ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო პენტაგონის დახმარებას მიიღებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა კონგრესს სპეციალური დანიშნულების თანხების გამოყოფა სთხოვა. აღნიშნული თანხა საქართველოს, ხორვატიის, ესტონეთის, ლიტვის, უნგრეთისა და ლატვიის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება, რომლებიც ავღანეთში ამერიკის კოალიციის სამხედრო ოპერაციაში ღებულობენ მონაწილეობას. გამოყოფილი თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება იემენსა და ფილიპინებს ქვეყნის შიგნით სამხედრო უწყებების გასაძლიერებლად.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2006 წლის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ თანახმად, მსგავსი დანიშნულებით გამოყოფილი თანხები ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს კონტრტერორისტული და სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებელი შესაძლებლობების განმტკიცებას უნდა მოხმარდეს. თანხის ნაწილი ასევე განკუთვნილია პარტნიორი ქვეყნების მიერ ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის ეფექტური დახმარების შესაძლებლობის გასამყარებლად.
მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამისთვის 350 მილიონი ამერიკული დოლარია გამოყოფილი. პროგრამის დაარსებიდან დღემდე, თავდაცვის დეპარტამენტმა 100-ზე მეტი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ჩაატარა 50 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც.
პენტაგონის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეიტსმა 22 მარტს კონგრესში გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მოთხოვნილი თანხა შვიდ ქვეყანაში 10 პროგრამის განხორციელებას მოხმარდება. ათიდან ექვსი პროგრამა საქართველოს, ხორვატიის, ესტონეთის, ლიტვის, უნგრეთისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად იგეგმება.