„ევროპის უსაფრთხოება შეერთებული შტატების საგარეო და უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება,“ განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. პარიზის სამხედრო აკადემიაში გამოსვლის დროს კლინტონმა აღნიშნა, რომ გლობალურ ასპარეზზე შეერთებული შტატების ამოცანების ლომის წილის შესრულება ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზეა დამოკიდებული, რაც უწინარეს ყოვლისა გარკვეული პრინციპების გამოყენებას დაეყრდნობა. ამ პრინციპებში ავღანეთისთვის სტაბილურობისა და უშიშროების საკითხებში დახმარების გამოყოფა შედის ისევე როგორც ირანის ბირთვული ამბიციების გამოწვევის თავიდან აცილება.
პირველი პრინციპი, რომელსაც ტრანსატალანტიკური პარტიორობა ეურდნობა, ეს არის ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ევროპაში გავლენის სფეროებს, რომლებშიც ერთი ქვეყანა მეორეს მომავლის კონტროლს ცდილობს. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას აირჩიოს ისეთ ალიანსებში გაწევრიანება, რომლებიც მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. „ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს და დარჩება კიდეც ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს და წევრობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს,“ განაცხადა კლინტონმა.
იმავდროულად შეერთებულ შტატებსა და ევროპას მეზობლებსა და პარტნიორებს შორის განხეთქილების წარმოქმნა არ სურთ. „ევროპის უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს,“ აღნიშნა კლინტონმა. შეერთებულ შტატებს რუსეთთან და სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობა სურს რათა ამით ჰელსინკის დასკვნითი აქტი და ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი კიდევ უფრო განმტკიცდეს. შეერთებული შტატები რუსეთთან კონსტრუქციული და არსებითი ურთიერთობის განვითარებას გააგრძელებს, რომელიც ორმხრივ ინტერესებს დაეყრდნობა.
შეერთებული შტატები ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლს მტკიცედ ემხრობა, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ერთ წევრზე ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. ამ ვალდებულების ნაწილია ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის საშიშროებისგან თავდაცვითი ზომების მიღება, რასაც შეერთებული შტატები ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან და რუსეთთან ერთად იხილავს. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „სერიოზულად უდგება რუსეთთან თანამშრომლობას რაკეტსაწინაღო თავდაცვითი ზომების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს, რუსეთის ჩათვლით.“
ამ მხრივ შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირებასთან დაკავშირებული ახალი ხელშეკრულების გაფორმებას მიუახლოვდნენ, რომელიც მათ არსენალს კიდევ უფრო შეამცირებს. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ადამიანებს ბირთვული თავდასხმის შიშისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება გააჩნიათ.
მაგრამ შეერთებული შტატებისა და ევროპის ალიანსი ორმხრივი უსაფრთხოების განმტკიცებით არ შემოიფარგლება. „ეს თანამშრომლობა გამიზნულია ჩვენი ფასეულობების დაცვისა და გავრცელებისკენ მსოფლიოში...შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ის ევროპასთან ამ თვალთახედვის შესასრულებლად ნაბიჯებს დგამს,“ განაცხადა სახელმწიდო მდივანმა კლინტონმა.