ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლური პრესის მიმოხილვა


დასავლური პრესის მიმოხილვა
დასავლური პრესის მიმოხილვა

<!-- IMAGE -->

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ სი.ჯეი.ჩივერსის სტატიით სათაურით „გამოძიების შედეგებმა ცხადყო, რომ კრიტიკოსის სიკვდილი ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდება,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ 25 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„უმარ ისრაილოვი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასულ წელს მოკლეს როცა იგი სასურსათო მაღაზიიდან თავისი ბავშვებისთვის ნაყიდი იოგურტით, კვერცხებითა და ტკბილეულით გავსებული ჩანთებით გამოვიდა. მას შემდეგ რაც მან პირადად დაადანაშაულა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ოპონენტების წამებაში, გატაცებასა და მკვლელობაში, იგი უცხოეთში იმალებოდა.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, რომელმაც მეამბოხეების წინააღმდეგობა სასტიკი მეთოდებით ჩახშო და რომელსაც კრემლი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს, ენერგიულად უარყო მისი ყოფილი მცველის ბატონ ისრაილოვის ბრალდებები.
მაგრამ ბატონ ისრაილოვის მკვლელობის 15-თვიანმა გამოძიებამ, რომელსაც ავსტრიის სამართალდამცავები ახორციელებენ, გამოამჟღავნა კავშირები მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებსა და ბატონ კადიროვის ერთ-ერთ უახლოეს მრჩეველს შაა ტურლაევს შორის. ეს ცალფეხა ყოფილი მემაბოხე, რუსეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბატონ კადიროვის ბინძურ საქმეებს კურირებს.

ამას გარდა გამოძიებამ ცხადყო, რომ ჩეჩნეთში დამკვიდრებულმა სისასტიკემ კავკასიიდან დასავლეთ ევროპამდეც მიაღწია, სადაც ბატონმა ისრაილოვმა პოლიტიკური თავშესაფრის უფლება მიიღო. ავსტრიის ფედერალურმა გამომძიებლებლმა ანტი-ტერორისტულ საკითხებში გამოამჟღავნეს მკვლელობის გეგმა, რომლის შესრულებისას პანიკაში ჩავარდნილი მკვლელები ერთმანეთს ფიჭვური ტელეფონებით უკავშირდებოდნენ. როგორც ირკვევა მიმალვის პროცესში მათ შაა ტურლაევისთვისაც დაურეკავთ. აღსანიშნავია, რომ მკვლელობამდე ორი მათგანი ავსტრიაში ბატონ ტურლაევს პირადად შეხვდა და ტურლაევის პასპორტის ასლი გაქცევისთვის განკუთვნილ ავტომანქანაში იქნა ნაპოვნი.
ახალი მტკიცებულება ბატონ კადიროვის მიერ ბრალდებების უარყოფას ეჭვის ქვეშ აყენებს და ბატონ ისრაილოვის მკვლელობაში ჩეჩნეთის პრეზიდენტისა ან მისი მთავრობის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ კითხვებს ბადებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ამ ბოლო დროს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ოპონენტებისა თუ მეტოქეების დაკვეთის სტილში შესრულებული მკვლელობები ჩეჩნეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, მოსკოვში, ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში. ამ მკვლელობების ფონზე იქმნება შთაბეჭდილება რომ ბატონი კადიროვი, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის დამსახურებაა, თვლის, რომ იგი ნებისმიერი ქვეყნის კანონზე მაღლა დგას.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ისაბელ გორსტის სტატიით სათაურით „ყირგიზეთის ლიდერი ‘'შეუსრულებელი მისიის’' წინაშე დგას, რომელიც გაზეთ „ფაინენშლ თაიმსის“ 25 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:


„ყირგიზეთის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და დროებითი მთავრობა წესრიგის აღდგენასა და საკუთარი ლეგიტიმურობის დამყარებას ცდილობს. შესწორებული კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს და პოლიტიკურ პლურალიზმს აკანონებს, ივნისში დაგეგმილ სახალხო რეფერენდუმზე ყირგიზეთის მოქალაქეების წინაშე წარსდგება. ხოლო ოქტომბერში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.
ამასობაში რუსეთსა და შუა აზიის მეზობელ სახელმწიფოებში შეინიშნება მზარდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ყირგიზეთში არსებულმა არეულობამ შეიძლება საზღვრები გადალახოს და შედეგად რეგიონში კიდევ ერთი ავღანეთი წარმოიშვას.

დროებითი მთავრობის ლიდერი ქალბატონი როზა ოტუნბაევა გამოცდილი დიპლომატი და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია. იგი წარსულში ყირგიზეთის ელჩი იყო ვაშინგტონსა და ლონდონში. ოტუნბაევას მიაჩნია, რომ მან გაყოფილ ქვეყანაში შემრიგებლის როლი უნდა შეასრულოს, მაგრამ იგი მზად არის მიიღოს რთული გადაწყვეტილებები კანონიერების აღსადგენად და ყირგიზეთის ინტერესების დაბალანსების მიზნით.
გასულ კვირას კრემლმა დროებით მთავრობას მოუწოდა ყველა ღონე იხმაროს ყირგიზეთში ანარქიის თავიდან ასაცილებლად და განაცხადა, რომ ქვეყანაში მცხოვრები რუსების დასაცავად მოსკოვი მზად არის მიიღოს სამხედრო ზომები. ქალბატონი ოტუნბაევა ირწმუნება, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული კრიმინოგენური მდგომარეობა სიღარიბითა და მიწის ნაკვეთების უკმარისობით იყო განპირობებული და არა ეთნიკური სიძულვილით. ‘ეთნიკური შუღლი ჩვენთან ორგანიზებულ ხასიათს არ ატარებს, მადლობა ღმერთს"- აღნიშნა მან.

რუსეთთან დაპირისპირება შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს. გასულ კვირას ბატონმა ბაკიევმა აღიარა, რომ მან მოსკოვის მხარდაჭერა დაკარგა მაშინ როცა საკუთარი სიტყვა გატეხა და ბიშკეკის მახლობლად მდებარე შეერთებული შტატების საჰაერო ბაზა არ დახურა.
მაგრამ ქალბატონმა ოტუნბაევამ აღნიშნა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ შეერთებული შტატებისთვის საჰაერო ბაზის იჯარის ერთი წლით გაგრძელების შესახებ მოსკოვში წინააღმდეგობა არ გამოიწვია. ‘რუსეთი ბაზის გამო ჩვენზე ზეწოლას არ ახდენს. რუსეთი რაციონალური სახელმწიფოა და მას სტაბილური ყირგიზეთი ესაჭიროება"- აღნიშნა მან.

მართალია დამხობილი პრეზიდენტი ხელისუფლებაში ალბათ ვეღარ დაბრუნდება, მისი ოჯახის წევრები ქვეყანაში სტაბილურობას ძირს უთხრიან და, როგორც ამტკიცებენ, მათ დროებითი მთავრობის წევრების ფიზიკურად გასანადგურებლად მკვლელებიც ჰყავთ დაქირავებულები. ამასობაში კი ბატონ ბაკიევისა და მისი კლანის მტრები ქვეყანაში არსებულ არეულობას შურისძიებისა და კერძო საკუთრების ჩამორთმევის მიზნით იყენებენ.“

XS
SM
MD
LG