ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო განტოლება ახალი „უცნობით“


ამომრჩეველი საქართველოში

პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, როგორც პოლიტიკური პროცესებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეზე საქართველოს პოლიტიკურ ელიტას საერთაშორისო პარტნიორები არაერთხელ მიანიშნებდნენ. უფრო მეტიც, დასავლეთმა ძალისხმევა უშუალოდ მიმართა საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევისკენ. ამის ყველაზე ცხადი მტკიცებულება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი თანამონაწილეობაა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხის დაწევა პოლიტიკურ აქტორებს შესაძლებლობას მისცემს ძალები ურთიერთთანამშრომლობისკენ მიმართონ. ეს საქმეზე ორიენტირებულობას შეუწყობს ხელს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაც საქართველოში ერთ დღეში უნდა გაიმართოს, ერთგვარი ტესტია იმისთვის, თუ რა სახის თამაშის წესებზეა შეჯერებული ქართული პოლიტიკური ელიტა.

კოალიციური მთავრობა ამ გადასახედიდან საუკეთესო პერსპექტივაა საქართველოსთვის, როგორც ამას ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს. თუმცა, ეს გზა პოლიტიკურ კონსენსუსს გულისხმობს და ზოგიერთი პოლიტიკოსის თვალთახედვით, უტოპიადაც კია წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხს ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო ორი დღის წინ. მან თქვა, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი აზრით, მომავალი ადგილობრივი არჩევნები აჩვენებს, შეიძლება თუ არა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ამოწურულად მივიჩნიოთ. „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.“

ამდენად, მუნიციპალურ არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული. „ისეთი სურათი იკვეთება, რომ პატარა პარტიები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ შესაძლო კოალიციის ჩამოყალიბებაში. მსგავსი სურათი გერმანიაში იკვეთება ხოლმე. ორი დიდი პარტია, ჩვენს შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, სხვებისგან დამოუკიდებლად, მთავრობას ვერ დააკომპლექტებენ, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ექნება, რას იზამს გახარიას პარტია, რას იზამს გირჩი და რიგი სხვა პარტიები - „ლელო“, „ევროპული საქართველო“ და სხვა. მათ მზაობაზე, უნარებზე, სურვილებზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, ამ რეალობას სააკაშვილის ჩამოსვლა არ ცვლის“- გვეუბნება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი.

კოალიციური მთავრობის შესაძლებლობას რეალისტურად მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე. მისი ორგანიზაცია რამდენიმე წელია პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობს და უშუალოდ იცნობს იმ განწყობებს, რაც აქ მომუშავე ადამიანებს აქვთ. „კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა სავსებით რეალურია და არ მგონია, რომ რაიმე ტრაგიკული იყოს ამაში ვინმესთვის საერთოდ. ბევრია ნორმალურ დემოკრატიებში კოალიციური მთავრობები. ეს ჩვენ ვართ მიჩვეული, რომ არჩევნების შემდეგ უნდა იყოს ერთი მონოლითური პარტია, რომელიც ყველაფერს მართავს, პარლამენტსაც, მთავრობასაც, ადგილობრივ თვითმმართველობებსაც. ეს, უფრო, კომუნისტურ ჩინეთს ახასიათებს, ვიდრე დემოკრატიულ საზოგადოებებს,“- გვეუბნება ლევან ცუცქირიძე.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კოალიციური მთავრობა ქართული დემოკრატიისთვის ცუდი არ იქნება. მისი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები დაკავებული არიან ერთმანეთის მტრობით, სიძულვილით.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური მთავრობის, როგორც საქართველოსთვის პროგრესული პერსპექტივის შესახებ საუბრობენ პარტიებთან მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები, მკვლევარები და ამავე აზრს იზიარებს საქართველოს პრეზიდენტიც, მას, ამ მოსაზრებაში „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონირებას უწევენ. მაგალითად, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში კოალიციას პერსპექტივა საქართველოში არ აქვს.

