ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა :


უცხოური პრესის მიმოხილვა :

<!-- IMAGE -->

მართალია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში პოლონეთის პრეზიდენტის და მთავრობის წევრთა დაღუპვაა, თუმცა ტრაგედიის წინა დღეს, 9 აპრილს, მსოფლიო ენერგოპოლიტიკაში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რაზეც ჩვენი მსმენელის ყურადღება გვსურს შევაჩეროთ და ამ თემაზე საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია მიმოვიხილოთ.
საქმე იმაშია, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე რუსულ ქალაქ ვიბორგთან ფინეთის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის პრეზიდენტმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ იგივე „ნორდ სტრიმის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მედვედევის გარდა ვიბორგში ჩრდილოეთის ნაკადის გახსნაზე ჩავიდნენ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იან პიტერ ბალკენენდე, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, გერმანიის ექს-კანცლერი და ჩრდილოეთის ნაკადის აქციონერთა კომიტეტის ხელმძღვანელი გერჰარდ შრიოდერი, ასევე „გაზპრომის“ ხელმძღავენლი ალექსეი მილერი და ჩრდილოეთის ნაკადის აღმასრულებელი დირექტორი მატიას ვარნიგი.
ჩრდილოეთის ნაკადი, რომელიც რუსულ გაზზე იქნება დაფუძნებული, ბუნებრივ აირს გერმანიას, ნიდერლანდებს, ბელგიას, საფრანგეთს, დანიას, ჩეხეთს და დიდ ბრიტანეთს მიაწვდის. გაზსადენის პირველი ტოტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება დ 2 წელიწადში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ „ჩრდილოეთ ნაკადს“ თავის დროზე მძაფრი წინააღდეგობა შეხვდა ევროპარლამენტის და რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე პოლონეთი და მისი ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტი კაჩინსკი იყო.

თუმცა, აი რას წერს ლატვიური გამოცემა „დიენა“:
„ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მეტად გახმაურებული მეგაპროექტის - „ნორდ სტრიმის“, იგივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ რეალიზაციას, როგორც ჩანს წინ უკვე ვეღარაფერი დაუდგება“.
„ნორდ სტრიმის“ მშნებელობის დაწყებას გავლენიანი ამერიკული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალიც“ გამოეხმაურა.
„ნორდ სტრიმი, რომლის 51 პროცენტსაც გაზპრომი ფლობს, 758 მილის სიგრძის გაზსადენით რუსეთს და გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით დააკავშირებს, და ფინეთის, შვედეთის და დანიის ტერიტორიულ წყლებს გადაკვეთს. ეს პროექტი რუსეთის სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც გაზის ბიზნესთან დაკავშირებული იმ პოლიტიკური რისკების შემცირებაა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გატარებას უკავშირდებოდა.
რუსეთის გაზის ევროპაში მიწოდებას წარსულში ბელარუსთან და უკრაინასთან სატრანზიტო პრობლემების წარმოქმნამ შეუშალა ხელი. “
წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი.“
როგორი იქნება ამ ფონზე სხვა პოტენციური თუ მოქმედი გაზსადენების ბედი? ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს რუმინული გამოცემა „დიპლომატი“ სათაურით „გაზსადენებით თამაშის წესები იცვლება“
გამოცემის თანხმად, გაზსადენებით ბრძოლამ, რუსეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დაახლოებით ისეთივე ვითარება წარმოქმნა, როგორც ცივი ომის ეპოქაში, განსაკუთრებით 1980იანი წლების დასაწყისში გამალებული შეიარაღების სფეროში იყო.

იმ დროს, როდესაც რუსეთი დასავლეთ ევროპაში თავის გაზის მარშრუტების გაზრდას ცდილობს, თავის მხრივ, დასავლეთ ევროპა, უკვე რუსეთის გვერდის ავლით სხვა ალტერნატიული სადენების პროექტების გაძლიერებას ესწრაფვის. თუმცა, ამავდროულად ისეთი ალტერნატიული პროექტი, კი როგორიცაა „ნაბუკო,“ რუსეთთან გაყინული უღტეიღტიობის გალღობას ცდილობს. ამის მაგალითად გამოცემას მოყავს ენერგეტიკულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის, რიჩარდ მორნინგსტარის შეთავაზება რუსეთისადმი, რომლის თანხმადაც შესაძლებელი იქნება „გაზპრომის“ ნაბუკოს მილსადენის პროექტში ჩართვა. მორნინგსტარის თანამხად, ასეთ შემთხვევაში „ნაბუკოში“ მონაწილეობა, „გაზპრომს “რუსეთ-თურქეთის „ცისფერი ნაკადის“ მილსადენის საშუალებით მოხდება.
ამ შეთავაზებასვე ეხმაურება შავი ზღვის ენერგეტიკული და ეკონომიკური ფორუმის რეგიონალური დირექტორი ალექს სერბანი
„რუსული გაზის ნაბუკოსთვის მიწოდება პრაგმატული გადაწყვეტილებაა, რადგანაც კასპის რეგიონის ზოგიერთი გაზსაბადოდან ჯერ კიდევ არ არის მზადყოფნა ამ პროექტში ჩასართავად“. აცხადებს სერბანი გაზეთ „დიპლომატში.“ მისი აზრით, ვიდრე ვიდრე ვითარება შეიცვლება და ბუნებრივი აირის სხვა პოტენციური წყაროები ჯერ ნაპოვნი არ არის, „გაზპრომი“ შესაძლოა „ნაბუკოს“ ერთერთ წყაროდ იქცეს.
„თუკი „გაზპრომი“ „ნაბუკოს“ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ეს წარმატება იქნება“ - ეს სიტყვები კი გამოცემის თანახმად, „ნაბუკოს“ ერთერთ ლობისტს და გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იოშკა ფიშერს ეკუთვნის.
რუმინულ გამოცემას „გაზპრომის“ და „ნაბუკოს“ თანამშრომლობის მოწინააღმდეგე ანალიტიკოსის ვლადიმირ სოკორის სიტყვებიც მოჰყავს.
სოკორის აზრით, თუკი „გაზპრომი“ „ნაბუკოში“ ჩაერთვება, ეს ნიშნავს, რომ ევროპა ამ გაზსადენის მშენებლობას რუსეთისთვის დააფინანსებს.
ჩვენ შემოგთავაზეთ, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული ის სტატიები, რომელიც საერთაშორისო გაზსადენების თემას შეეხება. ანალიზი და კომენტარი კი, ძვირაფსო რადიო მსმენელებო თქვენთვის მოგვინდვია.




XS
SM
MD
LG