ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სად არის საქართველო, რომ იქ წავიდეთ“


„სად არის საქართველო, რომ იქ წავიდეთ“

<!-- IMAGE -->

ქალბატონი, რომელიც ჩვენი სიუჟეტის გმირია, ცხინვალის პირას, სოფელ ერგნეთში ცხოვრობს მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად. მათგან ყველაზე პატარა, ქეთევანი, ომის დროს დაიბადა, 7 აგვისტოს ის ორი წლის გახდება. მისი სამი უფროსი და ერგნეთის სკოლაში სწავლობს. ოჯახში მეოთხე ბავშვი 4 წლის გიორგია. ომის დროს მათი სახლი ბომბის დაცემის შედეგად განადგურდა.

დღეს ისინი ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აგებულ კოტეჯში ცხოვრობენ და ფაქტობრივად, ბოლო მოსახლეები არიან ერგნეთში. ცხინვალი მათგან 100 მეტრშია.

ჩვენი ერგნეთში ყოფნის დროს ცხინვალის მხრიდან გამუდმებით ისმოდა აფეთქებების ხმა. ოჯახის უფროსმა, რომელიც იმ დროს თონის აშენებით იყო დაკავებული, მშვიდად განგვიმარტა, რუსები წვრთნებს გადიან და გრუხუნის ხმაც ამიტომ ისმისო. ქალბატონი გიული დოიჯაშვილის ისტორიის მოსმენა ცრემლების გარეშე შეუძლებელია, თუმცა მიუხედავად სენტიმენტებისა, ის თანამედროვეობის ნამდვილი გმირია.

დღევანდელ სიუჟტში შევეცადეთ, დრო მაქსიმალურად მისი საუბრისთვის დაგვეთმო, რადგან ვფიქრობთ, ჩვენთვის შეუძლებელია ამ ამბის ისე კარგად გადმოცემა, როგორც ეს ქალბატონ გიულის გამოსდის.

გიული დოიჯაშვილი საკუთარ ისტორიას ყვება, რაც ომის დროს გადახდა. იხსენებს როგორ გააჩინა მეხუთე შვილი გორის სამშობიაროში ისე, რომ ამ დროს დანარჩენი შვილები ცოცხლები იყვნენ თუ არა, არ იცოდა.

შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთში მათი სახლი დაინგრა, ისევ სოფელში დაბრუნდა ხუთ შვილთან ერთად და ფიქრობს, რომ მისი შვილები ერგნეთის სკოლაში შესანიშნავ განათლებას იღებენ, რადგან კლასებში 4–5 მოსწავლეა და მასწავლებელს, ფაქტიურად, ინდივიდუალური მუშაობა უწევს ბავშვებთან.

იგი ამბობს, სახლების გაჩუქებას აღარ აპირებს და საკმარისია ისიც, რაც ცხინვალში დატოვა. „მაშინ, მითხარით, ეს თუ არაა, სად არის საქართველო, რომ იქ წავიდე“,– ამბობს ის. იხსენებს, რა სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ ეგრეთ წოდებული მოდელირებული სიუჟეტი გადასცა. წუხს, იმის შესახებ, რომ ისინი არავის ახსოვს, რომ კონფლიქტის ზონა მათთან შედარებით უსაფრთხო სოფლები ჰგონიათ და მათ საცხოვრებლამდე ჩასვლასაც კი ერიდებიან.

„არ გვინდა დახმარება, უბრალოდ, მოვიდნენ და გვნახონ, სიტყვით გვარგძნობინონ, რომ ჩვენს გვერდით არიან“,– ამბობს გიული დოიჯაშვილი.

წამოსვლის წინ მათ აღდგომის მეორე დღეს, სოფლის საერთო, ტრადიციულ დღესასწაულზე მიგვიპატჟეს და გვითხრეს, რომ ამ დღისთვის სოფელში დარჩენილი ყველა მოსახლე სტუმრებს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ელის და ერგნეთის მეთოთხმეტე საუკუნის ეკლესიის ეზოში ბევრი ნაცნობის ნახვის იმედი აქვთ. ეკლესიის კარი დღეს დაკეტილია და გასაღები ქალბატონი გიულის ოჯახს აბარია. მათი სახლი იქვეა, გვერდით კი გზა გადის, რომელზე გავლაც არ შეიძლება.


XS
SM
MD
LG