ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წიგნი მეცნიერების და დემოკრატიის ურთიერთკავშირზე


ამერიკაში ტიმოთი ფერის ახალი წიგნი გამოვიდა,რომელიც მეცნიერების და დემოკრატიის ურთიერთ კავშირს ეხება. წიგნის სათაურია "თავისუფლების მეცნიერება" .

მისი ავტორი ამტკიცებს, რომ მეცნიერება თავისუფალ საზოგადოებაში უფრო დინამიურად ვითარდება და თავის მხრივ ლიბერალური დემოკრატიების განვითარებას უწყობს ხელს.

როგორც ამერიკის ხმასთან საუბარში ბატონმა ფერიმ აღნიშნა:

“ ეს ტერმინი მე თანამედროვე მეცნიერების აღსანიშნავად გამოვიყენე. ეს სოციიალური ინსტიტუტია, როდესაც არსებობენ პროფესიონალი მეცნიერები, ლაბორატორიები, უნივერსიტეტის დეპარტამენტები, სამეცნიერო ჟურნალები და ა.შ. ამ სტრუქტურამ მსოფლიოს მეცნიერული გარდაქმნა გამოიწვია.“

ლიბერალიზმში მწერალი არ გულისხმობს ამ სიტყვის პოლიტიკურ მნიშვნელობას. ის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე ლაპარაკობს და არა მცნების კონსერვატორულ ან პროგრესულ გაგებაზე:

“ მე ამ სიტყვაში რეალურ ლიბერალიზმს ვგულისხმობ, რაც ამერიკის მსგავსად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კონსტიტუციურად არის დაკანონებული ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის ჩათვლით. ლიბერალური დემოკრატია სწორედ იმგვარ დემოკრატიას გულისხმობს როდესაც ყველაფრის შეცვლა შეიძლება ადამიანის უფლებების გარდა.“


ტიმოთი ფერი ლიბერალური დემოკრატიის ხარისხს სამეცნიერო მეთოდს ადარებს, როდესაც სხვადასხვა იდეების გამოხშირვით და ერთ მართალ იდეაზე დაყრდნობით მთელი თეორიის აგება შეიძლება.

ბატონი ფერის განცხადებით:“ ლიბერალური დემოკრატიის მთავრობები მუდმივ ექპსერიმენტებში იმყოფებიან და ამაზე სხვათა შორის ამერიკის დამფუძნებელი მამებიც საუბრობდნენ. დემოკრატიული წყობილების სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი ის არის რომ მათ შეუძლიათ დროის მოთხოვნის შესაბამისად ტრანსფორმაცია განიცადონ და მმართველობის ფორმებთან ერთად კანონმდებლობაც შეცვალონ.“


თავის ნაშრომში ტიმოთი ფერი ამტკიცებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ექსპერიმენტალური ბუნება საფრანგეთის რევოლუციის დროს არასწორად იქნა გამოყენებული:

“ საფრანგეთის ბრწყინვალე ფილოსოფიური სკოლის ტრადიციის გამო ფრანგებმა ჩათვალეს, რომ რევოლუციის მიზანი არა მუდმივი ექსპერიმეტის წარმოება იყო არამედ პირდაპირ იდეალური საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს ძალზე სახიფათო იდეა გამოდგა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაციზმი და კომუნიზმი ამავე საბედისწერო შეცდომის გვიანდელი გამოვლინებებია და სხვა არაფერი. ჩემი წიგნი თავისუფლების მეცნიერება სწორედ იმ გაკვეთილის გათავისებას ისახავს მიზნად, რომ მეცნიერული მმართველობის ფუნციონირებისთვის აუცილებელია მისი ექსპერიმენტალურობა იყოს გარანტირებული.“

მწერლის აზრით ისლამური რადიკალიზმი იგივე ანტიმეცნიერული, არალიბერალური ტრადიციის გაგრძელებაა:“ ისლამური რადიკალიზმის მოძრაობას მე-20 საუკუნის დასწყისში ევროპის იმგვარ ცენტრებში ჩაეყარა საფუძველი როგორიც პარიზი იყო.

საფრანგეთის რევოლუციის დროს ძალზე პოპულარული იყო ჟან-ჟაკ რუსოს იდეები ამქვეყნიური სამოთხის შექმნის შესახებ, რომელიც დაახლოებით ბიბლიური ედემის ბაღის მსგავსი იქნება. საოცარია რომ ამ მითს დღემდე უამრავი ადამიანი სინამდვილედ მიიჩნევს, თითქოს სამყარო იდეალურად იყო მოწყობილი და ცივილიზაციამ დაანგრია ეს ჰარმონია. ამიტომაც აუცილებელია ამ ჰარმონიაში დაბრუნება. ამ იდეების ნაწილი ისლამურ რადიკალიზმშიც აისახა. საბედნიეროდ ფაშიზმის მსგავსად ამ თვალსაზრისს არცთუ ისე ბევრი ადამიანი იზიარებს. მათი პროპაგანდა ძირითადად კოლეჯის სტუდენტებზე და უკმაყოფილო ახალგაზრდებზეა გათვალისწინებული.“ აცხადებს მწერალი.

ბატონი ფერის მტკიცებით დღევანდელ მსოფლიოში ყველა მეცნიერულად დაწინაურებული სახელმწიფო დემოკრატიას წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერების მიღწევები ლიბერალური საზოგადოების სიმდიდრეს და ძალაუფლებას განაპირობებს. თანამედროვე მეცნიერებას სხვა სახელმწიფოების შეცვლაც შეუძლია.

ტიმოთი ფერის განცხადებით ახალგაზრდა მეცნერებისთვის სამი რამ არის აუცილებელი. უპირველეს ყოვლისა კარგი შემოსავალი, განათლება და დემოკრატიული სახელმწიფოში ცხოვრება. ბატონი ფერი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის 45% სწორედ ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ცხოვრობს.




XS
SM
MD
LG