ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხო ქვეყნის ელჩები საქართველოს არჩევნებს აკვირდებიან და მოსახლეობას ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ


საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნებს უცხო ქვეყნის ელჩებიც აკვირდებიან, მათ შორისაა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. ის გლდანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეა დამკვირვებელი. თუმცა, მანამდე მან მარნეულში რამდენიმე საარჩევნო უბანი მოინახულა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო.

ელჩი დეგნანი ამბობს, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ქვეყნის მოქალაქეებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა არჩევნების დაკვირვების პროცესში მივიღო მონაწილეობა. მარნეულში ვიყავი გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზეც და მიხარია, რომ კვლავ დავბრუნდი და ვხედავ, რომ ამომრჩევლები მოდიან უბანზე, ხმას აძლევენ, სერიოზულად უდგებიან პასუხისმგებლობას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როცა მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმა დააფიქსირონ საარჩევნო უბნებთან, როცა მათ შეუძლიათ უზრუნველყონ არჩეული პირების ანგარიშვალდებულება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არის ფუნდამენტი ნებისმიერი დემოკრატიისა. საელჩო აკვირდება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, ჩვენ გვყავს სადამკვირვებლო ჯგუფები, დაახლოებით, 48 ჯგუფი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე საელჩოში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე კომუნიკაციაში არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტერესი და ყურადღება აღნიშნული არჩევნების მიმართ ძალიან დიდია, როგორც ადგილობრივად, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ვაშინგტონში, თეთრ სახლში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში ყურადღება მიპყრობილია საქართველოსკენ."

დეგნანი ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში დარღვევებით მიმდინარეობდა, რამაც ამერიკაში, საქართველოს მეგობრების უკმაყოფილება გამოიწვია.

"შეშფოთება გამოვთქვით წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ ცნობებთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნო დარღვევებს, დაშინებას, ძალადობას შეეხებოდა, თუმცა, კარგია, რომ პარტიის ლიდერები მშვიდი და წყნარი გარემოსკენ მოუწოდებენ. ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ზოგიერთმა დამკვირვებელმა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ორგანიზაციას, არ იცის რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, ან რა არის კონკრეტულად მათი როლი საარჩევნოდ, დაკვირვების პროცესში, ალბათ, ესეც ტრენინგის, კვალიფიკაციის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. საერთო ჯამში, მოვუწოდებ მოსახლეობას, ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე მოვიდნენ რეგულაციების დაცვით და ხმა მისცენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დეგნანმა.

დილიდან არჩევნებს აკვირდება დიდი ბრიტანეთის ელჩიც საქართველოში, მარკ ლეიტონი. ის ამბობს, რომ პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და დღევანდელი არჩვენები ასეც დასრულდება.

"ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი არჩევნები. ეს არის თქვენი შანსი ხმა მისცეთ ადამიანებს, რომლებსაც ეკისრებათ ყველაზე დიდი პირდაპირი პასუხისმგებლობა ადგილობრივ პრობლემებთან გამკლავებაზე იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ. მათ, ვისაც ჯერ არ მიუცია ხმა, მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ეს. ვიმედოვნებ, რომ დარჩენილი დღე ჩაივლის მშვიდობიანად და მშვიდად",- უთხრა ბრიტანეთის ელჩმა ჟურნალისტებს.

საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათზე დაიხურება და ამის შემდეგ ხმების დათვლა დაიწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG