ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასას ბიუჯეტი შეკვეცეს


სინამდვილეში ნასას დაფინანსება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ექვსი მილიარდი დოლარით გაიზრდება. მაგრამ, როგორც ცნობილია მხოლოდ მთვარეზე ადამიანის ხელახლა გაგზავნის პროგრამას 81 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. ეს პროგრამა 2020 წელს ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნას ითვალისწინებს. პროგრამა ძალზე ძვირადღირებულად ითვლებოდა და არეს ერთის ტიპის კოსმოსური ხომალდის შექმნასაც ითვალისწინებდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩატარებული პრეს-ბრიფინგის დროს ნასას ადმინისტრატორმა და ყოფილმა ასტრონავტმა ჩარლზ ბოლდენმა განაცხადა, რომ ახალი ბიუჯეტი ადამიანის კოსმოსში გაშვების უფრო ამბიციურ გეგმას ისახავს. მისი თქმით, აქ სხვა ქვეყნებთან, კერძო სექტორთან და სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ურთიერთობაა გათვალისწინებული:

„ჩვენ აღმოჩენებისა და განვითარების ახალი გეზი უნდა დავისახოთ. ახალი კომერციული ინდუსტრიის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენ დედამიწის, მზის სისტემისა და სამყაროს შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად უნდა ვიღწვოდეთ". განაცხადა ბატონმა ბოლდენმა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ორბიტაზე ასტრონავტების გაყვანა კერძო სექტორის მონოპოლიად გადაიქცევა. კომერციული კოსმოსური ხომალდების ფედერაციის პრეზიდენტმა ბრაიტონ ალექსანდერმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორს ნასასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს:

„ინდუსტრია ნასასთან უკანასკნელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. ახლა მხოლოდ ხომალდების დამზადებისა და მათი შესაკეთებელი სამუშაოების კონტრაქტების დადების ხასიათი შეიცვლება. თანაც ამ სამუშაოებს მხოლოდ კერძო სექტორი არ გაუძღვება. ეს ნასას ხელმძღვანელობით მოხდება. მოთხოვნებსაც ნასა წამოაყენებს. ასევე რაკეტების და ასტრონავტების უსაფრთხოების შემოწმებასაც ნასა გაუძღვება". განაცხადა ბატონმა ალექსანდერმა.

ადმინისტრატორმა ბოლდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2010 წელს მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების უკანასკნელი ხუთი გაფრენა განხორციელდება:

"ჩვენ მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემებს, ასტრონავტების კბილების ჯანმრთელობას და რადიაციის ეფექტს უნდა მივხედოთ. აგრეთვე ხომალდების სისწრაფის გაზრდაც მნიშვნელოვანია. დამატებით ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე გამოკვლევების უზრუნველყოფასაც ითავებს". ამბობს ბოლდენი.

თუმცა კოსმოსური სააგენტოს ბიუჯეტის შეკვეცის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების ხმარების შეწყვეტის შედეგად, ფლორიდის კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში ოთხი ათას ექვსასიდან თხუთმეტ ათასამდე სამუშაო ადგილი გაუქმდება;

„ათას შვიდასი სამუშაო ადგილი ფლორიდაში შეიქმნება. ეს კი ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულზე ბევრად მცირე პროგრამის დამსახურებით მოხდება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალი სამუშაო ადგილები ფლორიდაში, კოლორადოში, ტეხასში და სხვაგანაც შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ მთვარეზე დასაბრუნებლად გათვლილი პროგრამა დამატებით სამუშაო ადგილებს ვერ ქმნიდა". ამბობს ბრაიტონ ალექსანდერი.

ახალი ბიუჯეტი ნასას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროგრამას, შარშან გაუჩინარებული ერთ-ერთი თანამგზავრის სანაცვლოდ ორბიტაზე ახლის გაშვებას და მძიმე კოსმოსური ხომალდის ასაფრენი პოლიგონის აგებას ითვალისწინებს. 2011 წლის ბიუჯეტი ნასასთვის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში ასი მილიარდი დოლარის გადაცემას გულისხმობს. თუმცა ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის ის დაეთანხმება თუ არა შეერთებული შტატების კონგრესი მთვარეზე დაბრუნების პროგრამის გაუქმებას. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.


XS
SM
MD
LG