ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი 47 პროცენტით გაიზარდა


გაერომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში, ავღანეთში, სამოქალაქო მოსახლეობაში სიკვდილის და დაშავების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ომით გაჩანაგებული ქვეყანა, ერთი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის უდიდესი რაოდენობისკენ მიდის.

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ექვსი თვის ანგარიშში, სამოქალაქო მოსახლეობაში თითქმის 5200 დანაკარგი აღირიცხა, მათ შორის 1659 სიკვდილი, რაც 2020 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 47 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა მაისის შემდეგ დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ნატოელმა მოკავშირეებმა სამხედრო ძალების ოფიციალურად გაყვანა დაიწყეს და ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის ბრძოლები მთელ ქვეყანაში გაძლიერდა.

ანგარიშში გამოთქმულია წუხილი იმ ამაზრზენი ფაქტის გამო, რომ 2021 წლის პირველ 6 თვეში, დაღუპულთა თითქმის ნახევარი ქალებმა, ბიჭებმა და გოგონებმა შეადგინეს.

თალიბანი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე ბოლო დროს მიღწეულმა წარმატებებმა, მეამბოხეებს ავღანეთის 85 პროცენტზე კონტროლი მისცა, თუმცა ეს განცხადება საკამათოა.

გაეროს მონაცემებით სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის 64 პროცენტი, მთავრობის საწინააღმდეგო შეიარაღებული ძალების მიზეზითაა. გაერო მსხვერპლის 39 პროცენტს თალიბანს, 9 პროცენტს ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს, დანარჩენს კი გაურკვეველ ანტი-სამთავრობო ელემენტს მიაწერს.

ანგარიშის თანახმად, პრო-სამთავრობო ძალები სამოაქალაქო მსხვერპლის 25 პროცენტზეა პასუხისმგებელი.

11 პროცენტი კი “ჯვარედინი ცეცხლის” დროს დაიღუპა, სადაც პასუხისმგებელი მხარის დადგენა ვერ მოხერხდა.

თალიბანის პრეს-მდივანმა ზაბიბულა მუჯაჰიდმა გაეროს ანგარიში უარყო და განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მეამბოხეებს არსად “დაუგეგმავთ და განუხორციელებიათ თავდასხმები, რომელსაც შეიძლებოდა სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყოლოდა”.

ეს ანგარიში პირველია 2009 შემდეგ, რომელიც საერთაშორისო ძალებს არც ერთი ავღანელი სამოქალაქო პირის სიკვდილზე პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG