ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაძარცვული ერაყის ეროვნული მუზეუმი გაიხსნა


გაძარცვული ერაყის ეროვნული მუზეუმი გაიხსნა
გაძარცვული ერაყის ეროვნული მუზეუმი გაიხსნა

<!-- IMAGE -->

ხელოვნებათმცოდნეები ამ ფაქტს ცივილიზაციის წაბილწვად მოიხსენიებენ. 2003 წელს, სამი დღის განმავლობაში მძარცველებმა ერაყის ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზები და სანახები გაქურდეს. მაშინ მუზეუმიდან 15 ათასამდე ფასდაუდებელი ობიექტი დაიკარგა. ბევრი მათგანი შუამდინარეთის უძველესი ცივილიზაციების მიერ მრავალი ათასი წლის წინ იყო შექმნილი:

„ამ ნივთებისგან თვითოეული უნიკალურია კაცობრიობის ისტორიისთვის. ეს ნივთები ჩვენს მუზეუმში ინახებოდა. ახლა კი ბევრი მათგანი განადგურებულია, ბევრი კი გატაცებული. როდესაც ამის შესახებ ვფიქრობ გული მიმძიმდება“. გვეუბნება მუზეუმის ყოფილი გენერალური დირექტორი დონი ჯორჯ იუხანა.

ჯორჯი ერაყიდან ბრძოლების მიმდინარეობის დროს გამოიქცა და ახლა ნიუ იორკის მახლობლად მდებარე უნივერსიტეტში ანთროპოლოგიას ასწავლის.

ამასობაში კი მუზეუმი იტალიისა და შეერთებული შტატების დახმარებით აღადგინეს და გატაცებული ხელოვნების ნიმუშების ნახევარსაც მიაგნეს. გასულ წელს მუზეუმი დიდი ზარ-ზეიმით ხელახლა გაიხსნა. თუმცა მრავალი საგამოფენო დქრბაზი ჯერ კიდევ დახურულია მნახველისთვის და აქ შეღწევის საშუალებას მხოლოდ სპეციალურ ჯგუფებს აძლევენ. ჯორჯი თვლის, რომ მუზეუმის გახსნა ნაადრევი იყო და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.

კოალიციის ჯარებმა მუზეუმის შორიახლოს ტანკები დააყენეს. ჯორჯმა მათ დახმარება სთხოვა, მაგრამ ვინაიდან ამერიკელებს ასეთი ბრძანება მიღებული არ ჰქონდათ, მათ ძარცვის შეჩერება არც უცდიათ. იმ კვირას შეერთებული შტატების მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ მუზეუმის გაქურდვა დიდად საყურადრებო ფაქტს არ წარმოადგენს:

„თავისუფლება მოუთოკავი რამ არის და ამიტომაც თავისუფალი ხალხი ბევრ შეცდომას უშვებს და დანაშაულსაც სჩადის. ეს მათი უფლებაა“. განაცხადა რამსფელდმა 2003 წლის 12 აპრილს.

ჯორჯი ამბობს, რომ მძარცველებმა კარგად იცოდნენ ის, თუ რომელი ხელოვნების ნიმუში წაეღოთ და სად ინახებოდა ეს ობიექტები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ძარცვაში მონაწილეობას მუზეუმის თანამშრომლებიც იღებდნენ:

„ეს უდიდესი შოკია. სიტყვა გაბრაზება გრძნობის გამოსახატავად საკმარისი არ არის“. განაცხადა დონი ჯორჯ იუხანამ 2003 წელს მას შემდეგ რაც გაძარცვული მუზეუმი მოინახულა.

„იმ კვირა დღეს მუზეუმში რომ მივედით აღმოვაჩინეთ, რომ ას ოცი ოთახი იყო გაჩანაგებული. ყველაფერი წაღებული იყო. ჩამტვრეული იყო ყველა კარი, ხოლო იატაკი ქარალდებით იყო მოფენილი“. ასე იხსენებს 2003 წლის 12 აპრილს ჯორჯი.

საბედნიეროდ კოალიციის ინტერვენციის დაწყებამდე ყველაზე ძვირფასი ნივთების, მათ შორის ოთხი ათას ხუთასი წლის წინ შუმერის ქალაქ ურში დამზადებული ოქროს ლირის გადამალვა მოახერხეს:

„ევაკუირების დროს ჩვენ ლირის ნაწილი, ხარის ოქროს თავი ბრინჯაოს თავით შევცვალეთ. მძარცველებმა სწორედ ეს თავი მოიპარეს. ნამდვილი ოქროსი კი ბაღდადის ცენტრალურ ბანკში ინახებოდა“. გვეუბნება ჯორჯი.

შეერთებული შტატების გამოძიების ცენტრალური სააგენტოს მიერ, მუზეუმიდან გატაცებული, ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში შექმნილი სპილოს ძვლის „დედალი ლომი და ნუბიელი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ძებნილ ხელოვნების ნიმუშადაა მიჩნეული:

„ნამუშევარი ძვირფასი ქვებითაა მორთული და ნაწილობრივ ოქროთია მოვარაყებული. ეს ნამუშევარი მუზეუმის ერთ-ერთ უძვირფასეს მონაპოვარს წარმოადგენდა“. სინანულით გვეუბნება მუზეუმის ყოფილი დირექტორი.

სადღეისოდ მუზეუმის ნიმუშების დათვალიერება ინტერნეტის საშუალებით ყველას ძალუძს. იტალიელებმა შარშან ვირტუალური მუზეუმიც შექმნეს. გატაცებული ხელოვნების ნივთების ძებნა კი მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ბაღდადის მუზეუმი ოდესმე კვლავ შესძლებს ყველა საგამოფენო დარბაზის გახსნას.



XS
SM
MD
LG