თურქეთში ორშაბათს
მომხდარი მიწისძვრა იმის ტრაგიკული შეხსენება იყო, რომ ქვეყანა დამანგრეველი ბუნებრივი
კატასტროფის საშიშროების ქვეშ იმყოფება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან
ჯოუნსი იუწყება, სტამბოლის 14 მილიონიანი მოსახლეობა
ეგრედწოდებულ „დიდ მიწისძვრას“ ელოდება.თურქეთის სატელევიზიო
პროგრამა 1999 წლის სტამბოლის აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლებს იგონებს.
მაშინ მიწისძვრის შედეგად 17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ექსპერტები აღნიშნავენ,
რომ სტამბოლის ცენტრალურ ნაწილში მძლავრი მიწისძვრის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული.
პროფესორი აჰმეტ
ერკანი თურქეთის გეოფიზიკურ საზოგადოებას ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, სტამბოლიდან
სამხრეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით 6.3-6.7 სიმძლავრის მიწისძვრა არის მოსალოდნელი. მაგრამ ერკანი
აღნიშნავს, რომ მიწისძვრის დამანგრეველმა ძალამ ადგილობრივი გეოლოგიური თავისებურებების
გამო ქალაქის გარკვეულ უბნებში შეიძლება შვიდი ან რვა ბალის სიმძლავრეს მიაღწიოს. მისი
თქმით აქ მომხდარ მიწისძვრებს შეიძლება ცუნამიც მოჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ
გასული თექსვმეტი საუკუნის მანძილზე სტამბოლში თხუთმეტი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მიწისძვრა
აქ 1894 წელს დაფიქსირდა.
სტამბოლის მუნიციპალიტეტი
შემდეგი მიწისძვრისთვის ემზადება.
სტამბოლის მუნიციპალური
ხელისუფლების ოფიციალური პირი ჰასან ატასი მუშებს ცენტრალურ სტამბოლში მდებარე შენობის
დანგრევის ბრძანებებს აძლევს.
ათასი ძველი და
სეისმური თვალსაზრისით საშიში შენობების დანგრევას დიდ ყურადღებას უთმობს, მაგრამ ამ
მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ დასამთავრებელია.
მისი თქმით, მხოლოდ
სამ უბანში დაახლოებით 600 შენობას ჩამონგრევის საშიშროება ემუქრება და დამატებით
3,000 შენობა უნდა დაინგრეს. ატასი აღნიშნავს, რომ ყოველ თვეს სტამბოლში ერთი შენობა
ინგრევა, განსაკუთრებით როცა ქალაქში წვმის ან თოვს. მისი თქმით, თუ სტამბოლში მსგავს
კლიმატურ პირობებში მიწისძვრა მოხდა, ის ნამდვილ კატასტროფაში გადაიზრდება. მაგრამ
მიწისძვრის საფრთხე მხოლო ძველ შენობებს არ ემუქრება.
სტამბოლის ერთ-ერთ
უბანში ახალი საცხოვრებელი სახლის მშნებელობა მიმდინარეობს ბინებზე მზარდი მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით
მილიონ ნახევარით გაიზარდა რამაც იაფ და სწრაფად აშენებულ საცხვორებელ სახლებზე უზარმაზარი
მოთხოვნა განაპირობა.
მაგრამ როგორც თურქი
არქიტექტორი ეკიმ კაპტანი აღნიშნავს, შედეგად სამშენებლო სამუშაოების ხარისხი მკვეთრად
გაუარესდა. ამასთან დაკავშირებით კაპტანი აღნიშნავს:
„თურქეთში სამშენებლო
სამუშაოების წესები ამერიკასა და ევროპაში დამკვიდრებული წესების მსგავსია, მაგრამ
პრობლემა ის არის, რომ ამჟამად მათ აქ არავინ იცავს. მაგალითად ბეტონში რკინის გარკვეული
პროცენტი უნდა იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხარჯების შემცირების მიზნით ამ მოთხოვნას
არ ასრულებენ და შედეგად ბეტონში რკინის საჭირო მოცულობა არ არის. ამას გარდა ხშირად
ხარჯების შემცირების მიზნით საკმარის ცემენტს არ იყენებენ. ამდენად შენობების აშენებას
ინჟინრები არ ხელმძღვანელობენ და შედეგად უმეტესობა უკანონოა.“
შენობების ხარისხი
ბევრს ადარდებს და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჩელალ სენგორი აღნიშნავს,
რომ მოსახლეობის შეშფოთება სავსებით გამართლებულია. სენგორი სტამბოლზე შესაძლო მძლავრი
მიწისძვრის გავლენის შედეგებს იკვლევს. ამასთან დაკავშირებით სენგორი დასძენს:
„როცა მიწისძვრა
მოხდება, ამ შენობების ერთი ნაწილი დაინგრევა და ნანგრევებში ბევრი ადამიანი მოჰყვება.
ყველას ნანგრევებიდან ვერ ამოიყვანენ. ამას გარდა ამ ქუჩების ქვემოთ ბუნებრივია აირის
მილები გადის და მიწისძვრის შედეგად ისინი დაზიანდება და ქალაქში ბევრი ხანძარი გაჩნდება.
სამაშველო ბრიგადებს ნანგრევებში სამუშაოების ჩატარება გაუჭირდება და სტამბოლში ნამდვილი
ქაოსი იქნება.“
ექსპერტები აღნიშნავენ,
რომ მიწისძვრის საშიშროება ნამდვილად მოსალოდნელია. სტამბოლის მუნიციპალიტეტის განცხადებით,
ხელისუფლება ქალაქის 14-მილიონიანი მოსახლეობის დასაცავად გარკვეულ ზომებს ახორციელებს,
მაგრამ უკანონო ან დაბალი ხარისხის საცხოვრებელი სახლების სიმრავლე მოსამზადებელი სამუშაოების
ჩატარებას მნიშვნელოვნად ართულებს.