ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები დააკავეს


გასული რამდენიმე კვირის მანძილზე თურქეთში ათობით ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღება. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტის თურქეთის კვლევითი პროგრამის დირექტორს ბატონ სონერ ჩაგაპტაის.

კითხვაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთში ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედრო პირების დაკავება, ბატონმა ჩაგაპტაიმ აღნიშნა:

„ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე თურქეთში ხშირად გაისმოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ამჟამად მომსახურე და ყოფილი ოფიცრები მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ. მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა რადგან განცხადებების ნაცვლად ახლა სამართალდამცავებმა ამ პირების დაპატიმრება დაიწყეს. მნიშვნელოვანია ის, რომ გადამდგარი სამხედრო პირების გარდა ამჟამად მსახური საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მყოფი ოფიცრებიც დააკავეს. ამდენად ჩვენ პირველად გავხდით იმის თვითმხილველები, რომ თურქეთის საერო დაწესებულებებსა, სამხედრო ძალების ჩათვლით, და პოლიტიკურ ისლამზე დაფუძნებულ მთავრობას შორის სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიქმნა."

ჩაგაპტაის მიაჩნია, რომ ის დაბალი დონის დაძაბულობა, რომელიც მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა და საერო ძალებს შორის არსებობდა მას შემდეგ რაც ხსენებული პარტია ხელისუფლებაში 2002 წელს მოვიდა, სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებების შემდეგ უშუალო პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩაგაპტაის განმარტებით საერო ძალები თურქეთში საერო ოპოზიციურ პარტიებს, სასამართლო სისტემასა და სამხედრო ძალებს აერთიანებს. ამდენად ორივე მხარე ერთმანეთთან აქტიურ ბრძოლაშია ჩართული. მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ანუ აკპ-ს სამხედრო ძალების გამოწვევა სურს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით აკპ-ს პოპულარობა თურქეთში თანდათან კლებულობს. პოლარიზებული ატმოსფეროს შექმნა კი აკპ-ს აწყობს რადგან ეს პარტიის პოპულარობას გაზრდის.

ჩაგაპტაი ფიქრობს, რომ სამხედრო პირების დაკავება თურქეთის თანამედროვე ისტორიაში ძალზედ მნიშვნელოვან წყალგამყოფ მოვლენას წარმოადგენს ვინაიდან დღემდე თურქეთის სამხედრო ძალები ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ. ხოლო ბოლო მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, დაპატიმრებების გარდა თურქეთის სამხედროების წინააღმდეგ ქვეყნის მედიაში აგორებულია უარყოფითი კამპანია. ამის ერთი დასტურია ის, რომ მიმდინარეობს გარკვეული სამხედრო ოფიცრების პირადი სატელეფონო საუბრების მოსმენა და შემდეგ ამ საუბრების შინაარსი მედიაში ხვდება. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ თურქეთში სასამართლოს განკარგულების გარეშე პირადი სატელეფონო საუბრების მოსმენა და შემდეგ ამ საუბრების შინაარსის საჯაროდ გამოქვეყნება კანონით იკრძალება, მაგრამ მთავრობა ამ უკანონო საქმიანობაზე რატომღაც თვალს ხუჭავს. ამდენად ცხადია, რომ მთავრობა ცდილობს სამხედროებზე ზემოქმედება მოახდინოს. სამხედროებს კი საპასუხო ზომების მიღება უჭირთ რადგან მათ პოლიტიკური გავლენის ბერკეტები თითქმის არ გააჩნიათ. ჩაგაპტაის მიაჩნია, რომ მმართველი აკპ პარტია სამხედროებთან შემდგომ კონფრონტაციას უნდა მოერიდოს რადგან სხვაგვარად თურქეთის პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო პოლარიზებული გახდება.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრ ერდოღანის ინიციატივას თურქეთის სასამართლო სისტემის გარდაქმნის შესახებ, ჩაგაპტაიმ აღნიშნა:

„თურქეთს ახალი კონსტიტუცია უდავოდ სჭირდება რადგან ქვეყანა 1982 წლის კონსტიტუციით სარგებლობს, რომელიც მაშინ სამთავრობო გადატრიალების შემდეგ სამხედროება შექმნეს. კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც ხალხის თანხმობას უნდა ეყრდნობოდეს . ახლა კი ისეთი მდგომარეობა იქმნება, როცა ახალი კონსტიტუციის აფიშირებას მხოლოდ მმართველი პარტია ასრულებს. აქ კი ის უნდა გავიხსენოთ, რომ მმართველ პარტიას თურქეთის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ემხრობა. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად აკპ-ს მხარს უჭერს თურქების 30-35 პროცენტი. შედეგად თუ ახალი კონსტიტუცია და სასამართლო სისტემის რეფორმა განხორციელდა მოსახლეობის უმცირესობის მიერ, მაშინ თურქეთში პოლიტიკური კონფლიქტი გარდაუვალი გახდება. ამას გარდა აკპ-ს ისლამისტური თვალთახედვის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი ფაქტობრივად განეიტრალდება რადგან სამხედროების გარდა თურქეთის როგორც საერო სახელმწიფოს იდეის დამცველი ყოველთვის სასამართლო სისტემა და კერძოდ კი უზენაესი სასამათლო იყო. ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტი ხომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა. ამდენად თუ აკპ-მ ახალი კონსტიტუცია შექმნა, და მას ეს ძალუძს რადგან მას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, მაშინ ის ქვეყნის სასამართლო სისტემას თავისი ინტერესების მიხედვით ააგებს, რაც უზენაეს სასამართლოში აკპ-ს მომხრე მსაჯულების დანიშნვნას ნიშნავს. ეს კი თურქეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას ბოლოს მოუღებს."

ინტერვიუს ბოლოს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციასთან დაკავშირებით ჩაგაპტაიმ დასძინა:

„ჩემის აზრით თურქეთ-სომხეთის ერთმანეთთან დაახლოების მცდელობა მკვდრადშობილია. სხვათა შორის თავდაპირველად მე ამ პროცესის მომხრე ვიყავი, მაგრამ დასაწისიდანვე მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს პროცესი წარუმატებელი იქნება ვინაიდან ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პროტოკოლს რომელიც ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებდა. მაგრამ შემდგომში ამას დაემატა წინაპირობა, რომლის თანახმადაც პროტოკოლის ძალაში შესვლისთვის საჭიროა მისი რატიფიცირება სომხეთისა და თურქეთის პარლამენტში. სწორედ მაშინ მე ვთქვი, რომ ეს უბრალოდ არ გამოვა რადგან ეს დოკუმენტი როგორც იერევანსა ისე ანქარაში საკმაოდ ძლიერ ნაციონალისტურ წინააღმდეგობას წააწყდება. სამხრეთ კავკასიისთვის კი ის არის მნიშვნელოვანი, რომ ამ მკვდრადშობილი ინიციატივის გამო თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირები მნიშვნელოვნად დაზიანდა. აზერბაიჯანი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და შედეგად ბაქო რუსეთს დაუახლოვდა. ამდენად თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის მკვდრადშობილმა მცდელობამ ყველაზე დიდი სარგებელი რუსეთს მოუტანა, რადგან მან აზერბაიჯანის დაახლოება შესძლო, სომხეთი კვლავინდებურად მისი გავლენის ქვეშ არის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სრული იზოლაცია თითქმის დასრულებულია ვინაიდან თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა მჭიდრო და მეგობრულია. მე ვიტყოდი, რომ ამ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობამ სარგებლობა მოუტანა არა შეერთებულ შტატებს, არა თურქეთს, არა სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არამედ რუსეთს."



XS
SM
MD
LG