ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიდან სამხედროების გამოსვლა თითქმის 90 პროცენტით დასრულებულია


F

სამშაბათს, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა 90 პროცენტზე მეტით დასრულებულია.

განცხადება ამერიკული და საერთაშორისო ძალების მიერ ბაგრამის აეროდრომის დატოვებიდან მეორე დღეს გაკეთდა. ბაგრამის აეროდრომი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ცენტრალურ როლს ასრულებდა ბრძოლაში, რომელსაც შეერთებული შტატები თალიბანის ხელისუფლებისგან ჩამოსაშორებლად და 11 სექტემბერს, ათასობით ამერიკელის მოკვლაზე პასუხისმგებელი ალ-ყაიდას ტერორისტების დასამარცხებლად აწარმოებდა.

პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ, ცოტა ხნის წინ, ბაგრამიდან სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა, თუმცა ჯარის გამოყვანა ადგილობრივი ავღანელი მეთაურებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა და უსაფრთხოებაში წყვეტა მოხდა, რამაც მოროდიორებს სამხედრო ბაზაზე შესვლის საშუალება მისცა.

კირბიმ დაადასტურა, რომ გამოყვანის ზუსტი დრო ავღანელ მოკავშირეებს “ოპერატიული უსაფრთხოების” მიზნით არ გაუმხილეს, თუმცა თქვა, რომ წასვლა “რაღაც საიდუმლოების საბურველში არ მომხდარა”. ორშაბათს “ასოშიეიტედ პრესი” იუწყებოდა, რომ ავღანელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ბაზა ღამის განმავლობაში, ავღანელი მეთაურისთვის შეუტყობინებლად დატოვა.

“ასოშიეიტედ პრესი” ასევე იუწყებოდა, რომ ამერიკული ჯარის გასვლიდან ცოტა ხანში, ბაგრამისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა, რაც დაბნეულობის მიზეზი გახდა და მაროდიორებს საშუალება მისცა ბაზაზე შესულიყვნენ და შენობები დაერბიათ.

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა სამშაბათს თქვა, რომ უცხოური ჯარების სწრაფად გასვლით გამოწვეული პრობლემები გახდა იმის მიზეზი, რომ ბოლო დღეებში თალიბანმა ტერიტორიების სწრაფი დაპყრობა მოახდინა და მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს.

მოსალოდნელია რომ ჯარების გამოყვანა აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება, პროცესი 1 მაისს დაიწყო და მას შემდეგ, დემოკრატიების დაცვის ფონდის თანახმად, თალიბანმა გააორმაგა თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ოლქების რიცხვი. ბოლო ორი თვის განმავლობაში თალიბანმა 120-ზე მეტი ოლქის კონტროლი მოიპოვა და თავდაპირველი 73-დან ახლა 195 ოლქს აკონტროლებს.

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჰამდულა მოჰიბმა ქაბულში ჟურნალისტებთან უარყო ცნობები, რომ სამთავრობო ძალები მეამბოხეების მხარეს გადადიან. “შეიძლება მათ მიატოვეს თავისი პოსტები რადგან ტყვია-წამალი და მარაგები გაუთავდათ, მაგრამ თალიბანის მხარეს არავინ გაქცეულა”, თქვა მოჰიბმა.

მან ასევე თქვა, რომ ავღანელი ჯარისკაცებს, რომლებმაც ბოლო დღეებში მეამბოხეების შეტევის შემდეგ თავი ტაჯიკეთს შეაფარეს, “უკან აბრუნებენ და ისინი ეროვნული უსაფრთხოების ძალებს დაუბრუნდებიან".

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 1600 ავღანელი ჯარისკაცი, თალიბების შეტევისგან თავის დასაღწევად ტაჯიკეთს შეეფარა. ვითარებამ ტაჯიკეთის პრეზიდენტს ავღანეთთან საზღვრის გასაძლიერებლად 20 ათასი რეზერვისტის მობილიზება უკარნახა.

2020 წლის თებერვალში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თალიბანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ავღანეთიდან უცხოური ძალების გაყვანის საფუძველი გახდა, მაგრამ მეამბოხე ჯგუფსა და ავღანეთის მთავრობას შორის, შეერთებული შტატების შუამავლობით, სექტემბერში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, მას შემდეგ გაიყინა.

მოჰიბი ირწმუნებოდა, რომ ქაბული კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადასაწყვეტად მზად იყო, მაგრამ მეამბოხეები ამაზე უარს ამბობდნენ.

თალიბანის პრეს-მდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა კი “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ჯგუფი “მზად არის და გადაჭრით სურს სამშვიდობო პროცესი გააგრძელოს, მაგრამ მეორე მხარეს ამის სურვილი არ გააჩნია”.

ვაშინგტონი ამბობს, რომ ავღანეთის ძალებისთვის ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ ქაბულში აშშ-ის საელჩო მუშაობას გააგრძელებს და დიპლომატიური მისიის დასაცავად, აშშ ქვეყანაში სამხედრო კონტინგენტს დატოვებს.

უსაფრთხოების ვითარების გაუარესება და თალიბანის სწრაფი წინსვლა ავღანეთის მეზობლებს შეშფოთებას უჩენს, რომ შესაძლოა არეულობის გამო მათი მიმართულებით ლტოლვილთა ახალი ტალღა დაიძრას.

პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა, სადაც ავღანეთის ათწლეულების კონფლიქტის გამო უკვე თითქმის 3 მილიონი ლტოლვილი ავღანელი ცხოვრობს, განაცხადეს, რომ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააძლიერებენ და შესაძლოა ის ახალი ლტოლვილებისთვის არ გახსნან.

ადგილობრივმა მედიამ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ შეიხ რაშიდ აჰმედის ციტირება მოახდინა, რომელმაც თქვა: “მაგრამ თუ ვითარება გაუარესდება, საზღვრის გასწვრივ დასახლებას მოვაწყობთ და მკაცრ კონტროლს და დაკვირვებას დავაწესებთ, რათა ლტოლვილების ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აღვკვეთოთ”.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG