ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამანდა ბენეტი: "ამერიკის ხმის" რუსული ბიუროსთვის მუქარა უცხო არაა


გასულ წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ რამდენიმე გამოძიება პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა ამერიკელი კანონმდებლები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები რუსეთში უფრო და უფრო ძლიერი წნეხის ქვეშ ექცევიან.

ჰელსინკის კომისიის - დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტოს, რომლის მისიაც ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგია - წევრები ოთხშაბათს ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად განეხილათ ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჟურნალისტებს ემუქრებათ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ შაბო ამბობს, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი პრესის მხარდაჭერა რუსეთში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს პუტინის სტრატეგიასთან დაპირისპირება. სტრატეგიასთან, რომელიც გულისხმობს მის მიმართ კრიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ამერიკის ხმის“ დირექტორმა ამანდა ბენეტმა, რომელიც შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, განაცხადა, რომ ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს თანამშრომლებისთვის ეს ყველაფერი ახალი არ არის და მათ თავიდანვე რთულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თუმცა მდგომარეობა ბოლო დროს განსაკუთრებით გაუარესდა.

„ამერიკის ხმის“ რუსული სერვისი 1947 წლიდან ფუნქციონირებს. მუქარა და დაშინების მცდელობა ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში გაძლიერდა შევიწროება რუსეთის ძალოვანი უწყებების მხრიდან, არის გაურკვეველი ბიუროკრატიული შეფერხებები და ასევე მზარდი, ნეგატიური საჯარო რიტორიკა ზოგადად იმ ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ, რასაც "ამერიკის ხმა" აკეთებს.

დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი, რომელიც კონგრესის პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორპარტიული ჯგუფის თანდამფუძნებელია, ამბობს, რომ "მაუწყებელთა მმართველი საბჭო", რომელიც "ამერიკის ხმის" საქმიანობას ზედამხედველობს, გააგრძელებს მის მხარდაჭერას იმისთვის, რომ რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობას დაბალანსებულ და ყოველისმომცველ, მრავალმხრივ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG