ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაიზა: ომის დაწყების თემის პოლიტიზირება საქართველოსთვის არაჯანსაღია


აგვისტოს ომის მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, მეთიუ ბრაზა იხსენებს. 2008 წელს ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და იმ პერიოდში ვაშინგტონის წამყვანი დიპლომატი იყო კავკასიის საკითხებში. მეთიუ ბრაიზას ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

ომიდან 11 წელი გავიდა. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს და რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო პასუხს, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ომმა გეოსტრატეგიული ვითარება შეცვალა?

გეოპოლიტიკური ცვლილება იყო ის, რომ რუსეთი გახდა უფრო აგრესიული, რის შემდეგაც უკრაინის მოვლენები მივიღეთ. ამას, შეერთებულ შტატებში მოჰყვა გამოღვიძება იმის გარშემო, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა რუსეთი მის სამეზობლოში. თუმცა, ეს ცოტა ხანს გაგრძელდა. ვფიქრობ დასავლეთმა, მათ შორის, ვაშინგტონმა, უფრო მეტის გაკეთების ნაცვლად და რუსეთის შეკავებაში მთავარი როლის აღების მაგივრად, უკან დაიხია. ამან, მოგვიანებით, საფუძველი ჩაუაყარა ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან და ეს სამწუხარო და სტრატეგიულად დამაზიანებელი იყო.

რამდენად შეცვალა საქართველოს ომმა წარმოდგენები რუსეთზე, დასავლეთის დედაქალაქებში?

არ შეუცვლია ან არა საკმარისად. ეს მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდა. თუ გადავხედავთ შეერთებული შტატების სამხედრო პასუხს, ვაშინგტონმა საქართველოსთვის ომის შემდგომ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე უარი განაცხადა. არა მხოლოდ ანტი-სატანკო შეიარაღების კუთხით - რომელიც საქართველოს და უკრაინას ცოტა ხნის წინ გადაეცათ - არამედ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იარაღის კუთხითაც კი. შეერთებული შტატები, პრეზიდენტ ბუშის პირობებშიც კი ეუბნებოდა საქართველოს, რომ უნდა დაშოშმინებულიყო. შეერთებულ შტატებს და ევროპას დიდი დრო დასჭირდათ რუსეთის საფრთხის გასაანალიზებლად.

11 წელი გავიდა და ჯერ ისევ განხილვის საგანია, თუ ვინ დაიწყო ომი. რატომ ისმევა დღემდე კითხვები ამ საკითხის გარშემო?

კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. წლების განმავლობაში რუსეთი დგამდა ნაბიჯებს, როგორიცაა პასპორტიზაცია, ქართული დრონების ჩამოგდება, წარსული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა და სარკინიგზო მილიტარიზება. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ის წარმატებულად აკონტროლებდა ნარატივს. ის თამაშობდა დასავლეთის მიერ სააკაშვილის აღქმაზე, თუ არასწორ აღმაზე, რომ ის იმპულსური იყო და აშინებდა დასავლეთს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერი შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანდა ვითარებას. ასევე, საზიანო იყო ევროკავშირის ანგარიში ომის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ გაისროლა პირველი. მე ვთვლი, აბსულუტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვინ გაისროლა პირველი, რადგან დაბალი ინტენსივობით სამხედრო კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მოკლე პასუხი თუ რატომაა ეს ჯერ ისევ განხილვის საგანი ისაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა ნარატივების ბრძოლაში.

ეს საკითხი კვლავ დგას საქართველოშიც, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აბრალებენ ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს. მათ ომის გამოძიებაც კი დაიწყეს. როგორ ხნით ამას, რა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა მის წინამორბედს დებს ბრალს ომის დაწყებაში?

მიზეზი ნათელია, ეს პოლიტიკურად გამოსადეგია. თუმცა ამ საკითხის პოლიტიზება, არაა სამართლიანი და ჯანსაღი საქართველოსთვის. ჩემთვის სიმართლე ნათელია, ომი რუსეთმა დაიწყო.

ეს დღეს მიმდინარე მოვლენებს რომ დავუკავშიროთ: თბილისში რუსეთის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. 20 ივნისს მთავრობამ ასეთი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. ასევე, ვხედავთ მედია დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შეკითხვებს ბიზნესზე ზეწოლის გარშემო. რას ეტყოდით საქართველოს მთავრობას, რა უნდა გააკეთოს მან, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება მისი მოსახლეობის და ამასთან, შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების გზა?

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს და მათ მტკიცე განწყობას, რომ სურთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ახლო ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო. ჩემი აზრით, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს ქართველების უმეტესობის შეხედულებაა და თუ გსურს რომ პოლიტიკად გადარჩე, დემოკრატიაში, უნდა მოუსმინო ხალხს და შეინარჩუნო ევრო-ატლანტიკური კურსი.

