ. ბორდერიზაციის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოსავე მოქალაქეები კარგავენ სახლებს, მიწის ნაკვეთებს, ფერმებს, წვდომას ოჯახის წევრების საფლავებზე. საკუთარ ქვეყანაში ისინი იძულებით გადაადგილებული პირები ხდებიან.

ვფიქრობ, რომ ბორდერიზაციის გააქტიურება, შესაძლოა იყოს იმ რუსული რეაქციის ნაწილი, რომელიც თბილისში, ივნისში მოხდა. რა თქმა უნდა, რუსები უკმაყოფილოები არიან იმ ანტი-რუსული დემონსტრაციებით, რომლებიც თბილისში მიმდინარეობს. ფრენების აკრძალვაც ამის ნაწილი იყო.
კენეტ იალოვიცი

ამ პროცესს, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები კენეტ იალოვიცი და უილიამ კორნტი მუდმივად აკვირდებოდნენ. „ამერიკის ხმასთან“ მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად საქართველოში.

კენეტ იალოვიცი თვლის, რომ გუგუტიანთკარში დაწყებული ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევა რუსეთის რეაქციის ნაწილია 20 ივნისის მოვლენებზე: „ვფიქრობ, რომ ბორდერიზაციის გააქტიურება, შესაძლოა იყოს იმ რუსული რეაქციის ნაწილი, რომელიც თბილისში, ივნისში მოხდა. რა თქმა უნდა, რუსები უკმაყოფილოები არიან იმ ანტი-რუსული დემონსტრაციებით, რომლებიც თბილისში მიმდინარეობს. ფრენების აკრძალვაც ამის ნაწილი იყო. ყველაფერი იმის საჩვენებლად კეთება, რომ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობა, გააკეთონ რაც სურთ და როცა სურთ. ასევე, იმის დემონსტრირებისთვისაც, რომ თუ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სურს, ეს მხოლოდ რუსეთის გავლით მოხდება.“

ყოფილი ელჩი თვლის, რომ არსებობს რამდენიმე გამოსავალი. მათ შორისაა საქართველოს მხრიდან უფრო მეტად ხილვადი სასაზღვრო ნიშნულების არსებობა. „ერთ-ერთ გამოსავლად ქართველებს შევთავაზეთ, რომ ჩაეტარებინათ ადგილობრივი სამუშაოები, არა მავთულხლართების ან ღობის, არამედ რაიმე სხვა ტიპის თვალსაჩინო მაჩვნებლების სახით. ამ შემთხვევაში, რუსების მიერ ამ მონიშნვების უგულვებელყოფა უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა მათ საქმიანობას." ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ეს ადვილი გამოსავალი არ არის. "ამ შემოთავაზებაში სირთულე ისაა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ისე იქნას აღქმული, თითქოს, საქართველომ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის ოკუპაცია სამუდამოდ აღიარა. ამიტომაც, ეს მხოლოდ შეთავაზებაა და მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო გზა.“

იალოვიცი თვლის, რომ საქართველომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ნდობის მოპოვებაზე მეტად უნდა იმუშაოს, რაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოიხატოს. ამის ერთ-ერთ მაგალითად, კი ელჩი ოკუპირებული რეგიონებიდან ავადმყოფების საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოყვანას მიიჩნევს.

საქართველოს მსგავსად, რუსეთი სამხედრო აგრესიას აწარმოებს უკრაინაში და მხარს უჭერს სეპარატისტებს მოლდოვაში. იალოვიცი მოლდოვაზე ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ საქართველოს შეუძლია გარკვეული გაკვეთილების სწავლა ამ ქვეყნისგან. „გაოგნებული ვარ იმით, რაც დნესტრისპირეთში მოხდა. მათ შეძლეს, რომ ევროპულ ბაზარზე გასულიყვნენ მოლდოვის დახმარებით. ჩემთვის ესეც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ. შეიძლება იმ საკითხზე დაფიქრებაც, შეუძლია თუ არა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს ჰქონდეს რაიმე ტიპის წვდომა ევროპულ ბაზარზე საქართველოს გავლით. რუსები, ალბათ, მკაცრად უარყოფენ ასეთ ვარიანტს. მეტიც, შესაძლოა, თავად ამ რეგიონებმაც უარი თქვან ასეთ შემოთავაზებაზე. მთავარი აქ ისაა, რომ ეს ქმედებები დაანახებდა ყველას, რომ საქართველო მშვიდობიან ნაბიჯებს დგამს."

კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

იალოვიცმა ასევე დასძინა, რომ "ეკონომიკური სტიმული იმიტომაა მნიშვნელოვანი ამ რეგიონებისთვის, რომ მათ შეძლონ რუსეთის ზეგავლენისგან გათავისუფლება.“

აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოში და ახლა არსამთავრობო ორგანიზაცია „რენდის კორპორაციის“ წარმომადგენელი, უილიამ კორტნი თვლის, რომ ბორდერიზაცია ქვეყნისთვის ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, სტრატეგიულ საფრთხესაც წარმოადგენს. ის მომავალში ბევრად უფრო სერიოზულ შედეგებსაც არ გამორიცხავს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ბორდერიზაცია არ მივიდეს იქამდე, რომ საფრთხე შეუქმნას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციას. თუ ეს მოხდება, მაშინ ეკონომიკური და უსაფრთხოების შედეგები საქართველოსთვის ბევრად უფრო სერიოზული იქნება.“

ელჩების თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ „საქართველომ განაგრძოს დიპლომატიური ურთიერთობები, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და მუდმივად შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე."

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამინისტიის“ თანახმად, „ბორდერიზაციის“ ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების დახმარებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს. ბორდერიზაცია, განსაკუთრებით, 2013 წლიდან გააქტიურდა, როდესაც საოკუპაციო ჯარებმა მათ მიერ დადგენილ ე.წ საზღვრებზე მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. დღეს, ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრეების 19 ბაზა და 4 საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG