ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს ძალების მუდმივ წარმომადგენლობას და მათ გაზრდას ითხოვენ


ნატოს ხომალდი რიგაში, ლატვია. 16 მარტი, 2022 წ.

უკრაინაში რუსეთის განმეორებით შეჭრის ფონზე, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატოს კვლავ მოუწოდებენ, რომ ალიანსმა მათ ქვეყნებში ძალები გაზარდოს და მათ ტერიტორიაზე მუდმივად დარჩეს. ბალტიისპირეთის ეს სამი მომცრო სახელმწიფო, რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში, იძულებული იყო რუსეთს დამორჩილებოდა.

ჯამში დაახლოებით 6 მილიონი მოსახლეობის მქონე ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს 2004 წელს შეუერთდა, თუმცა რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები დღემდე თავს უსაფრთხოდ მაინც არ გრძნობენ. მითუმეტეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ალიანსთან მხოლოდ მცირე დერეფანი აკავშირებს, რომელიც მძიმედ შეიარაღებულ, რუსეთის ანკლავ კალინინგრადსა და რუსეთის მოკავშირე ბელარუსის საზღვარზე გადის.

2014 წლამდე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია განახორციელა. უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ, ნატომ ძალები თითქმის გააორმაგა. ამ ეტაპზე ბალტიისპირეთში ნატოს 7 000-იანი საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს.

თუმცა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ამგვარი წარმომადგენლობაც კი ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მსხვილმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნების სათანადოდ დაცვას - აცხადებენ ბალტიისპირეთის ლიდერები. "თუ გვინდა, რომ პირველივე წუთიდან ვიყოთ მზად ჩვენი მოქალაქეების ნებისმიერი სახის თავდასხმისგან დასაცავად, რომ ლატვიის მოქალაქეებს უსაფრთხოების ისეთივე შეგრძნება ჰქონდეთ, როგორც საფრანგეთის, ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის მოქალაქეებს... მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იყოს [ნატოს] მუდმივი წარმომადგენლობა, მეტი საბრძოლო ძალა და შესაძლებლობა" - უთხრა "ამერიკის ხმას" ინტერვიუში ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის ფაბრიკისმა.

დღეისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებულ ნატოს ძალებში, რომელთაც გერმანიის, ბრიტანეთის და კანადის ძალები მეთაურობენ, ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან წარმოდგენილნი. ნატოს თავდაცვისუნარიანობის შემოწმებისას, მარტში ამერიკული ძალები მოინახულა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე "მეტი ძალების გაგზავნა" განიხილება.

ვარაუდობენ, რომ ამ თემაზე დისკუსიას ევროპელ ლიდერებთან ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააგრძელებს, რომელიც ამ წუთებში ევროპაში მიემგზავრება. როცა ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩიუსმა თქვა: "დადგა დრო, ნატოს ქვეყნებმა გარკვევით განაცხადონ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში და რუმინეთში წარმოდგენილი ძალები, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთის ფლანგს ვუწოდებთ, მუდმივია".

ანალოგიური განცხადება გააკეთა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიმეტისმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატოს ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ივნისში ესპანეთში იგეგმება. ლიმეტისის თქმით, მართალია, ესტონეთი ახლა უშუალო საფრთხის ქვეშ არ იმყოფება, მაგრამ ევროპაში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია "მთლიანად შეიცვალა და შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ნატოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერება, რათა უფრო დაცულები ვიყოთ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG