ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომოსექსუალისტები  ამერიკის ჯარში


გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში ჰომოსექსუალებზე აკრძალვის გაუქმების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო. 2 თებერვას სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოსმენების დროს შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალმა პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭოს თავჯდომარემ მაიკლ მულენმა განაცხადა:

„ჩემი პირადი შეხედულება ის არის, რომ შეიარაღებულ ძალებში ჰომოსექსუალებისთვისა და ლესბოსელებისთვის სამსახურის უფლების მიცემა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ განვიხილავთ ამ საკითხს, მე უბრალოდ არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ მე მადარდებს ის, რომ ჩვენი პოლიტიკა ამჟამად ის არის, რომ ჩვენ ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს ტყუილის თქმას ვაიძულებთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან ისინი რათა მათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვა შეეძლოთ.“

თავდაცვის მინისტრს რობერტ გეიტს აგრეთვე მიაჩნია, რომ პენტაგონის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პოლიტიკის წინადადებით პირველად ჩვიდმეტი წლის წინ პრეზიდენტი ბილ კლინტონი გამოვიდა. კანონმდებლობა, რომელიც კონგრესმა მოიწონა, ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლებას არ უკრძალავს, მაგრამ მათ ეკრძალებათ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამოჩენა. ამ კანონის განხორციელების შედეგად სხვადასხვა მონაცემებით შეიარაღებული ძალებიდან დაახლოებით 13,500 პირი დაითხოვეს.
გასული წლის მაისში გალაპის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგბმა ცხადყო, რომ კონსერვატიულად განწყობილ პირთა და რესპუბლიკელთა 58 პროცენტი ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების შეიარაღებულ ძალებში გაწვევის მომხრეა.
მაგრამ სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საზღვაო ძალების ვეტერანია, იმ რესპუბლიკელ კანონმდებლებს მიეკუთვნება, ვინც ხსენებული პოლიტიკის გაუქმებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით:


„იყო თუ არა ეს პოლიტიკა იდეალური? რასაკვირველია არა. მაგრამ ეს საკმაოდ ეფექტური პოლიტიკაა. ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად უმცირესობის მოთხოვნებსა და ჩვენი მოხალისე შეიარაღებული ძალების ფართო ინტერესებს შორის წარმოქმნილი პოტენციურად დამაზიანებელი დაძაბულობა მოიხსნა.“

თავდაცვის მინისტრმა გეიტსმა აღნიშნა, რომ მისი ბრძანებით პენტაგონში პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის კანონში შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებული შედეგების ერთწლიანი შესწავლა დაიწყო. მან აგრეთვე თავდაცვის დეპარტამენტს ორმოცდახუთი დღის მანძილზე არსებული კანონმდებლობის შესრულების „უფრო ჰუმანური და სამართლიანი“ მეთოდების შემუშავება დაავალა.

კალიფორნიაში ცალსქესა ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოსამართლე მტკიცებულებებს იხილავს. 2008 წლის ნოემბერში კალიფონიის ამომრჩეველთა 52 პროცენტმა შტატის კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორება შეიტანა.
ხსენებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობს ორი ცალსქესა წყვილი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცალსქესა ქორწინების აკრძალვა შეერთებული შტატების კონსტიტუციით გარანტირებული თანაბარი უფლებების დაცვას არღვევს. როგორც იუწყებიან, მომავალი თვის განმავლობაში მოსამართლე დასკვნით არგუმენტებს მოუსმენს. მოსალოდნელია, რომ ამ საქმეს ქვეყნის უზენაესი სასამართლო განიხილავს.

გასულ აპრილს პიუს რელიგიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფორუმის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 54 პროცენტი ცალსქესა ქორწინების წინააღმდეგია, ხოლო 35 პროცენტი მას მხარს უჭერს.

ორმოცდაათი შტატიდან ოცდაათი შტატის კონსტიტუციაში ცალსქესა ქორწინების ამკრძალველი ცვლილებებია შეტანილი. ხუთ შტატში - კონექტიკუტში, აიოვაში, მასაჩუსეტსში, ნიუ ჰემპშირსა და ვერმონტში - ცალსქესა ქორწინება დაშვებულია. როგორც მოსალოდნელია, მალე ცალსქესა ქორწინება ქვეყნის დედაქალაქში ვაშინგტონშიც დაკანონდება.


გასულ ხუთშაბათს გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ უგანდაში ახლახან მიღებული ანტი-ჰომოსექსუალური კანონმდებლობა დაგმო. ხსენებული კანონმდებლობა ჰომოსექსუალური ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმიანობისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამ შენიშვნებით პრეზიდენტი ვაშინგტონში ეროვნული ლოცვის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზატორია ქრისტიანული ჯგუფი სახელწოდებით „ოჯახი.“ აქტივისტების თქმით უგანდელი პოლიტიკოსი დეივიდ ბაჰატი, რომელიც ანტი-ჰომოსექსუალური კანონმდებლობის ავტორია, ამ ჯგუფის წევრია.


XS
SM
MD
LG