ეს ერთი და მეორე ის, რომ დემოკრატიას რაც შეეხება, საქართველოში ამ კუთხით ჩემი მეგობრები, თქვენი მეგობრები, დამკვირვებლები, ძალზედ შეშფოთებულნი არიან, რომ ბევრი დემოკრატიული თუ საბაზრო ეკონომიკური რეფორმა უკუსვლას განიცდის. საქართველომ მისი ძალის და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობისთვის მისი ღირებულების შესანარჩუნებლად, ეს რეფორმები უნდა გააძლიეროს, რომლებზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ, იქნება ეს ენერგო სექტორი, ფინანსები, განათლება, ბიზნეს კლიმატი თუ კონტრაქტის ხელშეუხებლობის სიწმინდე.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია თბილისის მიერ ამ რეფორმების წარმატებით გაგრძელებასა და საბაზრო ეკონომიკად გადაქცევასთან.

თქვენ ომის დროს შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყავით კავკასიის საკითხებში. როგორი იყო თქვენი პირადი გამოცდილება? როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ევროპელ კოლეგებთან და მოსკოვთან?

მე ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ადგილზე ჩავედი. სახელმწიფო მდივანმა [კონდოლიზა] რაისმა გამგზავნა, როგორც ამერიკის წარმომადგენელი, იქამდე სანამ თავად ჩამოვიდოდა და ეცდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის დარწმუნებას, რომ დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც სარკოზიმ მოილაპარაკა.

მე, ადამიანი რომელიც უძღვებოდა საქართველოსა და შეერთებულ შტატების ურთიერთობებს იმ დროს, ვფიქრობ, რომ ევროპაში ჩვენს წამყვან მოკვშირეებთან, საფრანგეთთან, დიდი ბრიტანეთთან, გერმანიასთან და ა.შ. კარგი თანამშრომლობა გვქონდა. თუმცა, ყველაფერზე ვერ ვთანხმდებოდით, რადგან ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი უნდა დაგვეშოშმინებია და ეს გულისხმობდა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო და პრეზიდენტი სააკაშვილი დაემშვიდებინა. მათ ძალიან გვიან გაანალიზეს, რომ რუსეთი ცდილობდა სააკაშვილის კუთხეში მომწყდევას, საიდანაც გამარჯვებული გამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. სააკაშვილი ან უნდა შეგუებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის გადაცემას, ან ჩართულიყო ომში.

საბოლოოდ, მხოლოდ 2008 წლის მაისში, ჩვენმა კოლეგებმა ბერლინში, პარიზში, ლონდონში დაიწყეს მოსმენა და მცდელობა, რომ უკეთესი გამოსავალი შეეთავაზებინათ საქართველოსთვის. თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო.

პრეზიდენტ სარკოზის მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთახნმება საშინელება იყო. პუტინმა მისი [სარკოზის] მანიპულირება შეძლო. მას ქონდა შეთანხმების კარგი ვარიანტიც, რომელიც მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარდ კუშნერმა, ეუთოს მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის ფინეთის, საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდერ სტუბთან ერთად მოილაპარაკა. შემდეგ სარკოზი დაჯდა პუტინთან, კარლა ბრუნისთან ერთად და შეთანხმების ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც ისეთი ცუდი იყო, რომ მეორე დღეს საფრანგეთის ელჩს ვუთხარი რომ უნდა წავსულიყავი, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა რადგან ისეთ რამეს ვიტყოდი, რასაც ვინანებდი, მდენად ცუდი იყო ეს შეთანხმება. იმ საღამოს, საფრანგეთში, სახელმწიფო მდივანმა რაისმა სცადა ამ შეთანხმების ყველაზე საზიანო ნაწილების შეცვლა.

მოკლედ, რომ გითხრათ, ვფიქრობ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ბრალს საქართველოს დებდნენ. ამას აჩვენებს ისიც, რომ საფრანგეთმა არ გააუქმა [სადესანტო ხომალდის] „მისტრალის“ გადაცემა რუსეთისათვის 2014 წლის ზაფხულამდე.

და ზუსტად, აი ამ ბოლო ნაწილზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ერთიანია დღეს ევროპა და დასავლეთი რუსული საფრთხის წინააღმდეგ? გააცნობიერეს, თუ არა მართ რა მიზნები აქვს მოსკოვს უკრაინის მოვლენების შემდეგ?

დიახ, ვფიქრობ, რომ ერთიანობა არის. ევროპელებმა უკრაინის მაგალითზე ისწავლეს, რომ რუსეთი უნდა შეაკავონ. ის მიამიტური შეხედულება, რომ რუსეთი ერთ-ერთი ჩვენგანია და მას კარგად უნდა მოვექცეთ, აღარ არსებობს. ვხედავთ სოლიდარობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების კუთხით. ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ანახლებს სანქციებს.

თუმცა არსებობს საფრთხე ამ ერთიანობის წინაშე. პოპულისტური ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნგრეთში თუ იტალიაშია, არ არიან ენთუზიაზმით სავსე სანქციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. თუმცა ახლო მომავალში ეს ერთიანობა შენარჩუნდება და დასავლეთი არ დაივიწყებს გაკვეთილს თუ რა საფრთეს წარმოადგენს რუსეთი. პრეზიდენტი ტრამპიც საფრთხეა ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის. ის ამ კავშირებს არღვევს, თუმცა შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა მისთვის შეუძლებელს გახდის იგნორირება გაუკეთოს იმ რეალურ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს მისი მეზობლების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG