ეგრეთწოდებული „კლდის გუმბათი" და ალ-აქსას მეზგითი რომაელების მიერ ორი ათასი წლის წინ დანგრეული იერუსალიმის მეორე ტაძრის ადგილზეა აგებული. აქვე შორიახლოს მდებარე ჰურვას სინაგოგის სარესტავრაციო სამუშაოებმა კი ახალი დაპირისპირება წარმოშვა:
„ეს სინაგოგა ალ აქსას მეზგითის განადგურების დასაწყისია. მათ მეზგითის მაგივრად აქ იერუსალიმის მესამე ტაძრის აგება სურთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ სინაგოგის აღდგენა ცუდის მანიშნებელია". ამბობს მუსლიმთა ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი შეიხი ტაისირ ტამიმი. პალესტინელთა ეჭვს ის ულტრაორთოდოქსი ებრაელებიც ამყარებენ, რომლებსაც მართლა სურთ ახალი ტაძრის აგება:
„არაბები არ ცდებიან. ჩვენ ნამდვილად გვსურს უფლის ტაძრის აგება. ესაა ჩვენი მიზანი". ამბობს ისრაელის მიწის დაბრუნებისა და ტაძრის აგების მოძრაობის წევრი გერშონ სალომონი.
მეშვიდე საუკუნეში მუსლიმთა არმიებმა იერუსალიმი დაიპყრეს და ტაძრის ადგილას ალ-აქსას მეზგითი და კლდის გუმბათი ააგეს. ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად დაიბრუნა აღმოსავლეთ იერუსალიმი, მაგრამ მუსლიმანური წმინდა სალოცავები არ დაუნგრევია. დღეს კი ებრაელებისა და მუსლიმების ახალი თაობა ბრძოლას აგრძელებს. მუსლიმები შიშობენ, რომ ებრაელები ამ მსოფლიოს მუსლიმებისთვის მესამე ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს საბოლოოდ დაეპატრონებიან. ისრაელი აცხადებს, რომ მეჩეთის დანგრევას და აქ ტაძრის აგებას არ აპირებს. თუმცა ამ განცხადებამ განრისხებულ მუსლიმებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების თავიდან აცილება ვერ განაპირობა:
იუდეველობის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტაძარი მაშინ აიგება, როდესაც მათ მესია მოევლინებათ. იუდეველები დანგრეული ტაძრის გადარჩენილ ნაწილთან, ეგრეთწოდებულ „გოდების კედელთან" ლოცულობენ. ხოლო ზოგი ებრაელი კომპლექსის გარშემო გათხრილ გვირაბებშიც კი აღავლენს ლოცვას. იუდეველთა ლიდერების უმრავლესობა უარყოფს სალომონის შეხედულებას. ულტრაორტოდოქსებს მხოლოდ ისრაელელთა მცირე ნაწილი უჭერს მხარს:
„ძველ ქალაქში მდებარე სინაგოგასა და ებრაელთა ზეციდან ტაძრის მოვლინების მოლოდინს შორის არავითარი კავშირი არ არის. უბრალო მოკვდავს ამ ტაძრის თავად აშენება არ ძალუძს". გვეუბნება ისრაელის მთავარი რაბინი იონა მეცგერი.
პროვოკაციების თავიდან აცილების
მიზნით, ისრაელის ხელისუფლებამ სალომონს და მის მომხრეებს ტაძრის მთასთან
მიახლოვება აუკრძალა. შეტაკებების ალაგმვას აგრეთვე პალესტინელთა უშიშროების
ძალებიც ცდილობენ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ზოგი პალესტინელი ოფიციალური პირი
რელიგიური ომის თავიდან აცილებას ლამობს.