ბრიტანეთის მთავრობის ეგიდით ლონდონში 9 მარტს შეხვედრა გაიმართა, რომელიც შიდსის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ მეთოდებს მიეძღვნა. შეხვედრის დაწყებამდე ამერიკის ხმის კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს გაესაუბრა.
შეხვედრის დაწყებამდე ბრიტანეთის თემთა პალატაში მინისტრები და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები შიდსის გავრცელების საწინააღმდეგო სამოქემდო გეგმის გასახილველად შეიკრიბნენ.
ჯგუფ „იურითმიქსის“ ყოფილმა წევრმა შოტლანდიელმა მუსიკოსმა ენი ლენოქსმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა. ამსთან დაკავშირებით ლენოქსმა აღნიშნა:
„რაც შეეხება გლობალური ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულებას, ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ამ მიზნის მისაღწევად კი ჩვენ უფრო მეტი სახსრები გვჭირდება.“
2005 წელს მსოფლიოს რვა წამყვანი სახელმწიფოს შეხვედრაზე ლიდერებმა პირობა დადეს, რომ 2010 წლისთვის შიდსის თავიდან აცილების საშუალებები ყველა ქვეყნისთვის მისაწვდომი უნდა გახდეს.
მაგრამ მიმდინარე წელს ივნისში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რვიანისა და ოცეულის შეხვედრების მოახლოვების ფონზე, შიდსის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები აცხადებენ, რომ მსოფლიოში შიდსით დაავადებულთა მხოლოდ ერთი მესამედი ღებულობს შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
დიარმაიდ მაკდონალდი შიდსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ერთ-ერთი აქტივისტია. მისი თქმით, მსოფლიო თანამეგობრობის პოლიტიკური და ეკონომიკური ვალდებულება შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ მკვეთრად შემცირდა. ამასთან დაკავშირებით მაკდონალდი აღნიშნავს:
„არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ახლა 2010 წელია ანუ ის წელი როდესაც დაპირებისამებრ მსოფლიოში შიდსით დაავადებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა მიეღოთ. მართალია ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, ჩვენს მიერ დასახულ ამოცანას ჩვენ მაინც 10 მილიონით ავცდით.“
მაკდონალდი აღნიშნავს, რომ შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მოქმედი გლობალური ფონდი შიდსის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ხსნებეული ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წლიდან ფონდის პროგრამებმა დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ხოლო შიდსის ვირუსით დაავადებულ ორ ნახევარ მილიონ პირს ამჟამად ანტი-რეტროვირუსულ თერაპიას უტარებენ.
მაგრამ მაკდონალდი აღნიშნავს, რომ ფონდი დაავადებულებს ვერ გადაარჩენს, თუ დონორმა სახელმწიფოებმა ამ მიზნით სახსრები არ გამოყვეს.
იგი აღნიშნავს:
„ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ, რომ განვითარებად სამყაროში ექიმებს ანტი-რეტროვირუსული სამკურნალო საშუალებების ნორმირება უხდებათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ახალი პაციენტების აყვანა და მათი მკურნალობა არ ძალუძთ.“
ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა გარეთ თომასმა განაცხადა, რომ შიდსის პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკური ნებაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით მან დასძინა:
„უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, თუ ლიდერები განვითარებად ქვეყნებზე შიდსის გავლენის შესახებ დაიწყებენ საუბარს. ამ თემაზე საუბარი უნდა წამოიწყონ არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების მესვეურებმა არამედ განვითარებული სამყაროს ლიდერებმაც.“
ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად მსოფლიოში ამჟამად 33.4 მილიონი შიდსით დაავადებული ადამიანი ცხოვრობს.