თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. კომუნიკაციისა და ბიზნესის წარმოებისთვის ინტერნეტზე დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება.
თუმცა მოხერხებულობა და მაღალხარისხოვანი კავშირი ჩვენ კიბერთავდასხმის საშიშროების წინაშეც გვაყენებს. წინათ ასეთი თავდასხმები ძირითადად ამათუ იმ ქვეყნის ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ და ახალი ტექნოლოგიების მოსაპოვებლად ხორციელდებოდა. ახლა კი სურათი იცვლება:
„გლობალური ეკონომიკის ინტეგრაციიდან გამომდინარე, ახლა მრავალი კიბერთავდასხმა მიზანში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესებს იღებს. ამის ნათელ მაგალითს „გუგლის“ წინაარმდეგ განხიორციელებული ამასწინანდელი თავდასხმა წარმოადგენს. ასევე დაუცველია კერძო სექტორიც. ზარალი ძალზე დიდი შეიძლება იყოს“. განუცხადა შეერთებული შტატების კონგრესის კომისიას ქვეყნის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა რობერტ მიულერმა.
ინტერნეტსაძიებო სისტემა „გუგლმა“ გასული წლის დეკემბერში დაადგინა, რომ ძალზე დახვეწილი შეტევა სისტემის წინააღმდეგ ჩინეთიდან მომდინარეობდა. „გუგლი“ აცხადებს, რომ თავდასხმა მიზანში სისტემის ინტელექტუალურ კუთვნილებას იღებდა. საშიშროება აგრეთვე ოცამდე სხვა კომპანიას, მათ შორის „იაჰუს“, „დაუ ქიმიკალს“ და თავდაცვის დეპარტამენტთან დაკავშირებულ „ნორტონ გრანმანსაც“ ემუქრებოდა:
„კიბერუშიშროების სამყაროში უპირატესობა თავდამსხმელის მხარესაა. შეტევის განხორციელება შედარებით იაფია და იოლი. თანაც თავდამსხმელის გამოაშკარავების შანსი ძალზე მცირეა“. აცხადებს ინტერნეტის უშიშროების ალიანსის ხელმძღვანელი ლარი კლინტონი.
მისი თქმით, კიბერთავდამსხმელების სამიზნეთა რაოდენობა შეუზღუდავია. თავდაცვის სისტემები ერთი თაობით ჩამორჩება თავდასხმისას. ყოველწლიურად კიბერთავდასხმების შედეგად უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი აღირიცხება:
„სიტუაცია ძალზე სერიოზულია. გასულ წელს კიბერთავდასხმების დამსახურებით, ამერიკის ბიზნესებმა დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი დაკარგეს. დანაკარგები მანამდეც მილიარდებს შეადგენდა“. აგრძელებს ლარი კლინტონი.
„კიბერთავდასხმის ლოკალიზება გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ რამდენიმე ცხელი წერტილი ფიქსირდება ძნელია“. ამბობს შეერთებული შტატების შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის კომპიუტერული უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელი რენდი ვიკერსი.
მისი თქმით, თავდამსხმელის ამოცნობა მხოლოდ მის მიერ ინტერნეტში დატოვებული კვალითაა შესაძლებელი:
„ჩვენ ვცდილობთ ასეთი ანაბეჭდების გაანალიზებას. მაგრამ ეს რთული პროცესია და დიდი დრო მიაქვს. შედეგად დგინდება ის თუ ვინ არის თავდამსხმელი. აქტივისტია იგი, სახელმწიფო, ტერორისტი თუ უბრალოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც იმის დამტკიცება სურს, რომ მას ასეთი რამ ძალუძს“. ამბობს ვიკერსი.
პრეზიდენტმა ობამამ კიბერუსაფრთხოება ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია და იგი კიბერთავდასხმას სხვა მასობრივი განადგურების იარაღისგან მომდინარე საშიშროებათა შორის განიხილავს. გასულ წელს მან კიბერთავდასხმათა წინააღმდეგ მებრძოლი უწყება ჩამოაყალიბა:
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მთელი კიბერუსაფრთხიოების უზრუნველყოფას შევძლებთ მოსახლეობა დიდ სარგებელს ნახავს. იმიტომ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი სისტემის უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი, სხვა არაუზრუნველყოფილ სისტემასთან შეხება მაინც მოგიწევთ. თავდამსხმელი კი ადვილად შეაღწევს არაუსაფრთხო სისტემიდან თქვენს ვითომდა უსაფრთხოში“. ამბობს ინტერნეტის უშიშროების ალიანსის ხელმძღვანელი ლარი კლინტონი.
ეს კიდევ ერთხელ აასკარავებს იმას, რომ კიბერუსაფრთხოება ძალზე დიდ პრობლემად რჩება.