ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ისრაელს აკრიტიკებს


პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის მიერ ახალი უკანონო დასახლებების მშენებლობის კრიტიკით გამოდის. სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც ისრაელის მთავრობამ განაცხადა აღმოსავლეთ იერუსალიმში 1,600 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. ხსენებული განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა ისრაელში ოფიციალური ვიზიტით შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციის რისხვა ხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით დღემდე შესამჩნევია. თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა დეივიდ აქსელროდმა ტელეკომპანია ენ-ბი-სი-ზე გამოსვლისას განაცხადა: „ეს საჯაროდ შეურაცხყოფის მიყენება იყო. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ნაბიჯმა რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობას ძირი გამოუთხარა.“


ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმი 1967 წლის ომში დაიპყრო. პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მომავალში პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ, რაც ეგრედწოდებულ „ორი სახელმწიფოს“ გადაწყვეტილებას შეესაბამება, რომელსაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით წლების მანძილზე ემხრობა. აქსელროდმა აღნიშნა, რომ უკანონო დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებული განცხადება იმდენად უდროოდ გაკეთდა, რომ შედეგად მოუხელთებელი შეთანხმების მიღწევა კიდევ უფრო გართულდა. ამასთან დაკავშირებით აქსელროდმა აღნიშნა: „ჩვენ ახლახან დავიწყეთ ეგრედწოდებული არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რაც პალესტინელებსა და ისრაელს შორის ინტენსიურ დიპლომატიურ შუამავლობას ითვალისწინებს. ეს განცხადება კი იმდენად უდროოდ გაკეთდა, რომ მას ძალზედ უარყოფითი ეფექტი მოჰყვება.“


ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოთქვეს სინანული განცხადების დროის შერჩევასთან დაკავშირებით, მაგრამ არა მისი შინაარსის გამო. პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა უკანონო ებრაული დასახლებების გაფართოების პოლიტიკას კვლავინდებურად იცავს. ათწლეულების მანძილზე ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის უახლოესი მოკავშირე სახელმწიფო იყო და შეერთებული შტატების დახმარების ყველაზე დიდი მოცულობა სწორედ მას ხვდება წილად. კითხვაზე მოითხოვს თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელისგან სადავო ტერიტორიებზე ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერებას, თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა დასძინა: „შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუსთან ძალზედ გულახდილი საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან მას აუხსნა ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენის აზრით, პრემიერ მინისტრმა უნდა გადადგას. მე მათ ჩამოთვლას ახლა არ დავიწყებ, რადგან ეს პირადი საუბრის ფარგლებში მოხდა. მე მგონი ახლა ისრაელის მხარემ კარგად იცის ის თუ რა აქვს გასაკეთებელი.“


ამასობაში პალესტინელები ისრაელთან არაპირდაპირ მოლაპრაკებებზე უარით იმუქრებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის მთავრობის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე პალესტინელები არაპირდაპირ მოლაპრაკებებზე დათანხმდნენ. როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიტჩელი რეგიონს ეწვევა არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებელი დიპლომატიური დეტალების დასადგენად.


XS
SM
MD
LG