ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

14 თებერვალი-სიყვარულის დღე


14 თებერვალი- ამერიკის შეერთებულ შტატებში სიყვარულის დღეა და შეყვარებულები და მეუღლეები ერთმანეთს საჩუქრად შოკოლადებს, ვარდებს და გულის ფორმის საჩუქრებს უძღვნიან.
შესაბამისად მილიონობით ამერიკელმა უკვე ათობით მილიონი დოლარი დახარჯა იმ განსაკუთრებულად გემრიელი გულის ფორმის შოკოლადისთვის ,რომელსაც იგი საკუთარ რჩეულს საჩუქრად მიართმევს.
თუმცა ბევრი ამერიკელი ქალი ამ დღეს განსხვავებულ საჩუქარს ნატრობს და შეყვარებულისგან ორიგინალურ გადაწყვეტილებას მოელის.


„სიმართლე რომ გითხრათ,შოკოლადი და ყვავილები დიდად არ მხიბლავს.ალბათ უფრო მეტად ის გამიხარდება,რომ ჩემმა შეყვარებულმა თავისი საჩუქრით გამამხიარულოს ან ღიმილი მომგვაროს" -ამბობს ნიუ იორკელი კრისტი.

ნიუ იორკის სუსხიანი თებერვლის ამინდში ,უსახლკარო მეთიუს მიაჩნია,რომ ყველაზე შესაფერისი საჩუქარი ვალენტინობის დღეზე ჩახუტება და მხურვალე კოცნაა:


„ამ დღეს ადამიანებმა ერთმანეთს სითბო და სიყვარული უნდა აგრძნობინონ.ასეთ სიცივეს ყველაზე მეტად ეგ თუ მოუხდება“

ნიუ იორკის მკვიდრი-მერი ელენი მიიჩნევს,რომ სიყვარულისა და სითბოს გამოსახატად ვალენტინობის დღეზე შეყვარებულისგან მორთმეული ერთი ფინჯანი ცხელი ყავაც კი სასიამოვნოა.


„წარმოიდგინეთ დილით იღვიძებთ და მაგიდაზე თქვენი რჩეულის მიერ მოდუღებული ცხელი ყავა გელოდებათ.ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რადგან გარეთ ძალიან ცივა და ამაზე მეტად ვერაფერი გაგათბობთ.მნიშვნელოვანი მოვლენები ცხოვრებაში პატარა დეტალებისგან შედგება და ეს პატარა წვრილმანიც ჩემტვის ძალზე სასიამოვნო იქნება“


უცნობი მამაკაცი,რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილა-მარტოხელა აღმოჩნდა,ამიტომ ვალენტინობის კონკრეტულ საჩუქარზე მას ყურადღება არ გაუმახვილებია:


„ძალიან მინდა ვინმე შემხვდეს,რათა ერთმანეთის სიხარული და დარდი გავიზიაროთ.შესაძლოა ბევრს მოვითხოვ,მაგრამ ერთი დიდი სიყვარული მინდა მეწვიოს,რომელიც თავბრუს დამახვევს, გრძნობებს ამიშლის და მთელი ცხოვრება ჩემს ერთგულ თანამგზავრად დარჩება.“


ორ ადამიანს შორის სასიყვარულო ურთიერთობა განუმეორებელია,იდუმალი და განსაკუთრებული .ძნელია ზოგადად დააწესო საჩუქარი,რომელიც ყველა შეყვარებულის გულს ერთნაირად მოხიბლავს და ასიამოვნებს.მაგრამ არსებობს ერთადერთი მარადიული სიტყვა,რომელსაც ყველა ჩვენთაგანი როცა შეყვარებულია -უდიდესი სითბოთი წარმოთქვამს და ეს სიტყვებია-მე შენ მიყვარხარ.


XS
SM
MD
LG