ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წელი საფრანგეთში რუსეთის წლად გამოცხადდა


2010 წელი საფრანგეთში რუსეთის წლად არის გამოცხადებული. ამავე დროს რუსები თავიანთ ქვეყანაში საფრანგეთის წელს ზეიმობენ. შეეწირება თუ არა „პირველი კავკასიური“ ფრანგულ-რუსულ მეგობრობას?

ასეთი კითხვით ეხმიანება ფრანგული პრესა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ევროპულ ოპერატორ Eutelsat-ს შორის დავას რუსულენოვანი „პირველი კავკასიურის“ მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარიზის კომერციულ საქმეთა სასამართლოში გრძელდება.

„რუსეთის წელიწადი საფრანგეთში საუკეთესო ვითარებაში დაიწყო“ - ასე აფასებს ვოვლენას ფრანგული ყოველდღიური გაზეთი „ლიბერასიონი“ .

„რატომ შეაჩერა ფრანგულმა ოპერატორმა Eutelsat-მა პირველი კავკასიურის მაუწყებლობა ? იმიტომ რომ ზედმეტად დამოუკიდებელია კრემლისგან ?“

ვკითხულობთ იგივე გაზეთში - „როდესაც თბილისმა ჩრდილო კავკასიელებისათვის ანუ ჩეჩნებისთვის, დაღესტნელებისთვის, ინგუშებისთვის და ასევე ოსებისთვის განკუთვნილი რუსულენოვანი არხი დააფუძნა, ეგონა რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ თავისი დაუნდობელი მტრის, რუსეთის ბაღში ქვა გადაისროლა. ეს ქვა მას დღეს ბუმერანგივით უკან უბრუნდება“.

„შეუშლის თუ არა ხელს ფრანგული მართლმსაჯულება Eutelsat-ს კრემლის ცენზორთა ბრძანებების აღსრულებაში?“ - წერს გაზეთი ლე მონდ.

ევროპელი აუდიტორიის საყურადღებოდ ფრანგულ მაღალ რეიტინგულ ყოველკვირეულ ჟურნალ ნუველ ობსერვატორში პირველი კავკასიურის მთავარი რედაქტორის ეკატერინე კოტრიკაძის წერილი დაიბეჭდა სათაურით „ევროპული კომპანია პრესის თავისუფლების წინააღმდეგ“.

საფრანგეთში ასევე გავრცელდა პეტიცია Eutelsat-ის ხელმძღვანელობის მისამართით რომელსაც ხელს აწერენ ფრანგი ინტელექტუალები, მათ შორისაა ფილოსოფოსი და ესეისტი ბერნარ ანრი ლევი. ისინი ამ წერილით გმობენ კრემლის მიერ დაწესებულ ცენზურას და მოითხოვენ პირველი კავკასიურის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ აღდგენას.

Eutelsat-ი ის ერთადერთი ოპერატორია რომელიც თავისი ახალი სატელიტის W7-ის წყალობით რუსეთსა და ცენტრალურ ევროპას სრულიად ფარავს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეთანხმებას 2010 წლის 14 თებერვალს მოაწერა ხელი. ეს შეთანხმება „პირველი კავკასიურის“ ამ სატელიტით 5 წლის ვადით ტრანსლირებას ითვალისწინებდა.

„პირველი კავკასიური“ 1-ლ იანვარს ჯერ ინტერნეტით, ხოლო შემდეგ, ევროპული სატელიტის მეშვეობით 15 იანვრიდან გავიდა ეთერში. ათი დღის შემდეგ მაუწყებლობა მოულოდნელად შეწყდა. Eutelsat-მა ქართული ვერსიით, ჯერ გადაცემების შინაარსი ახსენა, შემდეგ კი ვითარება ტექნიკური პრობლემით ახსნა.

ირკვევა რომ Eutelsat-მა შეთანხმებიდან მეორე დღეს ანუ 15 თებერვალს გაცილებით მომგებიანი 15 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რუსულ ოპერატორ ინტერსპუტნიკთან იგივე სატელიტზე გაზპრომის მონოპოლს დაქვემდებარებული რუსული ტელევიზიების გავრცელების მიზნით.

„კავკასიური პირველი“ პირველი ათი დღის განმავლობაში Eutelsat-ის ახალ W7 სატელიტზე 36 გრადუსზე გადიოდა რაც საკმარისად ფარავს არამარტო კავკასიას არამედ რუსეთის, ცენტრალური აზიის, უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიებს.