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს? „კარგი იქნებოდა დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ? არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში "ქართული ოცნების" არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან",- ამბობს გია ვოლსკი.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

„ამომრჩეველმა, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად გადაწყვიტოს ბედი, მაშინ პარტიებს მოუწევთ ერთმანეთთან კომპრომისის ძიება და ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს მათ. გამოსავალი ისაა, რომ წინასაარჩევნო გარემო უფრო მეტად კონსტრუქციული უნდა იყოს. უფრო მეტი უნდა იყოს საუბარი ნამდვილ პოლიტიკაზე და უფრო ნაკლებად იმაზე, როგორი ცუდები არიან სხვები“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემო ამ მხრივ საკმაოდ მოწყვლადია. ამგვარ ფაქტორად კი შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცხადებულმა გადაწყვეტილებამაც იქონიოს გავლენა საქართველოში არჩევნების დღეს ჩამოსვლის შესახებ.

„კოალიციური მთავრობის ფორმირების ამოცანიდან გარეთ რომ გავიდეთ და ვთქვათ, რას ნიშნავს სააკაშვილის ჩამოსვლა, ვფიქრობ, რომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს ფაქტორი ტემპერატურას ზრდის, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ დღეს ვდგავართ ისეთი არჩევნების წინაშე, სადაც ტემპერატურის დაწევა გამორიცხულია. ეს არაა ჩვეულებრივი, რუტინული ადგილობრივი არჩევნები. აქ წყდება საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბედი, არსებული ხელისუფლების ბედი და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. ასეთ ვითარებაში, სააკაშვილი იქნება თუ არა აქ, მაინც მიიღებს მონაწილეობას. მისი ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, იქნება მამობილიზებელი ორივე მხარისთვის, მაგრამ მგონია, რომ ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესს, სააკაშვილი, თავისი წონიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ გაემიჯნება, თუ უბრალოდ, პოლიტიკაზე არ იტყვის უარს,“- ამბობს დავით დარჩიაშვილი.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

„ქართული წინასაარჩევნო სისტემა და გარემო არის ძალიან მოწყვლადი ნებისმიერი რყევის მიმართ. ხშირ შეთმხვევაში, პოლიტიკოსებს, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული, ან ძლიერი ზეგავლენა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე, შეუძლიათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოიტანონ ქვეყანაში. იგივე შეიძლება ითქვას სააკაშვილზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა დღემდე. როგორც მინიმუმ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის დღემდე, ისევე კონკურენტი ან სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რადგან ეს მათთვის დამატებითი გაურკვევლობის ფაქტორია, რომელიც შესაძლოა მოულოდნელად განვითარდეს. ეს ქმნის დამატებით ინტრიგას, დამატებით დაძაბულობას წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ახალი უცნობია ამ წინასაარჩევნო განტოლებაში“,- მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე.

ერთ დღეში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს და ეს არჩევანი განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების მომავალს, არამედ პოლიტიკური პარტიების სამომავლო ქცევასაც.

„ჩემი პროგნოზი გახლავთ ის, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, გვექნება ძალიან რთული პოსტ-საარჩევნო პერიოდი, ამიტომ პასუხისმგებლობა მართებთ როგორც პოლიტიკოსებს და არდავიწყება იმისა, რომ ისინი არა მხოლოდ საკუთარ ბედს გადაწყვეტენ, არამედ დიდი როლი აქვთ ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. უარღესად მნიშვნელოვანი როლი ექნება საარჩევნო კომისიას, რათა მან დროულად და გამჭვირვალედ და სამართლიანად შეასრულოს თავისი როლი და მოქალაქეებს, რომ მათ იგრძნონ, ეს ქვეყანა მათია და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის,“- ამბობს ლევან ცუცქირიძე.

არჩევნები 2021
არჩევნები 2021

თუ, გამოვა ის, რომ პოლიტიკური აქტორები მიცემულ სიტყვას შეასრულებენ და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით იმოქმედებენ, პროცესი პროგრესისკენ წავა. ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტიანი ჩამკეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს - შარლ მიშელის სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლიდან „გასვლის“ თაობაზეც მათ მოგვიანებით განაცხადეს. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ფაქტორია ხიდი მუნიციპალურ არჩევნებსა და სამომავლო რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობას შორის. ეს გზა კი, პერსპექტივაში, კოალიციურ მთავრობამდე მიდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG