ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიის დასკვნა


ნიგერიაში ართურ ჯუდა ანჯელს სიკვდილი 1986 წელს მიუსაჯეს იმ დანაშაულთა ჩადენისთვის, რომლებშიც მას ბრალი არ მიუძღვოდა:

„სიკვდილმისჯილთა საკანში ჯდომა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. თქვენ ალბათ გესმით ჩემი. ეს საშინელი ტანჯვაა. მე ამის გამოსახატავად არც ინგლისური მყოფნის და არც ჩემი მშობლიური ენა“. გვეუბნება იგი.

ართური ოცდაერთი წლისა იყო, როდესაც დააპატიმრეს. მან თექვსმეტი წელი დაჰყო ციხეში. იგი ამბობს, რომ ამ პერიოდში ყოველ ღამე კოშმარები ესიზმრებოდა. ართურის თქმით, საკანში ფეხის გაშლაც კი შეუძლებელი იყო:

„საკნის სიგრძე ორ ნახევარი, ხოლო სიგანე კი მხოლოდ ორი მეტრი იყო. უნიტაზის მაგივრობას სათლი ასრულებდა, რომელიც საკანში ნახევარ კვადრატულ მეტრზე მეტს იკავებდა. ზოგჯერ ასეთ საკნებში ცამეტამდე პატიმარს გვეძინა“. აგრძელებს ართურ ანჯელი.

ართურს ეგონა, რომ ყოველი დღე მისთვის უკანასკნელი შეიძლება ყოფილიყო: „მე შევესწარი არაუმცირეს ოთხასორმოცდაათი კაცის სიკვდილით დასჯას. მე მათი სახელები ჯერ კიდევ მახსოვს“. ამბობს იგი.

ამჟამად ნიგერიის ციხეებში რვაასი სიკვდილმისჯილი იმყოფება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში სიკდილის დასჯის განაჩენები სისრულეში მხოლოდ სუდანსა და ბოცვანაში მოიყვანეს. კენიაში ოთხ ათას სიკვდილმისჯილს განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს: „ტროპიკული აფრიკის ორმა ქვეყანამ ბურუნდიმ და ტოგომ 2009 წელს გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენები გააუქმა. ეს იმის მომასწავებელია, რომ მსოფლიო შეუჩერებლივ მიდის სასჯელის უმაღლესი ზომის ყველგან გაუქმებისკენ“

ამბობს საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენელი ფილიპ ლუთერი. თუმცა აქვე დასძენს, რომ ზოგ ქვეყანაში ყოველწლიურად სიკვდილით ძალზე ბევრ ადამიანს სჯიან. ორგანიზაციის აზრით, ჩინეთში შარშან რამდენიმე ათასი კაცი დასაჯეს. თუმცა ამ რიცხვის ზუსტად დადგენა შეუძლებელია:

„ჩინეთში რაც კი სასჯელის უმაღლეს ზომას ეხება საიდუმლოებითაა მოცული. ჩვენი ანგარიშის ფურცლებიდან პეკინს ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროობისკენ მოვუწოდებთ. ჩინეთი აცხადებს, რომ სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულების მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების გარეშე ამ სიტყვების სიმართლის დადასტურება შეუძლებელია“. ამბობს ლუთერი.

პეკინი აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც 2007 წელს ყველა ასეთი მისჯის საქმის ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვა აუცილებელი გახდა, სიკვდილით დასჯამ იკლო. საერთაშორისო ამნისტიის მომნაცემების თანახმად, 2009 წელს ჩინეთის გარდა მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაში სიკვდილით 714 ადამიანი დასაჯეს. სასჯელის უმაღლეს ზომას ყველაზე ხშირად ირანში, ერაყში, საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებში მიმართეს. საერთაშორისო ამნისტია შიშობს, რომ ზოგ ქვეყანაში სასჯელის უმაღლეს ზომას პოლიტიკური მიზნებით იყენებენ: „ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ირანის შემთხვევაში სიკვდილით დასჯას პოლიტიკური ოპონენტების დასაშინებლად იყენებენ. ჩემის აზრით ეს საკმაოდ ნათელი გახდა ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო ორი თვის განმავლობაში“. გვეუბნება ფილიპ ლუთერი.

2009 წელს ირანში სიკვდილით 388 კაცი დასაჯეს. ლუთერის თქმით, მათგან 112 საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო რვა კვირის განმავლობაში გამოასალმეს სიცოცხლეს. ანგარიშში აგრეთვე არნიშნულია ისიც, რომ პირველად მას შემდეგ რაც საერთაშორისო ამნისტია აღრიცხვას აწარმოებს ევროპაში სიკვდილით არვინ დაუსჯიათ.

XS
SM
MD
LG