პარიზული კომპანია იტყობინება,რომ ამ სატელიტზე მაუწყებლობის საშუალება აღარ არსებობს და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს „პირველი კავკასიურის“ სხვა პარამეტრებზე განთავსებას სთავაზობს,რაც სრულიად მიუღებელია ქართული კომპანიისათვის ვინაიდან შემოთავაზებული ვარიანტი არხის სამიზნე აუდიტორიის გეოგრაფიულ ზონას სრულყოფილად ვერ ფარავს და მოითხოვს განსხვავებული ანტენის დამონტაჟებას რითაც შესაძლებელი ხდება ტელემაყურებლების ამოცნობა.
ეუტელსატი ამტკიცებს,რომ მეორე შემოთავაზება პირველის იდენტურია და უარყოფს თითქოს შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელი იყოს სატელიტის ორიენტაციის შემჩნევა.

პარიზში გამართული ხელახალი მალაპარაკებების მიუხედავად. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ქართულმა მხარემ ამის მიზეზად „რუსული გავლანა“ დაასახელა და ევროპულ ოპერატორს პარიზის კომერციულ საქმეთა სასამართლოში უჩივლა.

ამ შემთხვევას ერთი საინტერესო პრეცენდენტიც აქვს. 2008 წელს Eutelsat-მა პეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სამი კვირით ადრე ჩინური დისიდენტური არხის NTDTV- ს მაუწყებლობა შეაჩერა და პრეტექსტად „ტექნიკური ხასიათის ინცინდენტი“ მოიხმო.

პრესის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეს „პოლიტიკური მიზეზით“ ახსნა. „კავკასიური პირველის“ მაუწყებლობის შეჩერების შესახებ, იგივე ორგანიზაცია ამჟამად შეშფოთებას გამოხატავს და როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, ორგანიზაცია ამ საქმის განხილვის პროცესშია და უახლოეს მომავალში ამ თემაზე ოფიციალურ კომუნიკესაც გამოაქვეყნებს.

2009 წელს ჩინური ცენზურით დაზარალებულმა ოპოზიციურმა არხმა Eutelsat-ს პარიზის კომერციულ საქმეთა სასამართლოში უჩივლა, მაგრამ საქმის განხილვაზე უარი მიიღო.

იგივე სასამართლოს, პირველ თებერვალს ქართულმა კომპანიამ საქმის სწრაფი პროცედურის ფარგლებში განხილვის მიზნით მიმართა, 4 თებერვალს დანიშნული მოსმენის შედეგად მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქართული მხარის მოთხოვნა და მიუღებლად ჩათვალა -აეძულებინა Eutelsat-ი აღედგინა კავკასიური პირველის სატელიტური მაუწყებლობა. საქმე კომერციულ საქმეთა სასამართლოს ჩვეულებრივი პროცედურის ფარგლებში განსახილველად გადაიგზავნა. პირველი მოსმენა 22 თებერვალს შედგება.

"პირველი კავკასიური" ის ერთადერთი ალტერნატიული ტელემაუწყებლობაა კავკასიის რეგიონში, რომელიც არა მარტო არ განიცდის კრემლის გავლენას, არამედ მისი პროპაგანდის წინააღმდეგაც არის მიმართული. თბილისში ჩამოყალიბებულმა ახალმა რუსულენოვანმა მედიამ თავის გარშემო შემოიკრიბა, როგორც ქართველი ასევე რუსი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ყაზახი ჟურნალისტები, რომლებსაც, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, როგორც თავად ამბობენ „სიმართლის თქმის“ სურვილი ამოძრავებთ.

მოკლედ, „პირველი კავკასიური“ სასურველი სტუმარი არ გახლავთ რუს ხელისუფალთათვის რუსეთის ტერიტორიაზე. მისი ორი კორესპონდენტი უკვე დაიბარეს ფედერალური უშიშროების ბიუროში და სამხედრო თემების გაშუქება აუკრძალეს. მოსკოვში მას დუმას დეპუტატებმა „ტერორისტების ტელევიზია“ უწოდეს და მისი განადგურებისკენაც კი მოუწოდეს. ეს ძახილი როგორც ჩანს ყველაზე კარგად პარიზში გაიგონეს.



XS
SM
MD
LG