ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანია საარჩევნო კამპანიას იწყებს


ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის თბილისის მერობისთვის საარჩევნო კამპანიას იწყებს, რადგან მაისში დაგეგმილ არჩევნებამდე აღარ რჩება საკმარისი დრო "გაუთავებელი მოლაპარაკებებისათვის" ოპოზიციის ერთი კანდიდატის გამოსაკვეთად.

ირაკლი ალასანია 4 მარტს ვერის საკალათბურთო დარბაზში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე "ერთიან, უალტერნატივო მერობის კანდიდატად" დაასახელეს.

შეხვედრაზე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას გამარჯვების მიზნით იწყებს.

ლევან გაჩეჩილაძეს, მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე დასაფიქრირებელი აქვს თავისი პოზიცია - ის თავად იყრის კენჭს მერად, მხარს დაუჭერს სხვა კანდიდატს თუ საერთოდ გაემიჯნება ამ პროცესს.

ალასანიამ 4 მარტს განაცხადა, რომ გაჩეჩილაძის მხარდაჭერა მისთვის "გადამწყვეტი" მნიშვნელობის იქნება.

თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იქნება. თუმცა ოფიციალურად ჯერ ის მერობის კანდიდატად არ წარუდგენიათ.

მმართველი პარტია მერობის ბევრი კონკურენტი კანდიდატის დასახელებით მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან ეს ოპოზიციური ხმების გაყოფას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ გაზრდის მმართველის პარტიის კანდიდატის შანსებს პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. არსებული წესით, კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების უმეტესობას, თუმცა არანაკლებ 30%-ისა, იმარჯვებს არჩევნებში.


XS
SM
MD
LG