ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ, 17:00 საათისთვის 41.35% შეადგინა


ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საქართველოს დროით, 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობა 41.35% იყო, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

ცესკოში ამბობენ, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება.

“უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის -41.35- %-ს შეადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება. ხმის დათვლის ვიდეო გადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში - Google drive-ის პლატფორმაზე. ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც, რომელიც, ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად, წელს პირველად განხორციელდება.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი გადაითვლება. ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება“, - უთხრა ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG