ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მატულობს


ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. ჩილეს ცენტრალურ რეგიონში დაწყებული ბიძგები წყნარ ოკეანეში ძლიერი ცუნამის წარმოშობის საფრთხეს ზრდის.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ხალხის ძებნას განაგრძობენ. მიწისძვრის ეპიცენტრი ჩილეს სიდიდით მეორე ქალაქ კონსეპსიონში იყო.

დედაქალაქი სანტიაგოც საგრძნობლად დაზიანდა. თვითმხილველთა თქმით, მიწისქვეშა ბიძგები ერთ წუთზე მეტს გაგრძელდა. სახლები და შენობები დანგრეულია, ზოგს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები გადაბრუნდა, ასევე დაზიანდა უმთავრესი საერთაშორისო აეროპორტიც.


„რაც ჩვენ გადავიტანეთ, საშინელება იყო. ვფიქრობდით რომ ამ მიწისძვრას ვერავინ გადავურჩებოდით. ყველაფერი ჩვენ თვალწინ ინგრეოდა“
ყვება ერთ-ერთი გადარჩენილი.


მიწისძვრის შემდეგ კიდევ 8 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რამაც ოკეანეში ჩილეს სანაპიროსთან ძლიერი ტალღები წარმოქმნა.
ამერიკელი გეოფიზიკოსი რენდი ბოლდვინი ამბობს, რომ ჩილეში ძლიერი მიწისძვრები გასაკვირი არ უნდა იყოს.


„ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რომელიც ისტორიაში ჩაიწერა , ბოლოს 1960 წელს მოხდა. ასე რომ, ეს რეგიონი მაღალი რისკის სეისმურობით ხასიათდება“
ამბობს ბოლდვინი.

ჩილეში მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეციალური განცხადება გააკეთა:


„წინასწარი მონაცემებით ჩილეში ასობით დაღუპულია და ზარალი საკმად დიდია. ამერიკელი ხალხის სახელით, მიშელი და მე ჩილელ ხალხს ვუგზავნით ჩვენს უდიდეს მწუხარებას და სამძიმარს. შეერთებული შტატები მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს მათ, სამაშველო და ასევე აღდგენით სამუშაოებში“ - განაცხადა პრეზიდენტმა.



XS
SM
MD
LG