ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი სრულად დატოვონ


რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, სრულად დატოვებს თუ არა ერაყს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი. შეთანხმების შესახებ უფრო მეტი დეტალი სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ენტონი ბლინკენი დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.

მანამდე, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაუდ ჰუსეინმა თქვა, რომ არის მოლოდინი, რომ შედგება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერაყიდან ამერიკელი სამხედროები სრულად გავლენ. როგორც ჰუსეინი ამბობს, ჯარების გასვლა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მნიშვნელოვნად დასუსტდა.

„ჩემი აზრით, მივაღწევთ შეთანხმებას და ამერიკელი სამხედროები აღარ დარჩებიან ერაყში. თუ როდის დატოვებენ სამხედროები ერაყს ეს იქნება შეთანხმების დეტალები და ამის შესახებ გამოვაცხადებთ. ეს ყველაფერი მხარეების პოზიციებზეა დამოკიდებული და ტექნიკურ საკითხებზე, რაც თავის მხრივ უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება,“_ თქვა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში. ერაყის პრემიერ მუსტაფა ალ-კადიმს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში თეთრ სახლში უმასპინძლებს. ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე ფართო სპექტრის თემები იქნება განხილული. მათ შორის - პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ერაყში ამ დრომდე არსებობს უსაფრთხოების კუთხით პრობლემები. ქვეყნის დედაქალაქში კვირის დასაწყისში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, აფეთქებას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ ერთობლივ ზომებს ამერიკისა და ერაყის სპეციალური დანაყოფები იღებენ.

ამერიკული მისია ერაყში 2003 წლის 19 მარტს დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება. 2021 წლის თებერვალში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ ერაყში მისია გაახანგრძლივა. ნატოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ერაყის თავდაცვის ძალების წვრთნას და გადამზადებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG