ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი მხარს უჭერს ყირგიზეთის დროებით მთავრობას


აშშ-ი მხარს უჭერს ყირგიზეთის დროებით მთავრობას
<!-- IMAGE -->

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალ მთავრობას ყირგიზეთის სამხედრო ძალები და შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებენ.
დღეს ბიშკეკში გამოსვლისას როზა ოტუნბაევამ აღნიშნა, რომ ყირგიზეთის სამხედრო ძალები ახალ მთავრობას ემხრობა. მისი თქმით:
„ჩვენ სამხედრო ძალებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებსა და პოლიციაზე სრულ კონტროლს ვფლობთ. რასაკვირველია მათ შორის არიან ისინიც ვინც ბაკიევის მიმართ გარკვეული სიმპატიით არიან განწყობილნი. ეს კი იმით აიხსნება, რომ ამ ძალების ნაწილი ბაკიევის ოჯახის, მისი ძმის და მისი მომხრეების შექმნილია.“
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დროებით მთავრობას მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები, შეერთებული შტატების ჩათვლით.
ევროკავშირის წარმომადგენელმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი დროებით მთავრობასა და დამხობილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს შორის შუამავლობს. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი დროებით მთავრობასთან თანამშრომლობს.
ამასობაში ყირგიზეთის სამხრეთში მყოფი ბატონი ბაკიევი დღეს პირველად საჯაროდ გამოჩნდა ბიშკეკში გასულ კვირას მომხდარი არეულობის შემდეგ. სოფელ ტეიტში გამოსვლისას ბატონმა ბაკიევმა მომხრეებს მიმართა. მან დროებითი მთავრობის წევრებს „ბანდიტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყირგიზეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად დაყოფის მცდელობას წარმოადგენს.
გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბატონმა ბაკიევმა განაცხადა, რომ თუ დროებითი მთავრობა მის განადგურებას ან დაკავებას შეეცდება, მაშინ ამგვარი მცდელობა „იმდენ სისხლისღვრას გამოიწვევს, რომ მას ვერავინ გაამართლებს.“
შეერთებული შტატების მთავრობა ყირგიზეთში დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერს და არ აპირებს დამხობილი პრეზიდენტისთვის პოლიტიკური თავშესაფრის შემოთავაზებას. დღეს ყირგიზეთში შეერთებული შტატების ელჩი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელს როზა ოტუნბაევას შეხვდა. შეხვედრის დროს მან შეერთებული შტატების სახელით ბიშკეკში გასულ კვირას მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
ამასობაში დროებითი მთავრობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალმაზ ატამბაევმა განაცხადა, რომ ბატონი ბაკიევის დასაკავებლად „სპეციალური ოპერაცია“ იგეგმება, რომელსაც, მისი თქმით, „უდანაულოთა სისხლისღვრა არ მოჰყვება.“



XS
SM
MD
LG