ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარგი მეზობლები თუ ისტორიული მტრები?


ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობის გამოსწორებას ექსპერტები ფრთხილად აფასებენ და კეთილმეზობლობის ისევ მტრობად გადაქცევას არ გამორიცხავენ.

ქაბულში დონორი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციის ფონზე, რომლის მიზანიც ავღანეთისთვის სამომავლო განვითარების გეგმის დასახვა იყო, ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა გაუმჯობესების გზას ადგება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ჯერ ისევ არ არის ბოლომდე გარკვეული რამდენ ხანს გაგრძელდება ავღანეთსა და პაკისტანს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა.

უკვე რამდენიმე წელია ავღანეთისა და პაკისტანის ურთიერთობას დადებითი არ ჰქვია. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პაკისტანის მთავრობას ბრალს სდებს იმაში, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახური იფარავს და თავშესაფრით უზრუნველყოფს რადიკალურად განწყობილ მეამბოხეებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადადიან. პაკისტანი ამ ბრალდებას უარყოფს.

წელს ქაბულსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობის გამოსწორება შეინიშნება. ამის ერთ-ერთი მიმანიშნებელი ფაქტორი მარტში ავღანეთის პრეზიდენტის ისლამაბადში ვიზიტი და პაკისტანის პრემიერ მინისტრ, იუსაფ რაზა გილანისთან შეხვედრა იყო. მიმდინარე წლის 18 აპრილს კი ორ ქვეყანას შორის ვრცელ სავაჭრო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შეთანხმების მიღწევა შეერთებული შტატების დახმარებით მოხდა და 1960-იანი წლების შემდეგ პირეველი მსგავსი ხელშკრულებაა.

საინტერესო ისაა თუ რა უწყობს ხელს ურთიერთობის გამოსწორებას?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე სამხრეთ აზიის საკითხებში ქალბატონი ტერესიტა შეფერი ამბობს, რომ პრეზიდენტმა კარზაიმ კალენდარს დახედა და 2011 წლის მოახლოვება დაინახა. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთიდან გამოსვლას დაიწყებენ.

„ჩემი აზრით, სხვადასხვა მიზეზების გამო, კარზაიმ გააცნობიერა, რომ პაკისტანთან უკეთესი ურთიერთობა მის ინტერესებში შედის. ამ მოსაზრებას კი 2011 წელი ამყარებს. წარსულში ავღანეთსა და პაკისტანს შორის კარგ ურთიერთობას ყოველთვის ავღანელები აფუჭებდნენ. ისინი გადაწყვეტდნენ ხოლმე, რომ დაიღალნენ პაკისტანის მანიპულირებით და პაკისტანელ „ძმებთან“ ურთიერთობას აცივებდნენ,“ ამბობს ქალბატონი შეფერი.

ავღანეთში გავლენის შენარჩუნება პაკისტანის სტრატეგიული დოქტრინის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ამის გათვალისწინებით, ისლამაბადისთვის ავღანეთის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ინდოეთს საკუთარი გავლენის გავრცელებაში უშლის ხელს.

კარგი მეზობლები თუ ისტორიული მტრები?
კარგი მეზობლები თუ ისტორიული მტრები?

ანალიტიკოსების აზრით, ინდოეთი პაკისტანის მოქმედებების მიუხედავად, ავღანეთში დიპლომატიური და ეკონომიკური გავლენის გაზრდას ცდილობს.

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტინ ფეარი აცხადებს, რომ ინდოეთიც კალენდარს უყურებს და აცნობიერებს, რომ ავღანეთში გავლენის გამყარების შესაძლებლობა შეიძლება მალე დასრულდეს. პაკისტანში ამას კარგად ხედავენ:

„სულ სხვა საკითხია ის, თუ როგორ გააგრძელებს ინდოეთი პოლიტიკურ თამაშს. ინდოეთი ამერიკის უსაფრთხოების გარენტიებით სარგებლობს. მაგრამ ქვეყანაში სერიოზული დებატები მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდება ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ. საბოლოო ჯამში, თვალწინ გვაქვს რთული სურათი, რომელშიც რამდენიმე მოთამაშეა, რომლებმაც არ იციან თუ რას გააკეთებს მოპაექრე,“ ამბობს პროფესორი ფეარი.

ამერიკა კი მოხარულია ისლამაბადსა და ქაბულს შორის ურთიერთობის გამოსწორებით. ეს ამერიკის მთავრობის ძალისხმევას ავღანეთში საგრძნობლად შეამსუბუქებს. ვაშინგტონი რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს ბალანსის დაცვას, მათ შორის ავღანეთის კორუმპირებულ მთავრობასთან და სკეპტიკურად განწყობილ ისლამაბადთან.

ანალიტიკოსების აზრით, ავღანეთში შეინიშნება ტენდფენცია, რომ პაკისტანთან ურთიერთობის გამოსწორებასთან დაკავშირებულ ენთუზიაზმს ეროვნული უმცირეოსობები არ იზიარებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პაკისტანთან ურთიერთობის დარგულირება კარზაის ერთნიკურ ჯგუფს, პაშტუნებს პრივილეგირებულ სტატუსს ანიჭებს. ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში ფრანსეს ვენდრელი ამბობს:

„ჩემი აზრით, არა-პაშტუნები, ისევე როგორც პაშტუნების დიდი რაოდენობა, ამით მოხარული არ არის. არა-პაშტუნებს საკუთარი გავლენის შემცირების ეშინიათ, ხოლო პაშტუნების ნაწილი კი ანტი-პაკისტანური შეხედულებებისაა.“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ავღანეთსა და პაკისტანს შორის არცთუ ისე მეგობრული ისტორიის გათვალისწინებით, რთული სათქმელია რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კეთილმეზობლობა. ურთიერთობის თავიდან ასარევად 2008 წელს მომხდარი მოვლენების მსგავსი შემთხვევაც კი შეიძლება საკმარისი გახდეს. მაშინ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ინდოეთის საელჩოს წინ თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბმა მეამბოხეებმა აიღეს, ხოლო ავღანეთის მთავრობამ კი შეფარულად პაკისტანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავდასხმა უცხო სახელმწიფოს სპეც-სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG