ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 საათი არჩევნების დასრულებამდე საქართველოში: დარღვევები საარჩევნო უბნებზე


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები "ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს", იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ დილის 07:00 საათიდან -14:00 საათამდე არსებულ მონაცემებს შეეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 14 საჩივარი დაწერეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

"სავარაუდო „კარუსელი” - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა - #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა - #28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებითვის ხელის შეშლა და ზეწოლა - #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე უბანზე კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა - #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა."

სიტუაცია დაძაბული იყო ზუგდიდის №4 საარჩევნო უბანზე, სადავ ,,ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირსპირება მოხდა. კონფლიქტის საარჩევნო უბანზე დაიწყო და უბნის გარეთ გაგრძელდა.

,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. კარუსელის აღკვეთის მცდელობას მოჰყვა. მისი განმარტებით, საარჩევნო უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც სახელი და გვარი დაავიწყდა და „პირადობის მოწმობას დაუწყო ყურება”.

დარღვევებზე საურბობენ ოპოზიციის სხვა წარმომადეგნლებიც. პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა: „ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების უსუსური შემთხვევები ვნახეთ, ვნახეთ დაზიანებული ბიულეტენები, ბეჭდის არდარტყმის შემთხვევები, ადამიანებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ და სუს-ი იყენებს ფარად, აყენებს უბნებზე ურიგებს საჭმელს, ლუდს და სურს ამით მოახდინოს გავლენა".

პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ "დარღვევების მთელი თაიგული გვაქვს, თუმცა, არცერთი დარღვევა არ რჩება რეაგირების გარეშე".

საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათზე დაიხურება და ამის შემდეგ ხმების დათვლა დაიწყება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG