ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოში ექიმების დეფიციტია


საავადმყოფოში დაჭრილთა ნაკადი არ წყდება, ექიმები კი, საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვენ

დარ არ შაიფა ალეპოში მდებარე საავადმყოფოა. იქ, ძირითადად, თავისუფალი სირიის არმიის დაჭრილი მებრძოლები მიჰყავთ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

თუმცა, ასევე შეხვდებით სამოქალაქო პაციენტებსაც. მაგალითად, ერთი ბიჭუნა ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. მას ტყვია ზურგში მოხვდა და მკერდში გაუჩერდა.

ერთი ოჯახი შეშინებული მივიდა საავადმყოფოში. მათი სახლი საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა, რის შედეგადაც ოჯახის ორი ჩვილი ბავშვი დაშავდა, ხოლო თინეიჯერ ბიჭს კი ერთ-ერთი ფეხი ისე დაუზიანდა, რომ მისი მოკვეთა გახდა საჭირო. ოჯახის მამა საავადმყოფოში მისვლამდე დაიღუპა. მას თავში შრაპნელი მოხვდა.

ექიმი ოსმანი, რომელიც საკუთარი გვარის დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ საავადმყოფოში რვა ექიმი და ათი ექთანი მუშაობს. ისინი დღეში 140 პაციენტს უწევენ დახმარებას და ხშირად მოხალისეები, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები და ვეტერინარები ეხმარებიან.

„ჩვენ თანამშრომლები გვჭირდება. განვიცდით ისეთი სპეციალისტების ნაკლებობას, როგორიცაა ნეიროქირურგი, გულ-სისხლძართვთა სპეციალისტი, მკერდის ქირურგი. ასევე გვესაჭიროება რეანიმაციური განყოფილების თანამშრომლები.“

ეს საავადმყოფო წარსულში ყველა სახის სამედიცინო დახმარებას უწევდა პაციენტებს. ალეპოში ბრძოლების დაწყების შემდეგ, საავადმყოფო დაიბომბა, რის შედეგადაც მისი ზედა ორი სართული განადგურდა.

მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში შესულ პაციენტებს პირველადი დახმარება აღმოუჩნდებათ, ისინი ოპერაციისთვის თურქეთში იგზავნებიან.

ოსმანი ამბობს, რომ სამოქალაქო პირების ჭრილობები განსხვავდება სხეულის დაზიანებებისგან, რომლითაც თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლები შედიან საავადმყოფოში.

„სამოქალაქო მოსახლეობა, ძირითადად, საარტილერიო ცეცხლის შედეგად არის დაშავებული. ხშირ შემთხვევაში, მათთვის ამპუტაციის გაკეთებაა საჭირო. ასევე მძიმე დაზიანებები აქვთ ხოლმე მუცლის ღრუში, თავის მიდამოებში. თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლებს კი ხშირად სნაიპერიგან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილოებები აღენიშნებათ.“

საავადმყოფოში დაჭრილთა ნაკადი არ წყდება, ექიმები კი, საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG