ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ვიდეო თამაში ცივი ომის სტერეოტიპებს აღვივებს


როგორც ცნობილია, გასული წლის ივლისში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველად ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით იგი რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი მოსკოვიდან იუწყება, ვიდეო თამაშების სამყაროში, როგორც ჩანს, რუსები კვლავინდებურად უარყოფითი გმირების როლს ასრულებენ.

ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესობისკენ მიმართული შეერთებული შტატებისა და რუსეთის ერთობლივი მცდელობების მიუხედავად, ძველი სტერეოტიპების აღმოფხვრა ძნელი აღმოჩნდა.

გასულ კვირას ევროპაში გამოვიდა ორი ვიდეო თამაში, რომლებსაც ბევრი დიდ ხანს ელოდა. ესენია „ბეტლფილდ: ბედ კომპანი 2" და „თომ კლენსის სპლინტერ სელ: კონვიკშნ," რომელშიც რუსები მტრის როლში გამოდიან.

რუსი სტუდენტი ალექსანდრ პანარინი აღნიშნავს, რომ მას ვიდეო თამაშები ბავშვობიდან უყვარს, მაგრამ მისი თქმით, მას აწუხებს ის, რომ თანამედროვე ვიდეო თამაშებსა და ფილმებში რუსები ყოველთვის უარყოფითი პერსონაჟების როლებს ასრულებენ.

პანარინის თქმით მართალია ეს მხოლოდ ვიდეო თამაშია, ის რუსებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. მას მიაჩნია, რომ თამაშში ამერიკელების დამარცხება შესანიშნავი იქნებოდა.

შვედი ვიდეო თამაშების სპეციალისტი გორდონ ვან დაიკი „ბედ კომპანის" ვიდეო თამაშის ერთ-ერთი ავტორია. ვან დაიკის თქმით ხშირად ვიდეო თამაშების შინაარსი ახალ ამბებს ეყრდნობა და ამ მხრივ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვი წინა პლანზე წამოწია. ამასთან დაკავშირებით ვან დაიკი აღნიშნავს:

„მე ვფიქრობ, რომ ვიდეო თამაშები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. ჩვენ ახალ ამბებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მე ვფიქრობ, რომ ის, რომ რუსები საქართველოში შეიჭრნენ ყველას შიშის გრძნობა გაუჩინა."

ახლახან გამოქვეყნებული ევროკავშირის დამოუკიდებელი მოხსენების თანახმად საქართველოს თავდასხმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე რუსეთსა და საქართველოს შორის ხუთდღიანი ომის დაწყების მთავარი მიზეზი იყო, მაგრამ რუსეთმა ამ თავდასხმას გადამეტებული ძალით უპასუხა და შედეგად მოსკოვის სამხედრო მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ მისაღები თავდაცვის ნორმებს აღემატებოდა.

მოსკოვის კარნეგის სახელობის ცენტრის პოლიტიკური მიმომხილველი მაშა ლიპმანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქმედება საქართველოსთან ომის დროს ყოფილ საბჭოთა კავშირთან ასოციირებული სტერეოტიპები გააღვივა.

ლიპმანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქმედებამ ამ ქვეყნის მიმართ ნეგატიური შეხედულებების მთელი სპექტრი გააცოცხლა. ამ შეხედულებების თანახმად რუსეთი არა მხოლოდ გაუგებარი, ბნელი და უდავოდ მტრული ქვეყნაა, არამედ ის შეერთებული შტატებისთვის და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ირინა სემიონოვა რუსეთის ბაზარზე ვიდეო და კომპიუტერული თამაშების დისტრიბიუტორის კომპანია „აკელას" ერთ-ერთი ბიზნეს მენეჯერია. მას მიაჩნია, რომ ის, რომ რუსები ვიდეო თამაშებში ხშირად უარყოფითი პერსონაჟების როლებში გამოდიან უსამართლობას წარმოადგენს.

სემიონოვა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი საკმაოდ გამაღიზიანებელია რადგან ამერიკის მიერ სამხედრო თავდასხმების განხორციელება ბევრად უფრო ხშირია. მისი თქმით რუსეთის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში მსგავსი თამაშები არსებობს, მაგრამ ისინი უმცირესობას და გამონაკლისებს წარმოადგენს.

მაგრამ პოლიტიკურ ანალიტიკოსს ლიპმანს მიაჩნია, რომ სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ რუსეთი „უარყოფით" როლშია გამოყვანილი რადგან ათწლეულების მანძილზე შექმნილი სტერეოტიპების შეცვლას დიდი დრო დასჭირდება.

ლიპმანი დასძენს, რომ ამ ბოლო დროს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნევა. ზოგადად კი გასული ათწლეულის მანძილზე ორმხრივი ურთიერთობა აშკარად გაუარესდა. ამდენად არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ძველი სტერეოტიპები ისევ ამოტივტივდა. ლიპმანი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის გარემოებები როგორიც იყო მზარდი კრიმინოგენური ვითარება, ველური კაპიტალიზმი და ხშირი მკვლელობები, ჰოლივუდის პროდიუსერებს კვლავინდებურად შთააგონებს.


XS
SM
MD
LG