ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატიური შეურაცხყოფა


დიპლომატიური შეურაცხყოფა

<!-- IMAGE -->


ხვალ სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია უნდა დაიწყოს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები უკვე სტრასბურგში იმყოფებიან, თუმცა სესიის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ამბავი, რასაც ქართულმა მედია-საშუალებებმა დიპლომატიური სკანდალი უწოდეს.

22 აპრილს მოსკოვში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი დევიდ უილშირი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის არაერთმა წევრმა დაადასტურა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა მოსკოვში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საელჩოში, რაც ქართული მხარისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტი აღმოჩნდა.

შეხვედრის ადგილთან დაკავშირებულ უხერხულობაზე კომენტარი გააკეთეს როგორც თავად უილშირმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პრესკონფერენციაზე მან საჭიროდ მიიჩნია გამოხმაურებოდა აღნიშნულ თემას და განაცხადა, რომ უილშირის შეხვედრა ჩოჩიევთან პირადი ინიციატივა იყო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ევროსაბჭოს პოზიციასთან. მან ასევე დასძინა, რომ ევროსაბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

თავად იულშირს შეხვედრის ფაქტი არ უარუყვია, განაცხადა მხოლოდ ის, რომ შეხვედრის ადგილი იყო არა არაღიარებული რესპუბლიკის საელჩო, არამედ ჩვეულებრივი ოფისი. „“სამხრეთ ოსეთი“, ასეთი სახელმწიფო არ არსებობს და ბუნებრივია, ვერც მე მოვხვდებოდი მის საელჩოში“,- განაცხადა დევიდ უილშირმა.

შეხვედრის ადგილად საელჩოს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სერგი კაპანაძე. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ ქართული მხარე მართალია ხვალ ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს, დაესწრება ჰაიდი ტალიავინის გამოსვლასაც, რომელიც ასევე ხვალ იგეგმება, მაგრამ არ მოისმენს უილშირის მიერ მომზადებულ მოხსენებას საქართველო-რუსეთის ომის თემაზე.

„პასუხის პასუხის გაკეთებას არ ვაპირებთ, ჩვენი პოზიცია უკვე ცნობილია. თუ რაიმე სახის გაურკვევლობას აქვს ადგილი, ბუნებრივია, უნდა იყოს გარკვევის მცდელობა. დევიდ უილშირი ამ დრომდე არ დაგვკავშირებია და ჩვენთვის არაფერი განუმარტავს,“- ამბობს სერგი კაპანაძე.

XS
SM
MD
LG