ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი, ილვესი სააკაშვილის დაკავებას აფასებენ


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლას ეხმაურებიან ანალიტიკოსები. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლა და წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობა "უპასუხისმგებლო" საქციელია.

"ძალიან სევდიანი და სამწუხარო მოვლენებია. ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოხდეს ქართველების სერიოზულ პრობლემებზე, რომელსაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან. მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც და მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი. ეს საქართველოსთვის დემოკრატიისგან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ჩარევას, უბრალოდ, დააიგნორებენ",- გვითხრა იალოვიცმა.

სააკაშვილის დაკავებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესიც გამოეხმაურა. მან "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ "მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და შეერთებული შტატები, დიდი ყურადღებით დააკვირდება, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით. ქვეყნები, რომელთაც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაცია აქვთ, ყოფილ ლიდერებს დევნიან ხოლმე. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც სერიოზული დარღვევის დამადასტურებელი ძალიან საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობს."

ილვესმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მნიშვნელოვანია "სააკაშვილის დაკავებამ არ უნდა გააჩინოს ეჭვები პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მასთან უკვე მივიდნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი ადვოკატი და მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG