ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მთავრობა "რეალური კრიზისის" წინაშეა


შეერთებული შტატების მთავრობის სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, რომელსაც ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე თვალყურის დევნება ევალება, ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო ძალების სრულად გასვლის შემდეგ, ქაბულში ავღანეთის მთავრობას თავის გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს და შესაძლოა ის თალიბანთან დამარცხდეს.

მაღალი რანგის ამერიკელი სამხედროების და ავღანელი ლიდერების ფრთხილად ოპტიმისტური შეფასებების მიუხედავად, ავღანეთის აღდგენის საგანგებო რევიზორის ახალი ანგარიში ვითარებას აღწერს როგორც “არასახარბიელოს” და იმეორებს გამოთქმულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს არსებითი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში საგანგებო რევიზორმა ჯონ სოპკომ დაწერა: “ზოგადი მიმართულება ავღანეთის მთავრობისთვის აშკარად არასახარბიელოა. თუ ის ამას არ მიხედავს და ვითარებას არ შეატრიალებს, შესაძლოა რეალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს”.

ანგარიში ასევე მიანიშნებს, რომ თალიბანს შეტევითი ინიციატივის გარდა, როგორც ჩანს გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს.

ნატოს სამხედრო ოფიციალურმა პირებმა საგანგებო რევიზორის ოფისს უთხრეს, რომ ავღანეთის ეროვნული არმიის დანაყოფები, როგორც წესი, საგანგებო ძალების მონაწილეობის გარეშე სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობდნენ. საგანგებო ძალების ჩართვის დროს კი, მათ ჩვეულებრივი ნაწილების მოვალეობას აკისრებენ, როგორიცაა მარშრუტების გაწმენდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო ავიაცია მზადყოფნის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ავღანეთის საჰაერო ძალები, ტექნიკური მომსახურების და ლოგისტიკის საკითხებში, შეერთებული შტატების მთავრობის კონტრაქტორებზე იყო დამოკიდებული. გასულ თვეში კი, ამერიკის გასვლის პროცესთან ერთად, კონტრაქტორების რიცხვი განახევრდა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG