ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთის თავჯდომარეობა ეუთოში


სამშაბათს, 2 თებერვალს შეერთებული შტატების ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) ეგიდით ჩატარდა მოსმენები თემაზე „ყაზახეთის თავჯდომარეობა ეუთოში,“ რომელშიც მონაწილეობა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ სუდაბაიევმა მიიღო.

კომისიის პრეს რელიზში ჰელსინკის კომისიის თავჯდომარემ, შეერთებული შტატების სენატორმა ბენჯამინ კარდინმა საუდაბაიევს მოუწოდა განაგრძოს ბრძოლა ანტი-სემიტიზმის, რასიზმისა და შეუწნარებლობის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ. მან აგრეთვე ხაგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეუთოს თავჯდომარეობა ჩაიბარა მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ ის „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში შედის, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც ყაზახეთს ისე შეერთებულ შტატებს და ყველა სხვას ვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ადარდებს.

თავისი გამოსვლის დასაწყისში ბატონმა საუდაბაიევმა, რომელიც ამჟამად ეუთოს თავჯდომარის მოვალეობებს ასრულებს, მადლობა გადაუხადა ჰელსინკის კომისიის თანათავჯდომარეს შეერთებული შტატების კონგრესმენს ალსი ჰასტინგსა და კომისიის თავჯდომარეს სენატორს ბენჯამინ კარდინს იმ თანადგომისთვის, რომელიც მათ ყაზახეთის მთავრობას წლების მანძილზე აღმოუჩინეს. საუდაბაიევმა აღნიშნა, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს მადრიდში მიღებული გადაწყვეტილება ეუთოს თავჯდომარეობის ყაზახეთისთვის მინიჭების შესახებ გარკვეული თვალსაზრისით სწორედ შეერთებული შტატების პოზიციით იყო განპირობებული. ეს, მისი თქმით, აგრეთვე ამერიკა-ყაზახეთის მრავალწლიანი პარტნიორობის ბუნებრივი შედეგიც იყო.

რაც შეეხება ყაზახეთის სტრატეგიასა და ამოცანებს ეუთოს თავჯდომარეობის მოვალეობის შესრულებისას, 14 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის დროს თავის ვიდეო მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა ყაზახეთი ეუთოს მთავარ პრინციპებსა და ფასეულობებს დაეყრდნობა. ამას გარდა ყაზახეთის ეუთოს თავჯდომარეობის მთავარი პრინციპი ყველა წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარება იქნება. საუდაბაიევის თქმით, ყაზახეთის არჩევა ქვეყანაში შთამბეჭდავი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევების საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს. ეს ყაზახეთის მიერ გლობალური და რეგიონალური უშიშროების სფეროში შეტანილი წვლილის სათანადო შეფასებაა. მისი თქმით:

„ეს აგრეთვე ეუთოს განახლების მანიშნებელია, რომელიც ვენიდან დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების დაახლოებას ითვალისწინებს. ჩვენ სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებასა და განმტკიცებას ვაპირებთ. შეძლებისდაგვარად თავჯდომარეობის ხანმოკლე დროის მანძილზე ჩვენ ცივი ომიდან სამწუხაროდ დღემდე შემორჩენილ უხილავ კედლებსა და დაბროკლებებს დავანგრევთ. ამ მხრივ კორფუში დაწყებული პროცესი ამის კარგ საწინდარს იძლევა და ჩვენ აუცილებლად გავააქტიურებთ საქმიანობას ამ მიმართულებით.“

ყაზახეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომლებიც ეგრედწოდებულ „მესამე კალათაშია“ მოთავსებული ანუ ადმიანურ განზომილებას ეხება. ამ კონტექსტში ყაზახეთი ეუთოს წამყვან მაღალჩინოსნებს - ეროვნული უმცირესობებისა და მედიის თავისუფლების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელებს - მხარდაჭერას აღუთქვამს. საუდაბაიევს მიაჩნია, რომ დისკუსიები ადამიანის უფლებების თემაზე კაცობრიობის უნივერსალურ კულტურულ და ცივილიზაციის სხვა ფასეულობებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც უპირველეს ყოვლისა მრავალფეროვნებას მოიცავს. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ახლებური მზადყოფნა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგაგების გაღრმავების მიმართ გარკვეული ოპტიმიზმის იმედს იძლევა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ყოველწიური კონფერენცია, რომელიც ვარშავაში ტარდება, ეუთოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს და ჩვენ, როგორც თავჯდომარე ქვეყანა, მის მომზადებას დიდ ყურადღებას დავუთმობთ.“

როგორც ცნობილია, ყაზახეთში ასორმოცი ეროვნებისა და ორმოცდაექვსი რელიგიური მიმდევრობის წარმომადგენელი ცხოვრობს. საუდაბაიევის თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ სხვადასხვა პროგნოზების მიუხედავად, მან ქვეყანაში ერთა შორის მშვიდობა შეინარჩუნა, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული განვითარების საძირკველს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით საუდაბაიევმა აღნიშნა:

„ჩვენ ამ სფეროში დაგროვილი დადებითი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დავიწყეთ. ამ მხრივ მე ვგულისხმობ ყაზახეთში ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების სამ ყრილობას. სწორედ ამიტომ თავჯდომარეობის დროს ჩვენ შემწყნარებლობისა და კულტურებს შორის დიალოგის საკითხებს ეუთოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გამოვაცხადებთ. ამ მიზნით მიმდინარე წლის 29-30 ივნისს დისკრიმინაციისა და შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ეუთოს მაღალი დონის კონფერენციას გავმართავთ.“


XS
SM
MD
LG