ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთის შეჯახება ისლამთან''


„რუსეთის შეჯახება ისლამთან''

<!-- IMAGE -->

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ პოლ ჰენზესა და ენდერს ვიმბუშის სტატიით სათაურით „რუსეთის შეჯახება ისლამთან," რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში" 14 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„რუსეთში მუსლიმთა რიცხვს სხვადასხვანაირად აფასებენ, მაგრამ მათ შორის შეინიშნება ბუნებრივი ზრდა, რომელიც რუსებს უსწრებს რადგან ისინი დემოგრაფიულ ვარდნას განიცდიან. ათ წელიწადში მუსლიმ ხალხთა რიცხვი რუსეთის მოსახლეობის 20 პროცენტამდე გაიზრდება. რასაკვირველია ყველა მუსლიმი რადიკალი ან პოტენციური ტერორისტი როდია, მაგრამ ბოლო წლებში ჩეჩნებისა და ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ რუსეთის მთავრობის დაუნდობელი პოლიტიკის შედეგად მუსლიმთა უმეტესობის შეგუება რუსეთის ხელისუფლებასთან უდავოდ რთული იქნება.

ჩეჩნეთის წინააღმდეგობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ნაციონალისტური და ანტი-კოლონიალისტური იდეების გარდა ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ისლამს. რუსეთის სისასტიკის ზრდის პარალელურად კავკასიელი მუსლიმების ერთგულება ისლამის კონსერვატიული ფორმის მიმართ იზრდებოდა. ამას რასაკვირველია ხელს უწყობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში არაბეთის სამყაროდან ჩასული ვახაბიტი მისიონერები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩეჩნებს ხელს უწყობდნენ.

ჩეჩენი მებრძოლების დაახლოება რადიკალური ისლამის გლობალურ თანამეგობრობასთან ნაწილობრივ მაინც აიხსნება იმით, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში მხარდაჭერას ეძებენ. მაგრამ მათ შორის ზოგიერთს ნამდვილად სჯერა, რომ ისლამი მათ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობს. ამდენად არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის მთავრობა ქვეყნის სამხრეთ რეგიონში წარმოქმნილ პრობლემებს მხოლოდ 'ისლამური ფუნდამენტალიზმის' ჭრილში აღიქვამს.

მაგრამ ეს პრობლემა სხვა რეგიონებშიც გავრცელდება. თვით კავკასიაში ის უკვე დაღესტნელებს შორის შეინიშნება, რომლებიც აზერბაიჯანსა და კასპიის ზღვას შორის მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თათრები, რომლებიც რუსეთის მეორე ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას შეადგენენ, და ბაშკირები, რომლებიც ვოლგის რეგიონში მცხოვრები მუსლიმები არიან, რუსეთისგან უპრეცედენტო ავტონომიის უფლებას ითხოვენ და ზოგიერთი მათგანი სრულ დამოუკიდებლობასაც მოითხოვს. ამას გარდა, მუსლიმი სასულიერო პირები მოსკოვის წინააღმდეგ ღიად საუბრობენ."

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ჯექსონ დიელის სარედაქციო წერილით სათაურით „ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ობამამ მოკავშირე უგულვებელყო," რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" 13 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. წერილში ვკითხულობთ:

„იმ პირებს შორის ვინც ობამასთან აუდიენცია არ დაიმსახურა იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვაშინგტონში შეხვედრის მაგივრად ორი კვირის წინ სატელეფონო საუბარი დაიმსახურა. მის მიმართ ამგვარი უგულვებელყოფა მოსკოვში ალბათ კმაყოფილების ღიმილებს გამოიწვევდა, რადგან სააკაშვილი იქ საზოგადოების პირველ მტრად არის გამოცხადებული, ლიდერი, რომლის ხელისუფლებიდან მოცილება რუსეთმა 2008 წლის ზაფხულში წარუმატებლად სცადა. იმავდროულად უნდა ითქვას, რომ ობამა უკრაინის პრეზიდენტსა და კრემლის მეგობარს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა. ამას გარდა იგი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - სომხეთისა და თურქეთის - ლიდერებს შეხვდა და როგორც ცნობილია მათ რუსეთთან ძალზედ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ობამამ სააკაშვილს სატელეფონო საუბრის დროს ავღანეთში სამხედრო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით მადლობა მოუხადა, მაგრამ საუბრის ქართული ვერსიის თანახმად, მას არაფერი უთქვამს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილზე. აგრეთვე გამოტოვებული იყო საქართველოს ინტერესი შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაში, რომელიც 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამეორების თავიდან აცილების წინაპირობაა. ობამას ადმინისტრაციასთან ამ სფეროში მოლაპარაკებების შესახებ ბატონმა სააკაშვილმა 'ვაშინგტონ პოსტის' რედაქტორებსა და ჟურნალისტებთან 12 აპრილს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მხარეები ამ საკითხე მუშაობენ. მან აგრეთვე განაცხადა, რომ 'ეს თანამიმდევრული პროცესი იყო, რომელიც გარკვეულ დროს დაიკავებს.'

ყოველ შემთხვევაში სააკაშვილმა სატელეფონო ზარი დაიმსახურა მაინც, მაშინ როცა მისი მეზობელი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საერთოდ არ დაპატიჟეს. აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა პროტესტის ნიშნად განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ადგილმდებარეობა ირანსა და რუსეთს შორის ბირთვული მასალების ტრაფიკინგის შესახებ ნებისმიერი განხილვისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ თეთრმა სახლმა ალბათ გადაწყვიტა, რომ ალიევის მოწვევა თურქეთ-სომხეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენის მცდელობებს ხელს შეუშლიდა. როგორც ჩანს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს პრეზიდენტ ობამას განრიგი სწორედ ამგვარ ეზოთერულ გათვლებს ემყარებოდა."


XS
SM
MD
LG