ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობამ რეპრესიული ზომების განხორციელებას მოუმატა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პი.ჯეი. კროულიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „დიდი შეშფოთებით“ აღნიშნავს, რომ ირანის სააპელაციო სასამართლომ გასული წლის დეკემბერში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

ირანელი სტუდენტი მოჰამედ ამინ ვალიანი დააკავეს იმის გამო, რომ იგი უშიშროების ძალებს ქვებს ესვროდა. ამ უმნიშვნელო აქტის ჩადენისთვის მას „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმართვის“ ბრალდება წამოუყენეს. უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის ეს კატეგორია ირანში სიკვდილით ისჯება.

ბატონმა კროულიმ ხსენებულ განაჩენს „არაადეკვატური და სავალალო სასჯელი“ უწოდა და ირანის მთავრობას ბატონი ვალიანისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუბლებისკენ მოუწოდა.


გასული წლის ივნისში გამართული ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებიდან მოყოლებული ირანში ყოვლად უსამართლო სასამართლო პროცესების შედეგად თერთმეტ ადამიანს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. იანვარში „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმართვის“ განაჩენის საფუძველზე არაშ რაჰმანიპური და მოჰამად რეზა ალი ზამანი ჩამოახრჩვეს.

მარტის დასაწყისში ირანის მთავრობამ განთქმული რეჟისორი და ოპოზიციის მხარდამჭერი ჯაფარ პანაჰი დააკავა. პანაჰის სახლის რეიდის დროს უშიშროების ძალებმა მისი მეუღლე, ქალიშვილი და სადილზე დაპატიჟებული სტუმრები დააკავა. მართალია პანაჰის ოჯახი და სტუმრები გაათავისუფლეს, რეჟისორი კვლავინდებურად საპატიმროში იმყოფება.
1 მარტს ხალხში წინააღმდეგობის აღმოფხვრის მიზნით ხელისუფლებამ დახურა წამყვანი გაზეთი და ჟურნალი, რომელიც მთავრობის კრიტიკით გამოდიოდა. ეითემადისა და ირანდოღთის დახურვა იმას ნიშნავს, რომ ირანში რეფორმისტული გამოცემების უმეტესობა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამასობაში არჩევნების შემდგომი რეპრესიების დროს დაპატიმრებული ათობით ჟურნალისტი დღემდე საპატიმროებში იმყოფება. ამას გარდა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო დღეებში ხუთზე მეტი ადამიანის უფლებების დამცველი დააკვეს.


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კროულიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ირანში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ირანის მმართველ რეჟიმსა და ხალხს შორის „ფუნდამენტური განხეთქილება“ შეინიშინება.


„ხალხს ხელისუფლებასთან განსხვავებული ურთიერთობის დამყარება სურს. ირანელებს ქვეყნის ლიდერებზე გავლენის მოხდენა სურთ. მათ აგრეთვე აზრის გამოთქმისა და ერთმანეთთან ასოციაციის თავისუფლების მიღწევა სურთ, რომელიც ჩვენი აზრით მთელს მსოფლიოში უნივერსალურად გავრცელებული უნდა იყოს,“ დასძინა კროულიმ.
კროულიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „გააგრძელებს იმ მეთოდების გამონახვას, რომელიც ირანელ ხალხს ამ მცდელობებში დაეხმარება.“


XS
SM
MD
LG