ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი თარჯიმნები საევაკუაციო რეისით აშშ-ში ჩაიყვანეს


ამერიკაში სპეციალური რეისით ის 200-მდე ავღანელი პირი ჩამოიყვანეს, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს ეხმარებოდნენ და რომელთაც შეერთებული შტატების ჯარის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, უდიდესი საფრთხე ემუქრებოდათ. მათ "სპეციალური იმიგრანტებისთვის" განკუთვნილი ვიზები მიიღეს.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა "მოკავშირეთა თავშესაფრის შესახებ ოპერაციის თაობაზე 14 ივლისს განაცხადეს და თქვეს, რომ ავღანელ თარჯიმნებს და იმ პირებს, რომლებიც ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს ომის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევდნენ (და მათი ოჯახის წევრებს), "თალიბანის" შურისძიებისგან დასაცავად ამერიკაში ჩამოიყვანდნენ.


ამერიკის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა შიდა უსაფრთხოების საკითხებში, რუს ტრავერსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს რეისი "ამერიკის ერთგულებისა და პატივისცემის დადასტურებაა ამ ავღანელთა მამაცი სამსახურისა და მისიისთვის გაწეული დახმარებისთვის".

ამერიკის მთავრობის ინფორმაციით, ამ პირველ რეისზე 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მომდევნო კვირებში ამერიკაში სპეციალური იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ვიზით მოსარგებლეთაგან კიდევ 700-მდე ავღანელი უნდა ჩამოვიდეს.

ამერიკაში ახალჩამოსული იმიგრანტები ერთ კვირას ვირჯინიაში, სამხედრო ბაზაზე გაატარებენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შესაბამის დოკუმენტებს შეავსებენ მანამ, სანამ მათი რელოკაცია დასრულდება. ისინი, ვისაც ამერიკაში ნათესავები ჰყავს, მათთან განთავსდებიან, სხვებს კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა მიღების პროგრამის ფარგლებში დააბინავებენ. იმიგრანტებს ფრენამდე კოვიდ-19-ზე ტესტირებაც უტარდებათ და თუკი რომელიმე მოქალაქის პასუხი დადებითი იქნება, ისინი შესაბამის კარანტინს გაივლიან.

ზოგიერთი სხვა ავღანელისთვის სპეციალური ვიზა ამერიკისთვის ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში საფრთხე ემუქრებათ, მომდევნო რამდენიმე რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ "მესამე ქვეყანაში" გადაიყვანენ. ისინი ვიზის დამტკიცებამდე და მანამ, სანამ ამერიკაში უსაფრთხო თავშესაფარს მიიღებენ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG