ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი თანამდებობას ტოვებს


გენერალი ოსტინ მილერი

ოსტინ მილერი, შეერთებული შტატების არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც ავღანეთში ამერიკის შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა, თანამდებობას დღეს ტოვებს. ეს ფაქტი ვაშინგტონის ბევრი ოფიციალური პირის მიერ, ავღანეთში შეერთებული შტატების ყველაზე ხანგრძლივი, 20-წლიანი ომის დასასრულის სიმბოლოდაა აღქმული.

დღეს ავღანეთში სპეციალური ცერემონია გაიმართება, რომელზეც გენერალ მილერს გააცილებენ. ამერიკის სამხედრო მისიის ბოლო დღედ კი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 აგვისტო გამოაცხადა.

ცერემონიაზე დასასწრებად ფლორიდის შტატიდან ავღანეთში გაფრინდა კენეტ მაკკენზი, აშშ-ის საზღვაო ფლოტის გენერალი. ფლორიდაში ბაზირებული მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში იმყოფებიან ცხელ წერტილებში მყოფი ამერიკული არმიის ქვედანაყოფები, მათ შორის - ავღანეთში, სირიაში და ერაყში.

გენერალი მაკკენზი ქაბულში ხაზს გაუსვამს ამერიკის მზაობას, მომავალშიც აღმოუჩინოს დახმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს. "უნდა ვაღიაროთ, რომ სიტუაცია წარსულისგან განსხვავებული იქნება. მე არ ვაპირებ ამის მინიმიზაციას... თუმცა, ჩვენ მათ ხელშეწყობას გავაგრძელებთ" - უთხრა გენერალმა გაფრენამდე ჟურნალისტების მცირე ჯგუფს.

ავღანეთში თალიბანის სახმელეთო იერიშები გრძელდება. თალიბები ახლა ქვეყანაში გაცილებით მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ, ვიდრე ავღანეთში ამერიკული და ნატოს ძალების შესვლიდან მოყოლებული, ნებისმიერ სხვა მომენტში.

გენერალი კენეტ მაკკენზი
გენერალი კენეტ მაკკენზი

გენერალმა მაკკენზიმ თქვა, რომ მისი აზრით, თალიბანი ცდილობს სიტუაცია "საომარი გზით მოაგვაროს". თუმცა, შეერთებულმა შტატებმა სცადა ქვეყანაში მიმდინარე ომი სამშვიდობო შეთანხმებით დაესრულებინა, რომელიც თალიბანს და ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობას შორის დაიდო. მაკკენზის განცხადებით, მართალია, ავღანეთის პროვინციული დედაქალაქები ახლა რისკის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ძალები მზად არიან "პროვინციული დედაქალაქებისთვის მედგრად იბრძოლონ".

მას შემდეგ, რაც გენერალი ოსტინ მილერი თანამდებობას დატოვებს, 31 აგვისტომდე გენერალ მაკკენზის კვლავ შეეძლება თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების თაობაზე განკარგულების გაცემა. სექტემბრიდან კი ის უფრო მეტად ალ-ყაიდას და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ანტიტერორისტულ ოპერაციებზე იქნება ფოკუსირებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG