ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკა


გუშინ ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპის და ევრაზიის საკითხებში ბატონ ფილიპ გორდონს უმასპინძლა. შეხვედრას თავად ინსტიტუტის დირექტორი სტრობ ტელბოტი უძღვებოდა. ბატონი ტელბოტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ფილიპ გორდონის მოხსენების თემა თურქეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას ეხებოდა. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მიმართ საზოგადოების და მედიის განსაკუთრებით მაღალი იყო ინტერესი იგრძნობოდა, რაც თემის აქტუალობით იყო განპირობებული. ორგანიზებული იყო ტელეხიდი სტამბულთანაც, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ასევე ქონდა ფილიპ გორდონისთვის შეკითხვების დასმის საშუალება.

ბატონმა გორდონმა თავისი მოხსენება თურქეთში პრეზიდენტ ობამას ვიზიტის გახსენებით დაიწყო.მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი, პრეზიდენტის რანგში ობამას პირველი უცხოური ტურნეს ფარგლებში იყო ორგანიზებული. სწორედ ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების და თურქეთის განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკამ და თურქეთმა ერთად უნდა იმუშავონ და ერთად დგომის პოლიტიკა უნდა გააჩნდეთ.

ფილიპ გორდონის თქმით, თურქეთის და შეერთებული შტატების პარტნიორობა ამ ეტაპზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, პრეზიდენტის და შემდეგ სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტების მიზეზი და მისი მოხსენების მიზეზი იდენტურია. მისი თქმით, თურქეთთან მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია.

„თურქეთ-ამერიკის ურთიერთობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს თურქეთის დინამიური ბუნება, მსოფლიოს ახლებურ ინტერესს იმსახურებს. შიდა არენაზე ეს გამოხატულია დებატებით სამოქალაქო და სამხედრო სფეროებს შორის და ასევე რელიგიის როლის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებაში, რაც წარმოშობს უდიდეს ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირის მიმართ. ეკონომიკურ სფეროზე საუბრისას კი უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი მსოფლიოში მეოცე ადგილს იკავებს თავისი ეკონომიკური განვითარებით. ასევე საგარეო პოლიტიკაშიც, თურქეთი თავის სამეზობლოში და მის მიღმა აქტიური საგარეო მოთამაშეა, რაც გავლენას ახდენს რეგიონზე. “

განაცხადა გორდონმა.

შეკრებილი საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაზე იყო გამახვილებული. ამ კუთხით როგორც ცნობილია, თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარკვეული დისონანსი შეიტანა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციამ სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. საზოგადობა დაინტერესდა თუ რა როლი აკისრია თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში როგორია ვაშინგტონის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში ალტერნატიული ენერგოპროექტებთან დაკავშირებით, ისეთი როგორიც არის ნაბუკო და სხვა.

„მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თითქოს თურქეთ-სომხეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მიერ მიღებული ოქმების რატიფიცირება და ორ ქვეყანას შორის ნორმალიზება და ყარაბაღის საკითხში პროგრესის მიღწევა, ხელს შეუშლის ენერგოპროექტების რეალიზებას, როგორიც არის ნაბუკო. მე ვფიქრობ, რომ პირიქით. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას რაც თავისთავად საერთაშორისო პროექტების რეალიზების წინაპირობა იქნება“. განაცხადა გორდონმა

მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს თურქეთის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების და იმ კრიტერიუმების შესრულებას, რაც აუცილებელია თურქეთის ევროკავშირში შესვლისათვის. შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ თურქეთი წარმატებით გაართმევს თავს იმ რეფორმებს, რომელიც უნდა შეასრულოს ანკარამ ევროპული ოჯახის წევრობისათვის. ამის საფუძველზე კი ვაშინგტონი თურქეთის ევროკავშირში შესვლას მხარს დაუჭერს.


XS
SM
MD
LG