ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო ფლოტი 2042 წლამდე დარჩება


სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო ფლოტი 2042 წლამდე დარჩება

<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით რუსეთ-უკრაინას შორის შავის ზღვის ფლოტისთვის სევასტოპოლში არენდის გაგრძელების თაობაზე მიღწეული შეთანხმება არ ნიშნავს უკრაინის გადასვლას მოსკოვის ორბიტაზე.

ქალბატონი კლინტონის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსების პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რაც უკრაინის ისტორიული და გეოგრაფიული პოზიციით არის გამოწვეული.

ნატოს გენერალური მდივანის ანდრეს რასმუსენის განცხადებით შავი ზღვის ფლოტზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეთანხმების შედეგია.

მისი თქმით:“ ჩვენი გადაწყვეტილებით უკრაინას და საქართველოს შეუძლიათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, თუ დააკმაყოფილებენ აუცილებელ კრიტერიუმებს და რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილიც იქნება.“

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის ჟამს, თუმცა ახლა ის აცხადებს რომ უკრაინელი ხალხი მზად არ არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

რუსეთი ეწინააღმდგება ნატოს ექსპანსიას აღმოსავლეთ ევროპაში და აცხადებს რომ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრება.

ვიქტორ იანუკოვიჩმა და დიმიტრი მედვედევმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს რომლის მიხედვით სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო ფლოტი 2042 წლამდე დარჩება. არადა რუსეთის ფლოტს 2017 წელს ეწურებოდა სევასტოპოლში საზღვაო ბაზის არენდის ვადა.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს რომ იანუკოვიჩთან მიღწეული შეთანხმების წყალობით შავი ზღვის აუზის ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტია შეექმნებათ. ამ თვალსაზრისს არ იზიარებს მოსკოვში გამომავალი რეგიონალური სტრატეგიის ჟურნალის რედაქტორი მარინა ლუჟიკოვა, რომელიც მიიჩნევს რომ აღნიშნულ შეთანხმებაში საერთაშორისო რეალიები არ არის გათვალისწინებული. მაგალითად უკრაინა და რუმინეთი დაობენ ნავთობით მდიდარ კუნძულ ზმეინის გამო. რუმინეთმა უკვე გამოთქვა პროტესტი რომ ამ დავაში უკრაინამ შესაძლოა მესამე ქვეყანა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებას საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინება მოუწევს. ნატოს კონფერენციაზე ბულგარელი და რუმინელი დიპლომატები საჯაროდ გამოხატავდნენ შეშფოთებას რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერების საფრთხესთან დაკავშირებით.

ამ ფონზე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოსკოვის გეგმები ფრანგული ავიამზიდის მისტრალის შესყიდვასთან დაკავშირებით. თანაც ეს ავიამზიდი ხომ აშკარად შემტევ ფუნქციებს ასრულებს და არ განეკუთვნება თავდაცვითი იარაღის სახეობას.

რუსეთთან გარიგებამ უკრაინის ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. მარინა ლუჟიკოვას განცხადებით:“ ეს შეთანხმება არღვევს უკრაინის კონსტიტუციას, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის დოქტრინას. უკრაინის კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესაბამისად უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალულია უცხოეთის სამხედრო ბაზების არსებობა. უკრაინის ოპოზიცია აცხადებს რომ აღნიშნული შეთანხმება არღვევს უკრაინის როგორც მიუმხრობელი ქვეყნის სტატუსს, რომელმაც დასავლეთისგან და მოსკოვისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

XS
SM
MD
LG